„პროფკავშირული ორგანიზაციის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ორგანიზაციის სრულყოფისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მომავალი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და ამოცანები. ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები. ჩვენი პრიორიტეტი განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვაა“ - ამ სიტყვებით მიმართა სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვივინა ძიძიგურმა მარტვილის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს.

სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია მიმდინარე წლის 18 მაისს გაიმართა. კონფერენციას 81 დელეგატი, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია, სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გული ბაძაღუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ.

სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვივინა ძიძიგურმა კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ანგარიში წარუდგინა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან ასევე წარმოადგინა საარჩევნო პროგრამა, თუ რა იქნება მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ამოცანები და პრიორიტეტები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

- საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვა;

- მარტვილის რაიონული ორგანიზაციის მიმართ წევრთა ნდობის ხარისხის ამაღლება;

- პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ბრძოლის უნარიანობის ამაღლება;

- ზრუნვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის;

- საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკის ლობირება....

ეს არასრული ჩამონათვალია სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვივინა ძიძიგურის საარჩევნო პროგრამიდან. ვივინა ძიძიგური წლების განმავლობაში წარმატებით უძღვება 55 პირველადი და 1079 წევრისაგან შემდგარი ორგანიზაციის საქმიანობას. მისი დაუღალავი, წარმატებული და აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ დელეგატებმა ქალბატონი ვივინა სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალი ვადით ერთხმად აირჩიეს.

კონფერენციის დელეგატებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მან მადლობა გადაუხადა მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ორგანიზაციის თითოეულ წევრს თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფკავშირული იდეებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის, ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მაია კობახიძემ სპმთპ-ის საქმიანობის, მიღწეული წარმატებებისა 4 წლიანი ანგარიში წარმოადგინა. მან ასევე ისაუბრა ორგანიზაციის ახალ გამოწვევებზე, სამომავლო მიზნებზე და ამოცანებზე.

სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა. რაიონის ხელმძღვანელებმა პროფკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ქალბატონი ვივინა ძიძიგურის დამსახურების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები და შეკითხვები ღიად დაეფიქსირებინათ და მოესმინათ პასუხები.

კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვივინა ძიძიგურმა პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორგანიზაციის აქტიური წევრები დააჯილდოვა.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის" მარტვილის მუნიპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე გრიგოლავას და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ალექსი გაბისონიას მადლობის სიგელები გადასცა.