32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,ჩვენი ორგანიზაციის მთავარი საზრუნავი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული უფლებების დაცვაა. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ცოცხალი ორგანიზმია. მისი მთავარი მონაპოვარია დემოკრატიულობა, გამჭვირვალობა, წარმომადგენლობითობა, ნებაყოფლობითობა და ნდობის მაღალი ხარისხი“-ამ სიტყვებით გახსნა, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია, რუსთავის ლიდერმა, ქალბატონმა ლეილა გორგაძემ. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაცია 41 საგანმანათლებლო დაწესებულების პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებს და 1130 დასაქმებულს აერთიანებს. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას 110 დელეგატი ესწრებოდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა, საჯარო სკოლების დირექტორებმა და ბაგა-ბაღების ფილიალების მენეჯერებმა. კონფერენციას თავმჯდომარეობდა ქ. რუსთავის N:18 სკოლის პედაგოგი ნანა ბურდული. ,,ფენიქსივით ფერფლისგან აღადგინო ასჯერ დანგრეული ორგანიზაცია, ატარო 41 ათასამდე პედაგოგის ნდობის მანდატი-ეს მხოლოდ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ, მებრძოლი სულის, პატიოსან ადამიანს შეუძლია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, იმ დიდი და დაუღალავი შრომისათვის, რასაც ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისა და განმტკიცებისათვის აკეთებს’’- განაცხადა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა ლეილა გორგაძემ. უკანასკნელ წლებში, ქ. რუსთავში განვითარდა და დასავლურ სტანდარტებს მიუახლოვდა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიმდინარე სოციალური დიალოგი. ქ. რუსთავის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, ეფექტური სოციალური პარტნიორობის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას ფართო წარმომადგენლობით, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელი პირები - რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, ქ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, რუსთავის მერიის ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების კოორდინაციის განყოფილების უფროსი ნინო ქვირაია და რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი. ,,თქვენი მობრძანება მაძლევს უფლებას თამამად განვაცხადო, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა უსმენს თავის მასწავლებლებს. პროფესიული კავშირის გაძლიერების საქმეში დიდი როლი ენიჭება დემოკრატიული მართვის პრინციპების სრულყოფას, რომლის მამოძრავებელ ძალას სოციალურ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ამ ბოლო პერიოდში, არ ჰქონია ქალაქის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის პრობლემა, დღეს, თანამშრომლობა ეფექტურობის პიკს აღწევს. როდესაც ქალაქის მერი პროფკავშირთან ერთად ეძებს პრობლემების გადაჭრის გზებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქალაქის მერი კი არ მსახურობს, არამედ ემსახურება ხალხს’’-განაცხადა ქალბატონმა ლეილა გორგაძემ. ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ წევრთა მოზიდვა-დამაგრებასა და ამ მიზნით მრავაფეროვანი ღონისძიებების განხორციელებაზე ისაუბრა, რაც პროფკავშირული ორგანიზაციის განვითარებისათვის გარდაუვალია. მომხსენებელმა აქცენტები გააკეთა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ორგანიზაციის რაიოდენობრივი ზრდის ხელისშემშლელ ძირითად გარემოებად დაბალი სამოქალაქო ცნობიერება დაასახელა. ,,დირექტორის ხათრით, ან/და შიშით და დაკვეთით პროფავშირულ ორგანიზაციაში შესვლა-გამოსვლა ჩვენთვის მიუღებელი პრაქტიკაა. არავისთვის მოუტანია სიკეთე კარჩაკეტილობას და დიქტატურას, ვერც ჩვენ მოგვიტანს!” - დასძინა ლეილა გორგაძემ. საანგარიშო მოხსენებაში ხაზგასმული იყო პროფესიული კავშირის გაძლიერების საქმეში დემოკრატიული მართვის პრინციპების როლი და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტური გზების მოძიება. