32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,დამერწმუნეთ, ჩვენ ყველანი ერთად ძლიერი ჯაჭვი ვართ - თუ თქვენ არ აღმოჩნდებით სუსტი რგოლი ამ ჯაჭვში, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერთობის შენარჩუნებას და განმტკიცებას, მივაღწევთ იმას, რომ სულ მალე ვიამაყებთ ჩვენი პროფესიითა და სტატუსით, გვექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა” - მიმართა დელეგატებს თეიმურაზ შერვაშიძემ, სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის ქედას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

მიმდინარე წლის 27 მაისს, სპმთპ–ის ქედის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე–9 საანგარიშო–საარჩევნო კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯომარემ, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბერიძემ. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს და საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს დურმიშხან შავიშვილს კონფერენციაზე დასწრებისთვის.

სპმთპ-ის ქედის სტრუქტურული ქვედანაყოფი 39 პირველად ორგანიზაციას და 722 წევრს აერთიანებს. სპმთპ–ის წესდებისა და აღმასრულებელი საბჭოს დადგენილების მოთხოვნების თანახმად, ქედის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო–საარჩევნო კონფერენციას 42, წევრების მიერ არჩეული დელეგატი ესწრებოდა.

სპმთპ-ის ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თეიმურაზ შერვაშიძემ დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ვრცლად მიმოიხილა საანგარიშო ოთხწლიან პერიოდში, რაიონის დონეზე განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები: სადღესასწაულო, დედის, ქალთა და მასწავლებელთა საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შედეგები, წევრთა პროფესიული გადამზადების მიზნით ჩატარებული ტრენინგების სტატისტიკური მონაცემები, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პროფწევრებისთვის გაწეული მატერიალური დახმარებებისა და ექსკურსიების რაოდენობა. თეიმურაზ შერვაშიძემ აღნიშნა, რომ ქედის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტში გამართული სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებულები თურქეთში გაემგზავრნენ და ყველა პროფწევრს გადაეცა სპმთპ–ის მიერ სპეციალურად მომზადებული მასალები –,,მასწავლებლის დღიური” და ,,მასწავლებლის გზამკვლევი”.

თეიმურაზ შერვაშიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სპმთპ-ის მიერ გაწეულ საქმიანობებზე, როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დონეზე. მან ყურადღება გაამახვილა სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ,,დარგობრივი შეთანხმების” მნიშვნელობაზე, რის მიხედვითაც განისაზღვრა სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ვალდებულებები. ქედის რაიონული ორგანიზაციის თმჯდომარემ, წევრების სახელით, მადლობა გადაუხადა მაია კობახიძეს პროფკავშირის უახლეს ისტორიაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არსებული მიღწევებისათვის და მადლიერება გამოხატა განათლების სამინისტროს მიმართ, დემოკრატიული, დასავლური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ისტორიული დოკუმენტის – ,,დარგობრივი შეთანხმების“ გაფორმებისათვის, რომელსაც საერთაშორისო წარმომადგენლებმა ,,ისტორიული შეთანხმება“ უწოდეს.

,,...ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ვარ იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა და განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების სფეროში დასაქმებულთა ინტერესების ადვოკატირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. დამეთანხმებით, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი უფლებების დაცვის პროცესი ორგანიზებული და კონსტრუქციულია, პოპულიზმისგან თავისუფალია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თანმიმდევრულად, კანონით ნებადართული ფორმებით და ვიქნებით შეუპოვარი დასაქმებულთა უფლებების დაცვის საქმეში”- ასე დაასრულა თავის ანგარიში ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის აჭარის რესპუბულიკური საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ბერიძეს, თანადგომის, დახმარებისა და მხარაჭერისათვის.

კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს სპმთპ-ის ქედის რაიონული ორგანიზაციის საკონტროლო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის დანიელ დუმბაძის მოხსენება, რაც დადებითად შეაფასეს.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განმარტა სახელმწიფო, თუ საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის მიღწევები და დასაქმებულთა შრომითი/სამართლებრივი პირობების გაუმჯობესების კონკრეტული მაგალითები დაასახელა: ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის საკითხებს განვიხილვათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში, ასევე, ევროკავშირის და ევროკომისიის დონეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საერთაშიროსი ორგანიზაციის წევრი, გვაქვს საერთაშორისო სარბიელზე მოქმედების ფართო შესაძლებლობები”. მან ისაუბრა, რეფორმის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პედაგოგთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც ხორციელდება პროფკავშირის ორგანიზებით. ,,თუმცა, თუ არ ამაღლდება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი და პედაგოგის ავტორიტეტი საზოგადოებაში, რეფორმა დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს” - აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა.

კონფერენციის დელეგატებს მიმართა ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა. მან მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის მიერ გაწეული საქმიანობისათვის. ,,...კანონებს ადამიანები ქმნიან და ბუნებრივია, პრაქტიკაში მისი ამოქმედების დროს ჩნდება ხარვეზები. სპმთპ-ის ჩართულობით ბევრი ნაკლოვანება გამოსწორებულია, რაც სასარგებლოა, არა მარტო წევრებისათვის, არამედ სრულიად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისათვის...”. გამომსვლელმა სპმთპ-ის ქედის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობას ეფექტური უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე თანამშრომლობის შედეგები. ,,თეიმურაზ შერშვაშიძე ყოველთვის გვერდში უდგას პედაგოგებს და აფასებს მათ ღვაწლს. იგი თავის პრინციპულ სიტყვას ამბობს რაიონის დონეზე. დემოკრატიული მართვის მექანიზმების დამკვიდრების მიზნით, ერთობლივად ჩავუყარეთ საფუძველი პედაგოგთა საგნობრივი კონფერენიციების გამართვას, რითაც მასწავლებლებს მივეცით შესაძლებლობა ღიად ისაუბრონ პროფესიულ საჭიროებებზე“–განაცხადა ქედის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.

კონფერენციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბერიძემ მოუწოდა კონფერენციის დელეგატებს გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები სპმთპ–ის საქმიანობისადმი, რათა კონფერენციის ფორმატი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას ,,ცენტრალურ ხელმძღვანელობასთან დიალოგის წარმოებისათვის“.

გამომსვლელები ღიად, თამამად საუბრობდნენ და კმაყოფილებას გამოთქვამდნენ სპმთპ-ის, როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყნის დონეზე განხორციელებული საქმიანობის მიმართ. დელეგატებმა იმსჯელეს სკოლებში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობის გამომწვევ მიზეზებზე; სამუშაო საჭიროებებზე; პრობლემებზე; საბავშვო ბაღების საშტატო განრიგზე, საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებზე; არსებული, რეალური გარემოებების გათვალისწინებით, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფაზე; დამსახურებული პედაგოგების დაფასებაზე და მათთვის ღირსეული პენსიის განსაზღვრაზე; სკოლის ადმინისტრაცია/ტექნიკურ პერსონალისათვის მთის დანამატების დაწესების აუცილებლობაზე. რაიონულ დონეზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებულ წინადადებებზე კონფერენციის დელეგატებმა კვალიფიციური პასუხები მიიღეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროფკავშირის მხრიდან უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ.

კონფერენციის დელეგატებმა თეიმურაზ შერვაშიძის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და შემდეგი ოთხი წლით ერთხმად გამოუცხადეს ნდობა, აირჩიეს რაიონული საბჭოს შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატები.

,,გამოვთქვამ რწმენას, რომ ახლად არჩეული რაიონული საბჭო და სპმთპ–ის ხელმძღვანელები გაითვალისწინებენ დელეგატთა და გამომსვლელთა სამართლიან კრიტიკას და შენიშვნებს, ძირეულ ცვლილებებს განვახორციელებთ ერთობლივად და ინიციატივებზე მუშაობის დროს თითოეული წევრი აქტიურად ჩაებმება პროფკავშირულ საქმიანობაში ” - აღნიშნა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ თეიმურაზ შერვაშიძემ.