32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას - მასწავლებელი” - ამ სლოგანით წარიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია მიმდინარე წლის 19 მაისს, რომელსაც დელეგატებთან ერთად სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, ხულო/შუახევი/ქედის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და შუახევის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპმთპ-ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ნატარიძემ კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ გაწეული 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამოქმედო გეგმა გააცნო. მან თავის ანგარიშში ვრცლად ისაუბრა როგორც სპმთპ-ის საერთო მიღწევებზე და წარმატებებზე, ასევ შუახევის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობაზე.

„განვლილი 5 წელიწადი საკმაოდ მძიმე, მაგრამ ნაყოფიერი იყო. საანგარიშო პერიოდში ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის იძულებით ჩამორთმეული წევრობის უფლების დაბრუნება, წინა ხელისუფლების მიერ შელახული ავტორიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის აღდგენა. საანგარიშო პერიოდში შევძელით არა მარტო ამ ამოცანების შესრულება, არამედ, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც“ - განაცხადა ლევან ნატარიძემ და აღნიშნა რომ დღეს, სპმთპ არის საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის“ და ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის“ წევრი, მსოფლიოში არ ტარდება არცერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროფკავშირული ღონისძიება, სადაც სპმთპ მონაწილეობას არ იღებდეს, როგორც წარმატებული ორგანიზაცია.

ლევან ნატარიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2013 წლიდან პროფკავშირი აქტიურად ჩაერთო განათლების რეფორმის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, დასაქმებულთა შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის ზრუნვის საქმეში და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლებს მოეხსნათ შიში და მეტი შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განვითარების სქემაში, გაუმჯობესდა შრომითი და სოციალური პირობები. ამ დადებით ტენდენციებში დიდია სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის წვლილი. ,,მაია კობახიძეს, არაერთ საჯარო გამოსვლასა და სატელევიზიო დებატებში თუ კომისიებში, მასწავლებელთა სასიკეთოდ ხმამაღლა გამოუთქვამს საქმიანი შენიშვნა და წინადადება, რაც უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულია განათლების სამინისტროს მიერ. ყველა პოზიტიური შედეგი მიღებულია კონტრუქციული, სოციალური დიალოგის ფორმატში და არა ქუჩის აქციებითა და კონფრონტაციის გზით. ,,ღია კარის შემტვრევა არა არის საჭირო, მაშინ როდესაც დიალოგისათვის ყველა კარი ღიაა“. ხშირად ამბობს ქალბატონი მაია. პროფკავშირი არ არის პოლიტიკური გაერთიანება და არ ეწევა პოლიტიკურ სპეკულირებას. ჩვენ პროფესიული გაერთიანება ვართ და ჩვენი წევრების ინტერესებს და უფლებებს ვიცავთ, ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც განათლების სისტემაში დასაქმებულთა ინტერესებისა და უფლებებისთვის იზრუნებს, შეურიგებელი ვიქნებით მათ მიმართ, ვინც ამ უფლებებს და პედაგოგის ავტორიტეტს შელახავს“ - განაცხადა ლევან ნატარიძემ.

შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, თანამედროვე სკოლა უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული და ყველა რეფორმა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და მოზარდის ყოველმხრივ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, ამ ამოცანის განხორციელება კი, მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია.

„პედაგოგიური მოღვაწეობა აუცილებლად მოითხოვს ყოველდღიურ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მასწავლებელი მხოლოდ მაშინ არის მასწავლებელი, როცა სწავლობს, მაგრამ თუ მასწავლებელი სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე პირთან იქნება გათანაბრებული და პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასის არსებული დონე გაიყინება, ბუნებრივია, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“ -აღნიშნა ლევან ნატარიძემ.

ბატონმა ლევანმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე და ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მთავარ ამოცანად რჩება დაეხმაროს პედაგოგებს, რათა აქტიურად ჩაერთონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, ჩააბარონ საგნობრივი გამოცდა, დააგროვონ საჭირო კრედიტ-ქულა, გადავიდნენ უფრო მაღალ საფეხურზე, მიიღონ მაღალი ანაზღაურება და გაიუმჯობესონ ყოფითი პირობები.

ლევან ნატარიძემ მადლობა გადაუხადა შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ წევრებს (სულ 1253 დასაქმებული, მათგან 1133 პროფკავშირის წევრია) მხარდაჭერისა და ნდობისათვის და მოუწოდა პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს უფრო მეტი აქტიურობისკენ, რადგან „პროფკავშირის რაიონული საბჭოს ძალას პირველადი ორგანიზაციები წარმოადგენენ, მათი მუშაობის ხარისხზე, მათ ქმედითუნარიანობაზე, ნდობასა და ავტორიტეტზე ბევრად არის დამოკიდებული რაიონული საბჭოს მუშაობა“.

კონფერენციის დელეგატებსა და სტუმრებს სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ლევან ნატარიძეს ასეთი საინტერესო, სრულყოფილი და მრავალმხრივი ანგარიშისთვის, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობისთვის.

კონფერენციის დელეგატებს მიმართა ხულო/შუახევი/ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ: ,,...პედაგოგის გარეშე ვერც დეპუტატი, ვერც ექიმი, ვერც მერი ვერ ვიქნებოდით! მოსაგვარებელია სკოლების დამხმარე პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თუ პედაგოგი და მოსწავლე უნდა გათბნენ ღუმელთან, დამლაგებელს სურს ხელფასი, რათა ღუმელს მოუაროს...”. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე: ,,...მთის მკაცრ პირობებში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს პროფკავშირი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის დაფასება და შესაბამისად, პროფკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა...“.

შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლებასა და დაფასებაზე, პროფკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და როლზე. ,,რაიონში 800-ზე მეტი პედაგოგია და ჩვენი მოსწავლეები საიმედო ხელშია. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სასკოლო-საატესტატო გამოცდებს, მოსწავლეთა 65%-მა ჩააბარა ეროვნული გამოცდები ძალიან მაღალი შედეგებით და გვყავს კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები. მოსწავლის წარმატებები მიღწეულია რეპეტიტორების გარეშე“-განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა. მან მადლობა გადაუხადა შუახევის პროფკავშირის თავმჯდომარეს პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის და მადლიერებით დაასახელა ერთობლივად ჩატარებული, პედაგოგთა საგნობრივი კონფერენციების დადებითი შედეგები. ედუარდ გოგრაჭაძემ გულისტკივილით აღნიშნა სოფლებში მიმდინარე მიგრაცია და განაცხადა, რომ რაიონის საჯარო სკოლებში 34 უსტატუსო პედაგოგია, რომელთაც, მოტივაციის ამაღლებისა და სტატუსის მიღებისათვის სჭირდებათ დახმარება. ,,მივესალმებით, რომ დღეს შუახევის საჯარო სკოლების 100-ზე მეტი მასწავლებელი პროფესიული განვითარების ტრენინგს ესწრება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული, მაგრამ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ მთის მასწავლებლებს, რომ არ დაიცალოს სოფლები, თორემ აღარც პედაგოგი გვეყოლება და აღარც მოსწავლე“-განაცხადა ედუარდ გოგრაჭაძემ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ბევრი პრობლემა განიხილება შუახევის პროფკავშირთან დილოგის ფორმატში და პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საინტერესო იყო შუახევის რაიონის, სოფელ ვანის საჯარო სკოლის პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარის, სპმთპ-ის გენდერული კომიტეტის წევრის ლეილა ტარიელაძის გამოსვლა. „ერთ ადამიანს შეუძლია მოქმედება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა - არა. პროფკავშირი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს პედაგოგთა სასარგებლო ცვლილებები და იბრძოლოს ჩვენი პირობების გაუმჯობესებისათვის. მე როგორც ერთი რიგითი პედაგოგი ვარ მშვიდად, რადგან საქართველოში პედაგოგის უფლებებს იცავს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, თავისუფალი, გამოცდილი, რეფორმირებული პროფესიული კავშირი“-ამ სიტყვებით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს ლელა ტარიელაძე. მან ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ ზრუნავს სპმთპ მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და სტატუსის შენარჩუნებისთვის, რათა ყველა ბავშვს ჰყავდეს ღირსეულად დაფასებული პედაგოგი, რათა თავისუფლად მოაზროვნე, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის პროცესში არცერთი მასწავლებელი არ იყოს სტრესის ქვეშ. ლეილა ტარიელაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, კერძოდ, ისაუბრა მის მიერ ჩამოყალიბებულ გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო ჯგუფზე, რომელიც აქტიურად მუშაობს სტერეოტიპების აღმოფხვრისათვის. ლეილა ტარიელიძემ სპმთპ-ის პრეზიდენტის წინაშე დააყენა მოთხოვნა, საჯარო სკოლის ტექნიკურ პერსონალზეც გავრცელდეს მთის კანონით განსაზღვრული დანამატები.

კონფერენციაზე გამომსვლელმა პედაგოგებმა ღიად და თამამად ისაუბრეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია იმისათვის, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლება მიიღონ მოსწავლეებმა.

სოფელ დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგმა, პროფკავშირის თავმჯდომარემ თეიმურაზ დავითაძემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ეროვნულ ფასეულობებზე და ტრადიციებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოები პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩართულობით. ,,უნდა გაიზარდოს მშობლის როლი, დაწესდეს განსხვავებული პენსია და წამსვლელი მასწავლებელი წავა სკოლიდან... მასწავლებლებს მხოლოდ ვალდებულებებზე გვესაუბრებიან და არა უფლებებზე... ქვეყანა რომ წინ წავიდეს განათლებაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს. მასწავლებელი ინტენსიურად უნდა ზრუნავდეს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის და გამოცდები არ უნდა გადაიქცეს სადამსჯელო ღონისძიებად...უნდა აღდგეს დირექტორის მოადგილის პოზიცია აღმზრდელობით დარგში, რათა სკოლამ შეძლოს აღმზრდელობითი ფუნქციების გაძლიერება...“- განაცხადა თეიმურაზ დავითაძემ.

სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი ტრენინგები უნდა შეიცვალოს გრძლევადიანი ტრენინგებით და პედაგოგთა გადამზადება განხორციელდეს ახალი სახელმძღვანელოების შესაბამისად.

სოფელ ნოგაბულის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა თემურ ხიმშიაშვილმა ისაუბრა სახელმძღვანელობის პრობლემაზე, ყოფაქცევის შეფასების გაუქმების უარყოფით შედეგებზე. ,,10 წელიწადში აღზარდო ორი მათემატიკოსი, ორი ქიმიკოსი, ორი ექიმი საკმარისია, მაგრამ აღზრდა უპირველესია. ყოფაქცევის შეფასება გაუქმდა და ახლა მასწავლებლებს გვიწერენ ნიშნებს ყოფაქცევაში“-განაცხადა მან.

კონფერენციის დელეგატებმა სპმთპ-ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლევან ნატარაძე ერთხმად აირჩიეს.

კონფერენციის დასასრულს, შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა აქტიურ პროფწევრებს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საჯარო სკოლის დირექტორებს-ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის.