thumb 36696359 1819454491445378 5733462434543304704 o 1024,,წევრების რაოდენობა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ძლიერი, ეფექტური პროფესიული კავშირი... საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ძალღონეს არ იშურებს ამაღლდეს მასწავლებლის ავტორიტეტი და მასწავლებლობა გახდეს პრესტიჟიული პროფესია მომავალი თაობისათვის ”- სიამაყით განაცხადა სპმთპ-ის ღვაწლმოსილმა ლიდერმა გულიკო ამილიძემ, სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-3 საანგარიშო-საარჩვენო კონფერენციის დამსწრე საზოგადოების წინაშე, რომელსაც ქალაქ თბილისის N: 152 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ცისკარიძე თავმჯდომარეობდა. მიმდინარე წლის 14 ივნისს, სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის N:3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ს.ს.ი.პ. 152-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის პირველადი ორგანიზაციებიდან არჩეული კონფერენციის 88 დელეგატი მონაწილეობდა. სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი; სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე; სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე; სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კიკნაძე; ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი; სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ხეტეშვილი; სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიული ჩოხელი; სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი ანასტასია ამისულაშვილი და სამგორის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების დირექტორები. სპმთპ-ის სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში გაერთიანებულია სამგორის რაიონის საჯარო სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების 1325 დასაქმებული. სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულიკო ამილიძე სამგორის რაიონის მრავალრიცხოვანი ორგანიზაციის წევრების სიხარულის, წარმატებებისა და პრობლემების თანაზიარია. ის ხშირად სტუმრობს წევრებს სამუშაო ადგილებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მართავს სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და ღონისძიებებს, უსმენს წევრების მოთხოვნებსა და შენიშვნებს. შესაბამისად, თითეული წევრი მოტივირებულია. ,,პროფკავშირული ორგანიზაციის ავტორიტეტი იწყება ორგანიზაციის ლიდერის ქმედებიდან... უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ,,რას გვიკეთებს პროფკავშირი“, მიდგომით, ,, ჩვენ, წევრები რას ვაკეთებთ პროფკავშირისა და სოლიდარობისათვის.“ კარგი იქნება თუ თითოეული წევრი ღრმად გაიაზრებს პროფკავშირის როლის და პრინციპების მნიშვნელობას თავის საქმიანობაში”-აღნიშნა სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა გულიკო ამილიძემ, 2014-2018 წლების საანგარიშო პერიოდის მოხსენების წარდგენისას. სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი გულიკო ამილიძე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, წევრთა მოთხოვნების გათვალისწინებით, მუდამ ზრუნავს საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულთა პროფესიულ ზრდაზე, პროფწევრთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა თვითშეფასების კითხვარის, თემატური გეგმების, შეფასების რუბრიკების, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის პრაქტიკული ტრენინიგები, საგნობრივი ტრენინგები, სამოდელო გაკვეთილების დაგეგმის, სასწავლო რესურსის შექმნისა და პროფესიული უნარების განმავითარებელი სემინარები. სემინარები განხორციელდა სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისათვის, შემდეგ თემებზე: ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სამართლებრივი საფუძვლები“; ,,სკოლამდელი აღზრდა და განათლება“; ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვა“; ,,ფსიქოლოგია და ინკლუზია“ და ,,სასკოლო მზაობა“. სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა ორდღიანი სემინარი სამგორის რაიონის საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორებისა და პროფაქტივისათვის. ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ ბაგა-ბაღების დირექტორებს, მეთოდისტებს და მუსიკის მასწავლებლებს, ასევე, სკოლებისა და ბაგა-ბაღების ბუღალტრებს. პედაგოგებზე ზრუნვასთან დაკავშირებით სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა იაკობ გოგებაშვილის ციტატა ,,მეტი მზრუნველობა მასწავლებლის კეთილდღეობას, მეტი დაფასება და დანდობა მათ- აი საუკეთესო წამალი ჩვენი სკოლების განკურნების, აღორძინებისა და აყვავების”. გულიკო ამილიძის მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული სპმთპ-ის საქმიანობა სახელმწიფო დონეზე, ორგანიზაციის პრეზიდენტის და ლიდერთა გუნდის ძალისხმევით მიღწეული შედეგები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს თავდაუზოგავი შრომისა და ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისათვის. ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში სამგორის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებმა დანიური კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს და სამგორის რაიონის სკოლის პედაგოგები ჩართულები არიან სპმთპ-ის და დანიის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირის ერთობლივ პროექტში: ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება” . სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულიკო ამილიძემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, სპმთპ-ის საქმიანობა ხორციელდება წევრთა პროფესიული განვითარების, სამართლებრივი, პროფესიული, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ჯერ კიდევ, წევრებისათვის პროფკავშირი ასოცირდება ექსკურსიებთან, საგზურებთან და სხვადასხვა ერთჯერად მატერიალურ დახმარებასთან. ქალბატონმა გულიკო ამილიძემ კონფერენციის დელეგატებს დეტალურად წარუდგინა, საანგარიშო პერიოდში, წევრებისათვის გაწეული მატერიალური დახმარების მონაცემები. გულიკო ამილიძემ პროფკავშირის ძირითად გამოწვევად დაასახელა პედაგოგთა საზოგადოების დაბალი სამოქალაქო ცნობიერება და სოლიდარობის დაბალი ხარისხი. ,,ყველამ ერთად ვიზრუნოთ წევრების გააქტიურებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული და სამართლებრივი ინტერესების დასაცავად... არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩემს ნაცვლად სხვა იტყვის. თუ ყველა ერთად დავდგებით, პრობლემები სწრაფად გადაიჭრება“- მოუწოდა დელეგატებს მომხსენებელმა. ქალბატონმა გულიკო ამილიძემ, სამგორის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით ჩატარებული საქველმოქმედო, შემეცნებითი ღონისძიებები ჩამოთვალა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სამგორის პირველადი ორგანიზაციები.  მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით;  პროფწევრთა შვილები, 500-მდე ბავშვი დაესწრო საახალწლო ზეიმს და გადაეცათ საახალწლო ნობათი;  4 წლის განმავლობაში ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება ქალთა და დედის დღე. სამგორის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლებს;  სპმთპ-ის წევრები, ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ საზაფხულო და ზამთრის დასვენების პროგრამით, შეღავათიანი ფასებით საგზურებით;  სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის საბავშვო ბაგა-ბაღების წევრებისთვის მოეწყო კორპორატიული ვახშამი;  წევრ სკოლებს გადაეცათ ექსკურსიების თანადაფინანსების თანხები;  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, თემაზე ,,სკოლამდელი განათლება და სოციალურად დაუცველი ბავშვები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბაგა-ბაღების დირექტორებმა და აღმზრდელებმა. საანგარიშო პერიოდში, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიებები:  2015 წელს ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ,,ჩვენც დავბერდებით”, სადაც მოწვეული იყვნენ სათნოების სახლის ,,კათარზისის“ ბენეფიციარები;  2016 წელს ჩატარდა აქცია-კონცერტი ,,ლეიკემია იკურნება”. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა და მათმა აღსაზრდელებმა. ბილეთებიდან შემოსული თანხა, 4500 ლარი გადანაწილდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ 30 ბავშვზე;  2017 წელს ჩატარდა აქცია - ,,სიკეთე გადამდებია”, რომლის ფარგლებში სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაეწიათ კვების პროდუქტებით დახმარება. მომხსენებელმა დიდი მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონის სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და წევრებს მხარდაჭერისათვის, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობისა და შეტანილი წვლილისათვის. ,,წევრების უმრავლესობა მადლიერია ჩვენი მუშაობის, ზოგი გამოთქვამს საყვედურს სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ ყველას ვუსმენთ და ვცდილობთ შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ. ნათქვამია, შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სათნოებას. სწორედ ამ სათნოებით და სიყვარულით ვმუშაობ და გემსახურებით”- დაასრულა მოხსენება სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გულიკო ამილიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა. მან გულიკო ამილიძის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და მისი საქმიანობა დადებითად შეაფასა. ეთერ მათურელმა სპმთპ-ის წევრებს მიულოცა ის ფაქტი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების 21 დარგობრივ პროფკავშირს შორის სპმთპ ერთადერთია, რომელმაც აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებასთან ხელი მოაწერა ,,დარგობრივ შეთანხმებას”. ეთერ მათურელმა ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებებზე და განაცხადა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ქალთა საკითხების ლობირება საერთაშორისო დონეზე. ქალბატონმა ეთერ მათურელმა აღნიშნა, რომ ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა, მათ შორის დასაქმების სეგმენტში, უფრო მეტად უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ქალებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მე-100 კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სამგორის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებს, 2014-2018 წლებში მიღწეული შედეგების, მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მაია კობახიძემ სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გულიკო ამილიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის. მან განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა სამგორის ლიდერის მაღალი პასუხისმგებლობა და მზრუნველობა, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თითეული წევრის მიმართ. სპმთპ-ის პრეზიდენტმა სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ ორგანიზებითა და ინიცირებით, უახლოეს პერიოდში, 2018 წლის 2 ივნისს, ჩატარებული ფესტივალის ,,ზღაპრული სამყაროს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ ტიპის ფესტივალი დედაქალაქში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ბაგა-ბაღების 5-6 წლიანმა აღსაზრდელებმა. ,,ფესტივალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბავშვთა კულტურული აღზრდისა საქმეში და ბაგა-ბაღების წარმომდგენელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით“- განაცხადა მაია კობახიძემ. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა N:152 საჯარო სკოლის დირექტორს თამარ გურაშვილს, უანგარო დახმარებისა და ხელშეწყობისათვის. კონფერენციის დელეგატებს მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა და გამოხატეს საკუთარი მიდგომები განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. დებატების ფორმატში დელეგატებმა იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე: სსიპ სამგორის რაიონის 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა მამარდაშვილმა ისაუბრა მასწავლებლების რიტუნულ, ბიუროკრატიულ საქმიანობაზე, რის გამოც პედაგოგებს ნაკლები დრო რჩებათ მოსწავლისა და საგაკვეთილო პროცესისათვის. გამომსვლელმა გულისტკივილით აღნიშნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პედაგოგთა წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე და მოითხოვა დაიგეგმოს ღონისძიებები მასწავლებლის საქმიანობის დაფასებისა და ავტორიტეტის ამაღლების მიზნით. ,,...როდესაც ქალბატონი მაია კობახიძე საუბრობდა, გამახსენდა 2012-2013 წლები, ის პერიოდი, როდესაც პროფკავშირმა თავიდან დაიწყო დანგრეული ორგანიზაციის აღდგენა. მიზეზი იმის, თუ რატომ დავდექი მათ გვერდით, იყო ერთადერთი - შთამაგონეს საბრძოლო სულისკვეთება.... სწორედ ამ ძლიერმა გუნდმა მომცა მუხტი, რომ ჩვენი პირობების გაუმჯობესებისათვის, მასწავლებლებმა უნდა შევქმნათ ძლიერი პროფესიული კავშირი, მხოლოდ პროფკავშირის ძლიერი ლიდერების მხარდაჭერით არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ძლიერი უფლებადამცველი ორგანიზაცია... პროფკავშირის წევრობა გვაძლევს ჩვენი უფლებების დაცვის გარანტიებს და მასწავლებლებმა, ჩვენი აქტიურობით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პროფესიული კავშირი”- განაცხადა დასასრულს 124-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა მამარდაშვილმა. სამგორის რაიონული ორგანიზაციის 169-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა მანანა თურმანიძემ მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გულიკო ამილიძეს, სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა მხარდაჭერისათვის. მან ისაუბრა საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე და დაბალ შრომის ანაზღაურებაზე. სამგორის რაიონის N: 94 საჯარო სკოლის პედაგოგმა ეთერ სააკაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ის სკოლის პირველადმა ორგანიზაციამ აირჩია კონფერენციის დელეგატად. მან სინანულით განაცხადა, რომ მასწავლებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა. სამგორის რაიონის N: 115 ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელმა თინა ბუცხრიკიძემ მუსიკის მასწავლებლის დატვირთვასა და შეუსაბამო შრომის ანაზღურებაზე გაამახვილა ყურადღება. ,,საბავშვო ბაგა ბაღებში ყველა ღონისძიება მუსიკის მასწავლებლების დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, მაშინ როდესაც მუსიკის პედაგოგის ანაზღურება სულ რაღაც 180 ლარს არ აღემატება... ”- აღნიშნა ქალბატონმა თინა ბუცხრიკიძემ. N: 181 ბაგა-ბაღის დირექტორმა მანანა მოდებაძემ ისაუბრა სპმთპ-ის საქმიანობის მნიშნვლეობაზე, ბაგა-ბაღების დირექტორების საპასუხისმგებლო დატვირთვაზე და დაბალ შრომის ანაზღაურებაზე. N:196 ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ ია ობგაიძემ მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის მიმართ, მრავალშვილიანი დედებისა და მათი შვილებისათვის ორგანიზებული 1 ივნისის ღონისძიების თაობაზე. N:152 საჯარო სკოლის პედაგოგმა დალი ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა გულიკო ამილიძეს სითბოსა და ყურადღებისათვის. მან აღნიშნა, რომ ქალბატონ გულიკოს უყურადღებოდ არ დარჩენია რაიონის დასაქმებულთა პრობლემები და ღირშესანიშნავი თარიღები. N: 168 საჯარო სკოლის პედაგოგმა ზაქრო მახათაძემ მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის უანგარო შრომის მიმართ. ,,მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი, ხშირად ამბობს რას გვიკეთებს პროფკავშირი. პირადად მე, ეს შეკითხვა ქათინაურად მიმაჩნია, ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში, პრობლემები არც კი მოდის პედაგოგის ყურამდე, ისე გვარდება პროფკავშირის მიერ, რაც უდიდესი შრომის შედეგია და გვეიმედება ჩვენი ორგანიზაცია ”.- აღნიშნა გამომსვლელმა ზაქრო მახათაძემ. კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა და შემდგომი ოთხწლიანი მოღვაწეობის გაგრძელების მიზნით, გულიკო ამილიძეს ნდობა გამოუცხადეს. დამტკიცდა სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობა და არჩეულ იქნა სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. კონფერნეციის დასასრულს სპმთპ-ის პრეზიდენტმა და სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს პროფკავშირის აქტიური წევრები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და სოციალური პარტნიორები.