თავისუფლად მოაზროვნე თაობა,თავისუფალი ქვეყნის მომავალი წარმატებისათვის! ჩვენ, მსოფლიოს ბავშვები, ნათელი ხვალინდელი დღის იმედი ვართ! ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1ივნისი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (სპმთპ), ტრადიციულად პატარებთან ერთად აღნიშნა. სპმთპ-ის რაიონულმა/საქალაქო ორგანიზაციებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს ღონისძიებები და პროფწევრების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს. „პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ყველაზე დიდი სიმდიდრეა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. უფროსი თაობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, თითოეულ ბავშვს შეგიქმნათ ლაღი და უზრუნველი ცხოვრება, განათლების მიღების ისეთი გარემო, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ თქვენი უნარები’’, ამ სიტყვებით მიმართა პატარებს სპმთპ-ის პრეზიდენტა მაია კობახიძემ, დედაქალაქში, მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც სპმთპ-ის თბილისის რაიონული ორგანიზაციების მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგებმა, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასებში სპონტანურად ჩაატარეს მოსწავლეთა გამოკითხვა: ,,როგორი მინდა იყოს ჩემი ქვეყანა, სკოლა, მასწავლებელი და ოჯახი?“. საინტერესო და მრავლისმომცველი იყო პატარების სურვილები და ოცნებები, ობიექტური და გულწრფელი კრიტიკა. მე მინდა: ,, ჩემი მასწავლებელი იყოს ბედნიერი, ყოველდღე იცინოდეს და მღეროდეს“; ,,სკოლაში მისვლა მიხაროდეს“; ,,ერთ თემაზე მოსაუბრეებმა, საქმეც ერთად ვაკეთოთ“; ,,არცერთ ქვეყანას არ ჰქონდეს იარაღი და ყველა სახის იარაღი მუსიკალურ ინსტრუმენტად გადაიქცეს“; ,,ჩემი აზრის დაფიქსირების დროს მხარდაჭერას ვგრძნობდე“; ,,ჩვენი ქვეყანა იყოს მოწესრიგებული და გამთლიანებული, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები’’; ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას, ქუჩაში არ ეყაროს ნაგავი, ბავშვები არ ვსუნთქავდეთ დაბინძურებულ ჰაერს“; ,,ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, იყოს უკეთესი და ტოლერანტი საზოგადოება, დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს და ღარიბი აღარ გვყავდეს’’; ,,ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი და გამორჩეული“; ,,ბევრმა ადამიანმა იცოდეს ქართული კულტურა და ტრადიციები’’; ,, ჩვენი ბუკები არ იყოს გაფუჭებული, ხარისხიანი კომპიუტერები გვქონდეს, ჩემი სკოლა აღჭურვილი იყოს ახალი წიგნებით და ლაბორატორიებით“; ,, ოჯახისგან მქონდეს დიდი ყურადღება, ჭირშიც ერთად ვიყოთ და ლხინშიც“. პატარების ნააზრევიდან შეიქმნა ღონისძიების სლოგანი, ხოლო მოსწავლის მიერ ნაჩქარევად, ფერადი ფანქრებით შესრულებული ,,მსოფლიოს ბავშვთა ერთობის“ გამომსახველი ნახატით-ღონისძიების ლოგო. პატარების ოცნებები და შეხედულებები აისახა სპეციალურად მომზადებულ ბუკლეტში. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ბავშვებს მაღაზიათა ქსელ ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები, სათამაშოების მაღაზია „ნოეს კიდობანის“ ფასდაკლების ბარათები და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბუკლეტები გადასცა. დღის ბოლოს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა და პატარებმა სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს.