32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ევროპული რეგიონის–,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის” (ETUCE) წევრი ორგანიზაციის ,,ბელარუსის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირის” (BTUWES) მოწვევით, სპმთპ-ის ახალგაზრდა ლიდერების ხუთკაციანმა დელეგაციამ, ქ. მინსკში, ,,ახალგაზრდა პროფკავშირელთა საერთაშორისო განათლების ფორუმში - TEMP 2018”-ში მიიღო მონაწილობა.

სპმთპ-ის ხუთკაციან დელეგაციას სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, უჩა ბაკურაძე ხელმძღვანელობდა. სპმთპ-ის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის პირველადი ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე მეგი საკანდელიძე, სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კესო ოსიშვილი და სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის აქტიური წევრები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ვარშანიძე და ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ინგლისური ენის პედაგოგი ირინე ცინცაძე.

საერთაშორისო ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ ჰოლანდიის, ლატვიის, კვიპროსის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ეგვიპტის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთისა და ვიეტნამის პროფესიული კავშირების ახალგაზრდობა.

სპმთპ-ის დელეგაციის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაციები სპმთპ-ის საქმიანობისა და პრიორიტეტების თაობაზე, იმსჯელეს ახალგაზრდა პროფლიდერების როლსა და მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა ორგანიზების და პროფკავშირის პოპულარიზაციის მიმართლებით. სპმთპ–ის ახალგაზრდებმა, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოს კულტურა, ისტორია და ტრადიციები. მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსიები, მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნების პროფესიული კავშირების მდგომარეობა, მათი მუშაობის სპეციფიკა, არსებული პრობლემები, გამოწვევები და წარმატების მაგალითები.

ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ საგანმანათლებლო ტრენინგებს მედიაციის, ლიდერული უნარების განვითარების, პრეზენტაციისა და ორატორული ხელოვნების თაობაზე.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა პროფკავშირელებმა მოინახულეს ბელარუსში არსებული საწარმოები: მეტალურგიული, საბურავებისა და რძის პროდუქტების ქარხნები, სადაც უამრავი ადამიანია დასაქმებული და სამუშაო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. უცხოეთის ახალგაზრდულ დელეგაციებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ აღნიშნულ საწარმოებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

დატვირთული სამუშაო და საგანმანათლებლო რეჟიმის მიუხედავად ბელარუსის მხარემ საშუალება მისცა ფორუმის მონაწილეებს გასცნობოდნენ ქვეყნის კულტურას, ფოლკლორსა და ტრადიციებს. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი და სხვა ქალაქები, მოინახულეს ღირშესანიშნაობები, მათ შორის მინსკის ახალი ბიბლიოთეკა, დაესწრნენ წარმოდგენას მინსკის ოპერის თეატრში, დამოუკიდებლობის სასახლეში დაათვალიერეს მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

სპმთპ-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა კადრების განვითარებას, დაგეგმოს და განახორციელოს ახალგაზრდული პროგრამები.

თანამედროვე პროფკავშირის ჩამოყალიბებისათვის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვს ახალგაზრდების მასიურ ჩართულობაზე პროფკავშირულ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, სპმთპ–ის საქმიანობის ერთ–ერთი მიმართულებაა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის ჩამოყალიბება და განვითარება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადებისათვის, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების –,,განათლების ინტერნაციონალისა“ და ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის“ წევრი, სპმთპ–ის პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.