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ სპმთპ-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მიმდინარე კონსტრუქციული თანამშრომლობის იმ შედეგებზე ისაუბრა, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა მასწავლებელთა შრომითი და სამართლებრივი პირობები. ,, მინდა მადლიერებით აღვნიშნო სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის უჩა ბაკურაძის პროფესიონალიზმი და მუდმივი მზადყოფნა წევრთა დახმარებისათვის. მისთვის არ არსებობს არც გზის სიშორე, არც საკითხის აქტუალობა და არც დრო. სხვადასხვა პრობლემების დარეგულირების პარალელურად, ჩვენი მუდმივი საზრუნავი არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლისათვის ზრუნვა. საქართველოში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რეფორმის პროცესი, განუწყვეტლივ იდგმება ახალი ნაბიჯები. დასამალი არ არის, რომ ვერცერთმა რეფორმამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, დასახვეწია სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამები, სტანდარტები, სახელმძღვანელოები, რაც ძირითადი ამოსავალი წერტილია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. სასურველია მასწავლებლები გავათავისუფლოთ ბიუროკრატიული ქაღალდომანიისაგან, რათა უფრო მეტი დრო დარჩეთ მოსწავლეებისა და გაკვეთილისათვის. არ მინდა იფიქროთ, რომ რეფორმის აუცილებლობაში გვეპარება ეჭვი. ფაქტია, რომ 21 საუკუნეში ვერ ვიცხოვრებთ 19 საუკუნის მოთხოვნებით. თუმცა, დაუსრულებელ ექსპერიმენტში არ უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა. ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ რეფორმის ტემპს და დავეხმაროთ მასწავლებლებს გადალახონ სიძნელეები. რეფორმამ დღის წესრიგში დააყენა მასწავლებელთა ძირეული გადამზადების აუცილებლობა. სერთიფიცირება მოითხოვს მასწავლებლის მუდმივ მზაობას. პროფკავშირულ ორგანიზაციაში, წევრების მხრიდან, ყველაზე დიდი დაკვეთა ამ მიმართულებით მოდის. სწორედ ამან განაპირობა ,,საგანმანათლებლო დაწესებულებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ შექმნის აუცილებლობა, სადაც მუშაობს პროფესიონალი ექსპერტი და კვალიფიციურ ტრენერთა გუნდი. სულ მოკლე დროში ცენტრმა დიდი ნდობა მოიპოვა და თითეული ჩატარებული ტრენინგი მასწავლებელთა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რადგან ტრენინგის მომზადებისა და ჩატარებისას გათვალისწინებულია წევრთა მოთხოვნები და საჭიროებები. საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარებულია 54 ტრენინგი და გადამზადებულია 772 წევრი“-აღნიშნა ანგარიშის გაცნობისას ლეილა გორგაძემ. ,,სოციალურ პარტნიორებთან-ქ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, სკოლის დირექტორებთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსთან თანამშრომლობა ნათლად გამოხატავს მათ მოქალაქეობრივ პოზიციას და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მზაობას“- მადლიერებით განაცხადა ქალბატონმა ლეილამ. მომხსენებელმა ცაკლე გამოყო სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთათვის განხორციელებული საქმიანობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის შემუშავებული სპეციალური ტრენინგ-მოდულებით გადამზადების შედეგები. ,,სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. მყარი, ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება არის საფუძველი იმისა, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღი, ლაღი და მოტივირებული. ჩვენი ყურადღებაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უფრო მეტად სკოლამდელებისაკენ იქნა მიმართული. რადიკალურად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება სკოლამდელი განათლების მიმართ, რასაც ადასტურებს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება. ვინაიდან რეფორმის ტემპი დაბალია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სხვა მრავალი დაბრკოლების გადასალახავად აუცილებელი გახდა ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გაუმჯობესებულია განათლების კომპონენტი, დაინერგა სწავლების ახალი მეთოდები, ბაღებში შევიდა ახალი მეთოდური სახელმძღვანელოები ,,ნაბიჯ-ნაბიჯ“ და ,,სასკოლო მზაობის“ პროგრამა, რაც დასაქმებულთა სერიოზულ გადამზადებას მოითხოვს. ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები ბაღის გამგეებისათვის, თემაზე ,,ბაღის მართვა და ფსიქოლოგია“, სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ მუსიკის მასწავლებლებს და ყველა მათგანს საჩუქრად გადავეცით სიმღერების კრებული, ხოლო აღმზრდელებს-მეთუდური სახელმძღვანელოები. სასკოლო მზაობის პროგრამის დასანერგად, აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგები ,,სწავლების თანამედროვე მეთოდები და ხერხები“, სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისათვის კი - ,,ინკლუზიური სწავლება სკოლამდელ განათლებაში“-აღნიშნა ლეილა გორგაძემ. მან ასევე, ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობაზე და კრიტიკულად შეეხო დასაქმებულთა შრომით პირობებს, რაც შესაბამისი კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამასთანავე, მასწავლებლისათვის განსხვავებული პენსიის დანიშვნის აუცილებლობას შეეხო. რუსთავის