,,რაც მეტი ვიქნებით, მეტი სიძლიერე იქნება .... რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ორგანიზაცია, მით მეტად იქნება დაცული მასწავლებლის სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებები”- ამ სიტყვებით მიმართა კონფერენციის დელეგატებს, სპმთპ-ის ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა შერაზადაშვილმა, ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ონის რაიონული ორგანიზაციის სახელით მიმართა მას:

,,ონის რაიონული ორგანიზაციის წევრები ინტენსიურად ადევნებენ თვალს ორგანიზაციის საქმიანობას თქვენი სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, დღეს, თითოეულ დელეგატს და მოწვეულ სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა უფრო მეტი მოისმინოს ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე და დასვას აქტუალური საკითხები.”

სპმთპ-ის ონის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია მიმდინარე წლის 24 მაისს გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ონის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეული დელეგატები, ასევე, სპმთპ–ის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი და ვიცე–პრეზიდენტი ნათია კორძაძე, ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ეკა მაისურაძე, ს. შეუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე, ს. გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გრიგალაშვილი, ს. პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა ლობჟანიძე. კონფერენციას თავმჯდომარეობდა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, სპმთპ-ის აქტიური წევრი თამარ რაზმაძე.

,,პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ორმოცი ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. ონის მუნიციპალიტეტი პატარა რაიონია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 9 საჯარო სკოლიდან, 8 სკოლაში ფუნქციონირებს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. სასიხარულოა, რომ ონის რაიონში არსებული ერთადერთ საბავშვო ბაგა-ბაღში დასაქმებულებმა გამოხატეს მზაობა გაერთიანდნენ ჩვენს დიდ პროფკავშირულ ოჯახში“-განაცხადა ქალბატონმა ლელამ და წევრებს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისათვის, აქტიური თანამშრომლობისა და ნდობისათვის, რითაც ცოცხლობს ონის რაიონული ორგანიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ წევრთა რაოდენობა გაიზრდება. ლელა შერაზადაშვილმა, ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის, მადლობა გადაუხადა ონის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ნინო მეტრეველს, მუნიციპალიტეტის მერიას და ბაგა-ბაღის გამგეს მზია გობეჯიშვილს.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სპმთპ-ის მუშაობის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა რაიონის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის და განაცხადა: ,,დღეს ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ გავაძლიეროთ პროფკავშირული ორგანიზაცია. ადგილობრივ დონეზე, რაიონის ხელმძღვანელობა მხარს უჭერთ ონის რაიონულ ორგანიზაციას, თანამშრომლობთ პროფკავშირთან და ხელს უწყობთ მის განვითარებას, რაც მეტ სტიმულს აძლევს ლელას იზრუნოს დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის. მაგრამ, პროფკავშირის ძლიერება დამოკიდებულია წევრების აქტიურობაზე და არა მხოლოდ ლიდერების ძალისხმევაზე“.

მაია კობახიძემ ისაუბრა მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდის აუცილებლობაზე და განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, მცირე კონტიგენტიან სკოლებში ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

კონფერენციის დელეგატებს მიესალმა ონის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი. მან ისაუბრა ლელა შერეზადაშვილის პიროვნულ, პროფესიულ და ლიდერულ თვისებებზე. ნინო მეტრეველმა აღნიშნა, რომ ონის მასწავლებელთა მხარდაჭერისათვის დაგეგმილია ონის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და პროფკავშირის ერთობლივი ღონისძიებები.

კონფერენცია დიალოგის ფორმატში წარიმართა და დელეგატებმა სკოლებისა და მასწავლებლების საჭიროებებზე ისაუბრეს. მათ გულისტკივილით აღნიშნეს ონის მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული პრობლემები, საზღვრისპირა და მაღალმთიან რაიონში არსებული მდგომარეობა და მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. დელეგატებმა მოითხოვეს, მაღალმთიან რაიონებში, სკოლებში დასაქმებულმა ტექნიკურმა პერსონალმაც ისარგებლოს მთის კანონით განსაზღვრული დანამატებით.

კონფერენციის სტუმარმა, ონის ბაგა-ბაღის გამგემ, მზია გობეჯიშვილმა სკოლამდელ დაწესებულებაში არსებული ვითარება გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მზაობა აღსაზრდელების დასახმარებლად და სამაგალითოდ დაასახელა სოფელ გლოლის შემთხვევა, სადაც 9 აღსაზრდელისთვის გაიხსნა სპეცილური ჯგუფი. ,,ონის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი სტიქიის შედეგად, ბევრი საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა და ონს მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ემსახურება. მთიან სოფლებში ახალგაზრდა ოჯახები არ არიან და შესაბამისად, არ არის შექმნილი სოციუმი. საბავშვო ბაღი კი, არის სოფლის მოსახელობის შემაკავშირებელი და შემაკავებელი, სასიცოცხლო უჯრედი.”-განაცხადა მზია გობეჟიშვილმა.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ონის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა. მან აღნიშნა, რომ წევრთა სიმცირის გამო ლელა შერეზადაშვილს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა უფრო ფართო მასშტაბიანი კულტურულ-საგანმანათლებო, შემიცნებითი ღონისძიბები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამები განახორციელოს. მაია კობახიძე დაპირდა დელეგატებს, რომ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისათვის, ონის ორგანიზაციას გაუწევს ქმედით დახმარებას, სპმთპ-ის ცენტრალური ბიუჯეტიდან.

სპმთპ-ის ონის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ლელა შერაზადაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და შემდგომი ოთხწლიანი ვადით ერთსულოვნად აირჩიეს.

ონის რაიონული კონფერენციის დელეგატებმა აირჩიეს ადგილობრივი საბჭო და სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. მაია კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იქნან იმ სკოლის დირექტორები, სადაც 100 %-იანი გაწევრიანებაა.

კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს მადლობის სიგელები გადასცა, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის’’, მადლობის სიგელი გადაეცა ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ნინო მეტრეველს.