,,მინდა ვიცოდე, რას მოელიან ჩემგან წევრები! მინდა ჩემში დაინახონ პასუხისმგებლობით სავსე და ყურადღებიანი ლიდერი, მენდობოდნენ და ჩემი სჯეროდეთ ...” -მიმართა თამარ ძნელაძემ სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო -საარჩევნო, რიგით მესამე კონფერენციის დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს.

2018 წლის 26 მაისს, სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია ს. ზედა ვანის საჯარო სკოლაში გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ–ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე–პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე, სპმთპ–ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გაბუნია, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, ს. ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ნოზაძე, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი და ორგანიზაციის ,,ქალები სამართლიანობისთავის” ვანის წარმომადგენელი ნონა ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ვანის რაიონული ორგანიზაციის მონაწილეებს სპმთპ-ის ოთხწლიანი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა ზოგადი და სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში ჩართულობაზე, სპმთპ-ის წევრებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, სპმთპ-ის ინიციატივებზე, გამოწვევებსა და საქმიანობის დადებით შედეგებზე. სპმთპ-ის პრეზიდენტმა ვანის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პროცესში, გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული ხელოვნური ბარიერები გაიხსენა და მოუწოდა კონფერენციის დელეგატებს აქტიურად გაწიონ პროფკავშირული პროპაგანდა, ვინაიდან თითოეულ დელეგატს კოლეგებმა ჩააბარეს ნდობის მანდატი და მათი პასუხისმგებლობა, თავმჯდომარის წარმომადგენლობით ფუნქციაზე ნაკლები არ არის. მაია კობახიძემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებაში, მასწავლებლებშიც დაბალია სამოქალაქო ცნობიერება და მოუწოდა მათ ,,ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები“. ,,თამარ ძნელაძემ, ვანის მუნიცპალიტეტში, 2014 წელს, ცარიელი ფურცლიდან დაიწყო პროფკავშირული საქმიანობა. მიუხედავად მრავალი სირთულისა, მან წევრების ნდობა მოიპოვა, ლიდერული თვისებები გამოავლინა და ჩვენ გვეიმედება ვანის რაიონული ორგანიზაცია...“- განაცხადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა. მან სპმთპ-ის საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, ადგილობრივ თუ სახელმწიფო დონეზე. ,,პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოსგან დიდი დახმარება სჭირდებათ...დღეს სახელმწიფო ზრუნავს მათზე. განათლების მინისტრმა ვანში შეხვედრის დროს განაცხადა, რომ პედაგოგები ადექვატურ ანაზღაურებას იმსახურებენ, ვინაიდან უზომოდ დიდ საქმიანობას ეწევიან...”აღნიშნა ბატონმა ალექსანდრემ. ვანის მერმა სპმთპ-ის საქმიანობას და ხელისუფლებასთან თანამშროლობით მიღწეულ შედეგებს, სისტემის განვითარების სასარგებლოდ განხორციელებული ,,არაჩვეულებრივი საქმე“ უწოდა და განაცხადა, რომ ,,ქვეყანას არ აქვს მომავალი თუ პროფკავშირები არ არიან იმ დონეზე, როგორც ეს სჭირდებათ დასაქმებულებს...”.

ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ძნელაძემ, ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, აქცენტები გააკეთა პროფწევრებისათვის გაწეულ საქმიანობაზე: პროფესიული განვითარების ტრენინგებზე, ექსკურსიებისა და საგანმანათლებლო-კულტურული, შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაზე. მან აღნიშნა, რომ რაიონული ორგანიზაციის ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩატარდა 38-ზე მეტი პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარი, რომელშიც 14-ზე მეტმა საჯარო სკოლის პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უჩა ბაკურაძე სასამართლოში იცავდა უკანონოდ გათავისუფლებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და სკოლის პედაგოგს, რომლებიც აღდგნენ სამსახურში და დაწესებულებებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება.

კონფერენციის დელეგატებმა თამარ ძნელაძის საქმიანობას დადებითი შეფასება მისცეს და იგი, ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ოთხწლიანი ვადით, ღია კენჭისყრით აირჩიეს. სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატების არჩევის შემდეგ, თამარ ძნელაძემ სპმთპ-ის პრეზიდენტს წინადადებით მიმართა, მცირერიცხოვანი პროფორგანიზაციების წარმომადგენლების, სპმთპ-ის ყრილობაზე, საპატიო სტუმრებად მოწვევის თაობაზე.