2014 წლიდან სპმთპ-ის გორის სტრუქტურულ ერთეულს სათავეში ჩაუდგა მოსწავლეებსა და პროფესიაზე შეყვარებული სსიპ ქალაქ გორის N:7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული მასწავლებელი ნათია გაბროშვილი. „ძვირფასო დელეგატებო, მჯერა, რომ მხოლოდ თქვენი თანადგომით შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას... ერთად ვიბრძოლებთ, რათა უკეთ დავიცვათ წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებლივი უფლებები... დავეხმაროთ წევრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და შრომის პირობების გაუმჯობესებაში“-ასე მიმართა ნათია გაბროშვილმა სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის N:3 საანგარიშო - საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს. მიუხედავად გორის რაიონში არაერთი ხელოვნური, თუ ბიუროკრატიული ბარიერისა, ნათია გაბროშვილმა, როგორც პრინციპულმა ლიდერმა, ავტორიტეტი მოიპოვა გორის მუნიცპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა შორის. 2018 წლის 9 ივნისს სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაცია N:3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე 890 წევრით წარსდგა, რომელსაც პირველადი ორგანიზაციის მიერ არჩეული 80 დელეგატი ესწრებოდა. კონფერენციას თავმჯდომარეობდა გორის მუნიციალიტეტის N:7 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ნონიკაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა მარი ალუღიშვილმა და ნათია კორძაძემ. საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ლანა კოვზიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერები. „გორის რაიონული ორგანიზაციისთვის საანგარიშო პერიოდი შეიძლება ითქვას, გამოცდა იყო. 2013 წელს, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გვეგონა წარსულს ჩაბარდა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლზე, მასწავლებელთა უკანონო გათავისუფლების მავნე პრაქტიკა. თუმცა, 2014 წლის სექტემბერში ს. ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა უგულებელყო შრომის კოდექსის მოთხოვნები და ორი მასწავლებელი, დედა-შვილი, მერიკო კაკაშვილი და თეა ნონიკაშვილი ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან. სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა უჩა ბაკურაძემ კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურეობა გაუწია გათავისუფლებულ პედაგოგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებით შევძელით ორივე პედაგოგის სამსახურში აღდგენა. სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცენდენტული იყო. ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს მასწავლებლებთან ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება და მისი ვადის ამოწურვის საფუძვლით გათავისუფლებები“. - განაცხადა სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 2014-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. სპმთპ–ის გორის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებისა და წევრთა მოზიდვის მიზნით, ნათია გაბროშვილი ინტენსიურად მართავდა საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა - ბაღებში დასაქმებულებთან, პროფკავშირის როლისა და მნიშვნელობის პროპაგანდისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ,,შედეგად, საბავშვო ბაგა–ბაღებში 433–მა დასაქმებულმა დაწერა ინდივიდუალური განცხადება პროფკავშირში გაწევრიანებისათვის და შეიქმნა 18 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა კოლექტიური შეთანხმების გაფორმება, პროფკავშირსა და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის. თუმცა, მრავალგზის მოთხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო. რომ არა, ჩვენი პრეზიდენტისა და იურიდიული დეპარტამენტის აქტიური და დროული ჩარევა, უხეშად შეილახებოდა დასაქმებულთა კონსტიტუციური უფლება, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების თაობაზე. დღეს, გორის რაიონულ ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებმაც პრინციპულობა გამოიჩინეს და არ შეშინდნენ, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირეს ნდობა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ“ – აღნიშნა ნათია გაბროშვილმა და მადლობა გადაუხადა წევრებს. ნათია გაბროშვილმა გაიხსენა, განვლილ პერიოდში, წევრთა მოზიდვის მიმართულებით მიმდინარე ანტიპროფკავშირული პროპაგანდის, პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევისა და ხელოვნური ბარიერების მაგალითები; პროფკავშირის ღირებულებების, თითოეული წევრის პირადი განცხადების დაცვისა და მედიაციის მექანიზმები. გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა პროფკავშირის საქმიანობაში წევრების ჩართულობისა და მოტივაციის მაღალი ხარისხი. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიზნით, სპმთპ მუდამ დგამს ქმედით ნაბიჯებს”- განაცხადა მომხსენებელმა და გორის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ ყურადღებისა და ქმედითი დახმარებისათვის, მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს. საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაცის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა. სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობით, გორის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა, პროფესიული წინსვლისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გაიარეს სხვადასხვა საგანში საგამოცდოდ მოსამზადებელი და თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებული, ანალიტიკური წერისა და სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვის ტრენინგები. არ შედგა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სატრენინგო ჯგუფი და იმ პედაგოგებმა, რომლებმაც გადამზადების სურვილი გამოთქვეს, ტრენინგი გაიარეს თბილისში, ტრანსპორტირებისა და ტრენინგის ხარჯები გაიღო გორის ორგანიზაციამ. 