ლიდერმა, მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და პროექტები ჩამოთვალა. საუბრის დასასრულს რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე კვლავ გააკეთა აქცენტები და დანიური გაზეთის ,,გლობალის“ პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორის მორტენ ჯასტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან ინტერვიუ გაიხსენა: ,,მინდა ჩემი გამოსვლა დავასრულო განათლების მინისტრის მოადგილის პასუხით დანიური გაზეთის მთავარი რედაქტორის მორტენ ჯასტის შეკითხვაზე -,,რას გააკეთებდით სპმთპ-ს პრეზიდენტი რომ იყოთ? ქალბატონი ლია გიგაურის პასუხი საუკეთესო შეფასებაა ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკის-,,ქალბატონი მაია კობახიძე არის ლიდერი, რომელმაც იცის სად და რა დროს უნდა გამოხატოს პროტესტი, სად და როდის ითანამშრომლოს. ეს ორგანიზაცია იღწვის პედაგოგების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ხელისუფლების ყველა დონეზე და შედეგად, გადაწყვეტილებები მასწავლებელთა სასარგებლოდ დგება“. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლეილა გორგაძემ მოუწოდა კონფერენციის დელეგატებს გულახდილად გამოეხატათ პირადი შეხედულებები, რათა უკეთესად დაიგეგმოს პროფკავშირის შემდგომი საქმიანობა. კონფერენციის დელეგატებს მიესალმენენ საპატიო სტუმრები. ,,მომწონს ჯანსაღი კრიტიკა და პრობლემებს რეალისტურად უნდა მივუდგეთ. პროფკავშირთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ თქვენ შეგიძლიათ პრობლემების იდენტიფიცირება და სპმთპ-თან თანამშრომლობა პრიორიტეტულია სახელმწიფო დონეზე, შესაბამისად რუსთავშიც. პრობლემების გადაჭრის პროცესში პედაგოგთა ჩართულობა ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის არის გამიზნული, რასაც საქმით დავადასტურებთ!”- განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუმ. მან აღნიშნა, რომ რუსთავში ბავშვთა კონტინგენტი მზარდია და საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს დიდი ოჯახი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ დიდ ოჯახთან თანამშრომლობა მეტ სტიმულს აძლევს დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე, ამისათვის კი-,,პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ხალხს და ქალაქს, უნდა მოვუსმინოთ მოქალაქეებს” - დასძინა მან. ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესრუსცენტრის უფროსმა თამარ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ რესურსცენტრის პოზიციიდან უფრო მეტად გაეცნო სპმთპ-ს საქმიანობას. პედაგოგთა მიმართ არაობიექტურ კრიტიკასთან დაკავშირებით ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ ისურვებდა კრიტიკოსები თუნდაც ერთი წლით შევიდნენ სკოლებში, შეასრულონ მასწავლებლის წინაშე არსებული ყველა ვალდებულება, იცხოვრონ სკოლის ცხოვრებით და დარწმუნებულია, ამის შემდეგ შეიცვლიან დამოკიდებულებას პედაგოგისადმი, რაც დაადასტურა ქალბატონმა ლეილა გორგაძემ და განაცხადა: ,,იმის წარმოსადგენად რამდენად რთულია მასწავლებლის პროფესია, ერთი დღეც საკმარისია გაატარონ საბავშვო ბაღებში“. ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საკუთარი პიროვნების ფორმირებაში, სკოლისა და პედაგოგების როლზე ისაუბრა. ,,ჩვენ ერთად ვიბრძვით თქვენთვის, თქვენი თავდადებისა და თავგანწირვისათვის. პრობლემები ბევრია, მაგრამ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ერთობლივად დავძლიოთ ყველა სირთულე”- მიმართა საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულებს. ქალაქ რუსთავის ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ნინო ქვირაიამ ისაუბრა მისი სამსახურის როლზე. მან, პედაგოგებს და კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა ჩაერთონ მისი სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრაში და სამოქმედო გეგმის სრულყოფაში, ვინაიდან პედაგოგთა აზრი მნიშვნელოვანია. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ მისი მიზანია საზოგადოებასთან ჰქონდეს თანამშრომლური და არა ოფიციალური ურთიერთობები. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ბოლო ოთხის წლის განმანვლობაში, სპმთპ-ის ჩართულობით საგანმანათლებლო დარგში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ -ეკონომიკური, პროფესიული ინტერესების დაცვის მიზნით, ნორმატიულ და კანონქვემდებარე აქტებში შეტანილ ცვლილებებზე დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ 2014-2018 წლებში, დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით, სპმთპ-სა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე კონსტრუქციული თანამშრომლობის სტრატეგიამ გაამართლა. სპმთპ-ის ძალისხმევით უზრუნველყოფილი იქნა პედაგოგთა ჩართულობა; მათი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ინსტურმენტების შემუშავება; დასავლური პრაქტიკის გაზიარებისა და სპმთპ-ის საქმიანობის ევროპის ქვეყნების პროფკავშირებისათვის გაცნობის მიზნით, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა. მან ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა დაბალი შრომის ანაზღაურება დაასახელა. კონფერნციაზე სიტყვით გამოვიდნენ დელეგატები. ქ. რუსთავის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვაჟა ქარუღლიშვილმა ისაუბრა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის, მასწავლებლისა და პროფკავშირის როლზე. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ხშირად პროფკავშირთან მიმართებაში არის მერკანტილური საუბარი პედაგოგებს შორის. ,,თითქოსდა არ უღირთ საწევროს გადახდა... არა და აშკარაა, რომ პროფკავშირი პროფესიონალურად ზრუნავს პედაგოგთა უფლებების დაცვისა და პროფესიული განვითარებისათვის”. ვაჟა ქარუღლიშვილმა გამოსვლისას გაიხსენა სპმთპ-ის საერთაშორისო პროექტში ,,მოქალაქეთა ხმებში” მონაწილეობა და მიღებული ცოდნისა და უნარების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის დადებითი შედეგები. გამომსვლელმა შეახსენა კოლეგებს, რომ სპმთპ მთლიანობაში, ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, დასაქმებულებს უვითარებს ლიდერობის, დიპლომატიის უნარებს. ქვეყნის გერბზე აწერია ,,ძალა ერთობაშია”, თუმცა ჯერ კიდევ თანამშრომლობის განცდა პედაგოგებს შორის დაბალ ხარისხშია. მან მოუწოდა კოლეგებს გუნდურობისკენ და ერთიანობისაკენ, რადგან სხვაგვარად მოსწავლეებსაც ვერ ასწვლიან სოლიდარობას. ,,მინდა იცოდეთ კოლეგებო, ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, დიდი მისია გვაკისრია, რადგან მომავალი თვითეული ჩვენგანის ხელშია”- ამ მოწოდებით დაასრულა თავისი გამოსვლა ბატონმა ვაჟამ. ,,არ მეგულება მასწავლებელი, რომელსაც გათავისებული არ აქვს ჯონ კოტონ დანას სიტყვები - თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“- ასე მიმართა დამსწრე საზოგადოებას ქ. რუსთავის N 24 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ჩანქსელიანმა. მან აღნიშნა, რომ ყველა მისი კოლეგა ითავისებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საჭიროებას. თუმცა „ სწავლა-სწავლების“ შედეგებისათვის დაცული უნდა იყოს წონასწორობა მასწავლებლის ენერგიას, დროსა და სასწავლო პროცესს შორის. მან მასწავლებლის პროფესიული ზრდის მოთხოვნების უკეთ შესრულებისთვის პრობლემად მიიჩნია ბიუროკრატიული ვალდებულებები, რათა მოსწავლისადმი საჭირო ენერგია ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ქეთევან ჩანქსელიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს პედაგოგთა მოთხოვნებისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის, პედაგოგთა საჭიროებებზე სწორი და დროული რეაგირებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისათვის. ქეთევან ჩანქსელიანმა სიამოვნებით აცნობა საზოგადოებას, რომ მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო სპმთპ-ისა და დანიელი კოლეგების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგის მონაწილე, სადაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, აგვისტოს თვეში მისივე კოლეგასთან, გალინა დუღაშვილთან ერთად, გაემგზავროს დანიაში და გაეცნოს დანიურ სასწავლო პროცესს. დაბრუნების შემდეგ კი, პედაგოგიურ გამოცდილებას გაუზიარებს კოლეგებს. გამომსვლელმა რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის და მისი ლიდერის ქალბატონი ლეილა გორგაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ლეილა გორგაძეს მუდმივი ყურადღების, თანადგომისა და დახმარებისათვის. კონფერენციის მსვლელობის დროს, დელეგატები სიამაყით აფიქსირებდნენ სპმთპ-ის წევრობას და გამოხატავდნენ რწმენას სპმთპ-ის საქმიანობის მიმართ. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა აღნიშნეს, რომ დიდი პასუხისმგებლობით იმუშავებენ პირველადი ორგანიზაციების დონეზე გაააქტიურონ წევრები და გააძლიერონ პროფკავშირული მოძრაობა. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს ქალბატონი ლეილა გორგაძე რუსთავის თავმჯდომარედ, მომდევნო ოთხი წლის ვადით; განსაზღვრეს და დაამტკიცეს სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა და აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. კონფერენციის დასასრულს, რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელების და სიმბოლური საჩუქრები გადასცა აქტიურ წევრებს, ხოლო ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“ დააჯილდოვა საჯარო სკოლის დირექტორები.