ვცდილობ თამამად ავუწყო ნაბიჯი დროს და ახალ მოთხოვნებს... შევინარჩუნო საგნებისა და მოვლენების ნოვატორული ხედვა! ამისათვის, მინდა ვიცოდე რას მოელით პროფკავშირისგან წევრები! მთავარია, ჩემში დაინახოთ პასუხისმგებლობით სავსე და ყურადღებიანი ლიდერი, მენდობოდეთ და გჯეროდეთ ჩემი“–მიმართა ლელა ქურიძემ, სპმთპ-ის ლანჩხუთის N: 8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის მონაწილეებს, ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარე წლის 7 ივნისს გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ლანჩხუთის N: 3 საჯარო სკოლის პედაგოგი, სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის ლანჩხუთის წარმომადგენელი ლელა გობრონიძე. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია 783 წევრს აერთიანებს, მათ შორის 215 საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომელია, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები ფუნქციონირებს 24 საჯარო სკოლასა და 21 საბავშვო ბაღში. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდნენ პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეული დელეგატები და მოწვეული სტუმრები: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე; სპმთპ-ის ვიცე - პრეზიდენტი ნათია კორძაძე; ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოადგილე ცირა მსხილაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ნატა კობალავა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ძიძიგური, საჯარო სკოლების დირექტორები და ბაგა-ბაღების მენეჯერები. სპმთპ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა ქურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპმთპ-ის გადაწყვეტილებამ, წევრთა ინტერესების დაცვის მიზნით, ხელისუფლებასთან აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი, გაამართლა. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპმთპ-ის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი დოკუმენტი - დარგობრივი შეთანხმება; სპმთპ-ის ინიციატივებისა და მოთხოვნების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელდა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა პედაგოგთა შრომითი და სამართლებრივი პირობები; სპმთპ-ის პრეზიდენტის წარმატებული საქმიანობა და სტრატეგია, სპმთპ-ის სტრუქტურულ ერთეულებს უმაღლებს მოტივაციას და აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ღონისძიებები ადგილობრივ დონეზე, რათა დაცული იყოს წევრთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებები. ,,ორგანიზაციის სიძლიერე წევრთა მრავალრიცხოვნობაში, ერთობასა და სოლიდარობაშია. რაც უფრო ბევრი და ერთსულოვანი ვიქნებით, მით მეტად გაძლიერდება ჩვენი ორგანიზაცია და უკეთეს შედეგებს მივიღებთ დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით...” - მოუწოდა დელეგატებს მომხსენებელმა. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დეტალურად აღწერა, 2014 წლიდან 2018 წლამდე, მისი ხელმძღვანელობით, წევრებისათვის ჩატარებული მარავალფეროვანი ღონისძიებები და მათი მნიშვნელობა. მან აღნიშნა, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ლანჩხუთის რაიონში. სპმთპ-ის მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტების სემინარებს, ლანჩხუთის პროფწევრთა 80 %-ზე მეტი დაესწრო. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის N:1, N:2, N:3 საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების მხარდაჭერისათვის. ,,პროფესიული პრაქტიკისა და გამოცდილებების კოლეგებისათვის გაზიარების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა ,,საგნობრივი და კლასის დამრიგებლების ასოციაციების” შექმნას, რამაც უფრო დააახლოვა პედაგოგები და იგეგმება კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის მასშტაბით“-განაცხადა მომხსენებელმა. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურების არასახარბიელო მდგომარებაზე ისაუბრა და პედაგოგთა საბაზო ხელფასების ზრდასთან ერთად, ტექნიკური პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯებესება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დაასახელა. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მადლიერება გამოხატა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაიონული საგანამანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მიმდინარე ეფექტური სოციალური დიალოგისათვის. ,,ჩვენს მუნიციპალიტეტში ადგილი არ ჰქონია დასაქმებულთა უკანონო გათავისუფლებებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თანამშრომლობს პროფკავშირთან, სკოლამდელი დაწესებულებების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისათვის და იგეგმება საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა“-განაცხადა ლელა ქურიძემ და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბესო ტაბიძეს და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელს ნინო ძიძიგურს. ლელა ქურიძემ ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებზე: ,,შევხვდით სამამულო ომის ვეტერანებს, რომლებიც დავაჯილდოვეთ ფასიანი საჩუქრებით. დავამკვიდრეთ პენსიონერ პედაგოგებთან შეხვედრები. მათი ღვაწლის დაფასებისათვის, სადღესასწაულო დღეებში, მოულედნელი სტუმრობით გავახარეთ და გადავეცით სამახსოვრო სუვენირები. ლანჩუთის რაიონში სისტემატიურად ვატარებთ სკოლის პედაგოგთა კონკურსს ,, რა? სად? როდის?”, რომლის გამარჯვებულები საჩუქრებით დავაჯილდოვეთ. პროფკავშირის თანადგომით, ს. ჩიბათის საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება „ეთნო რძლები“, რომლის სულისჩამდგმელი იყო 2017 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ს. ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა“. ლანჩუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა, რომ 2017 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლანჩხუთის მასწავლებელია და სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლადო აფხაზავას პატივსაცემად, პროფკავშირმა მოაწყო ლანჩხუთის პედაგოგთა შეხვედრა ლადო აფხაზავასთან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, სპმთპ-ის წევრ პედაგოგებთან ერთად, ლადო აფხაზავასადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კიკნაძე და რესურცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე. ლელა ქურიძის ანგარიშის შემდეგ, სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს მიმართეს საპატიო სტუმრებმა. მათ დიდი პატივისცემა გამოხატეს პედაგოგების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა და სპმთპ-ის საქმიანობის მიმართ. დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია სპმთპ-ის პრეზიდენტის პრეზენტაციამ, რაც ასახავს 2014-2018 წლებში სპმთპ-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიღწევებს, შედეგებს, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებს. მაია კობახიძემ, სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებული შედეგების ყველა ნიუანსი განმარტა. მან, ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსს, რაც ხმარდება თითოეული ინიციატივის, კანონქვემდებარე აქტის პროექტის მომზადებას, წევრთა სამართლებრივ დაცვას. დელეგატებმა განსაკუთრებულად მოიწონეს სპმთპ-ის საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულთა საბაზო ხელფასის ზრდის სქემა. კონფერენციის დელეგატებს მიეცათ შესაძლებლობა, სპმთპ-ის პრეზიდენტისგან, მიეღოთ სრულყოფილი პასუხები, სისტემაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე: პროფესიული ზრდის ვალდებულებებისა და ბიუროკრატიული სისტემების დახვეწაზე, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისათვის მასწავლებლების სტატუსის მინიჭების პერსპექტივებზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე. სპმთპ-ის საქმიანობის შეფასებისას, დისკუსიაში მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ უნდა შეიცვალოს ზოგიერთი პედაგოგის ნიჰილისტური დამოკიდებულება პროფკავშირის საქმიანობის მიმართ, თითოეულმა წევრმა უნდა გააანალიზოს სპმთპ-ის შრომის შედეგები და გაწიოს პროფკავშირის საქმიანობის პოპულარიზაცია, რათა ერთიანი ძალისხმევით გაიზარდოს პროფკავშირის წევრთა რაოდენობა. დელეგატები აღნიშნავდნენ, რომ კონფერენციები და პედაგოგებთან ინტენსიური შეხვედრები უზრუნველყოფს წევრების ინფორმირებულობასა და ჩართულობას. პროფკავშირული ორგანიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ შემოქმედებითი ღონისძიებებით და პროფკავშიური საქმიანობის გაძლიერებისათვის, აუცილებელია დასაქმებულთა მენტალური ცვლილებები. კონფერენციის დელეგატებმა კმაყოფილება გამოხატეს სპმთპ-ის საქმიანობის შესახებ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და დადებითად შეაფასეს ლანხუთის რაიონული ორგანიზაციის ოთხწლიანი მუშაობა. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატები გაეცნენ თავმჯდომარეობის კანდიდატის ოთხწლიან სტრატეგიულ გეგმას და ერთხმად დაუჭირეს მხარი ლელა ქურიძის თავმჯომარედ არჩევას. ღია კენჭისყრით დაამტკიცეს სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობა და აირჩიეს 5 დელეგატი, სპმთპ-ის IX საანგარიშო - საარჩევნო ყრილობისთვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა ქურიძემ მადლობის სიგელები გადასცეს დამსახურებულ პროწევრებს, ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, ხოლო საგანმანთლებლო სექტორის დამსაქმებლებს და სოციალურ პარტნიორებს -,,დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“.