2017 წელს, სპმთპ–ის ცენტრმა განახორციელა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ საგრანტო პროექტი, ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიანი სკოლების პედაგოგებმა. პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მცირეკონტიგენტიან სკოლებში დასაქმებულ, ტრენინგის მსმენელ პედაგოგებს მიენიჭათ კრედიტქულები. საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ წევრთათვის ჩატარდა ტრენინგები ,,სასკოლო მზაობის“, ,,ბავშვთა განვითარების ფსიქოლოგია და ინკლუზიის“, ,,ჰიგიენური სწავლების“ მოდულებში. ასევე, ტრენინგები განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისა და საქმისმწარმოებლებისათვის. ,,დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირის“ მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტის – ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე ოთხდღიან ტრენინგ–სემინარებში მონაწილეობა მიიღო გორის საჯარო სკოლის, მაღალი საფეხურის ორმა მასწავლებელმა, რომელთაც დანიელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს. საანგარიშო ოთხწლიან პერიოდში, გორის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული პროფკავშირის ყველა ღონისძიებასა და აქტივობაში. პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის მიერ ორგანიზებულ, საგნობრივი ჯგუფების პედაგოგთა კონფერენციებში. სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნათია გაბროშვილის ხელმძღვნელობით, ტრადიციად და ვალდებულებად გადაიქცა პირველი მაისის ,,შრომის საერთაშორისო დღის“ აღნიშვნა და გორის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ფართო წარმომადგენლობით მიიღეს მონაწილეობა აქციებში. გორის პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულები, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ, სოლიდარობის და უსაფრთხო შრომის პირობების მოთხოვნით, დედაქალაქში გამართულ აქციებში. ,,იმისათვის, რომ დასაქმებულების ინტერესები უფრო ეფექტურად იყოს დაცული, ფხიზლად ვართ ყველა საკითხთან მიმართებაში” - დაასრულა ანგარიში, გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნათია გაბროშვილმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ს. ფხვენისის, ს. ზემო ხვითის საჯარო სკოლების დირექტორებს და N6, N9, N10, N20 საბავშვო ბაგა–ბაღების მენეჯერებს, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის გამოსვლამ. მან ორგანიზაციის მიერ ოთხწლიანი საქმიანობის შედეგების, მიღწევების და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე, მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლებისათვის, სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდის მექანიზმებზე. მაია კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს შიში მოიხსნეს დასაქმებულებმა, შექმნილია გამართული საკანონმდებლო ბაზა, მიმდინარეობს კონსტრუქციული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს თვისობრივად ახალი, დასავლური სტანდარტების მქონე პროფკავშირი. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ კონფერენციის დელეგატებს განუმარტა ბაღებში მიმდინარე რეფორმის სამართლებრივი ნიუანსები. მან აღინიშნა, რომ სპმთპ აქტიურად არის ჩართული სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმაში. სპმთპ–ის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ვალდებულებების შესრულებას, რათა დაცული იყოს სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა ინტერესები. გორის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ლანა კოვზიაშვილმა. მან სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა. ქალბატონმა ნანა კოვზიაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიმდინარეობს რეორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბავშვო ბაღში მუშაობენ ფსიქოლოგები, მათი და მეთოდისტების კვალიფიკაცია უნდა გადაიხედოს. დაგეგმილია შეიქმნას ფსიქოლოგთა საკოორდინაციო სამსახური, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ დაწესებულებას მოემსახურება. აღნიშნულმა განცხადებამ დამსწრე საზოგადოების წევრებს შორის ვნებათაღელვა გამოიწვია და გაიმართა ცხარე პოლემიკა. სპმთპ–ის პრეზიდენტმა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დარღვევებზე ისაუბრა. მან მკაცრად და პრინციპულად აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები, მაგალითად მოიყვანა ის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის თანახმად, გორის საბავშვო ბაგა–ბაღების დასაქმებულებს, ადმინისტრაციოული რესურსის გამოყენებით, ერთ დღეს მოაწირინეს ხელი ,,მოსალოდნელი გათავისუფლების“ გამაფრთხილებელ განცხადებაზე. სპმთპ–ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნათია გაბროშვილმა კონფერენციის დელეგატებს მომდევნო ოთხწლიანი საქმიანობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნათია გაბროშვილის არჩევას. ასევე, განსაზღვრეს რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობა. დელეგატები მიესალმნენ, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნათია გაბროშვილის წინადადებას, სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გორის დელეგატებს შორის სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარინა ალუღიშვილის კანდიდატურის არჩევის ინიციატივას და სპმთპ–ის IX საანგრიშო–საარჩევნო ყრილობის 4 დელეგატი აირჩიეს. კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნათია გაბროშვილმა, სპმთპ-ის პარტნიორებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს, ,,დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობის” ნიშნად, მადლობის სიგელები გადაცეს.