მიმდინარე წლის 18 მაისს, სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-8 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას დელეგატებთან ერთად, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, აბაშის რაიონის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, აბაშის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ.

მიხეილ ჟვანია სპმთპ-ის აბაშის რაიონულ ორგანიზაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. 18 მაისის კონფერენციაზე მიხეილ ჟვანიამ დელეგატებსა და სტუმრებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. მან ასევე წარმოადგინა საარჩევნო პროგრამა, თუ რა იქნება აბაშის რაიონული ორგანიზაციის ამოცანები და პრიორიტეტები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. აბაშის რაიონული ორგანიზაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების

დელეგატებმა მიხეილ ჟვანია სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალი ვადით ერთხმად აირჩიეს.

კონფერენციის დელეგატებს მიესალმა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე. მან მადლობა გადაუხადა დელეგატებსა და სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ნათია კორძაძემ სპმთპ-ის საქმიანობის, მიღწეული წარმატებების, ახალი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.

კონფერენციის სტუმრებსა და დელეგატებს მიესალმა აბაშის რაიონის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულები იყვნენ მათი პროფესიული კავშირის წევრები, რამდენად საჭირო და აუცილებელია ძლიერი პროფკავშირი, რომლის სიძლიერეც წევრების მრავალრიცხოვნობასა და თითოეული წევრის აქტიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული. მერაბ მიგინეიშვილმა მადლობა გადაუხადა საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს მათი თავდაუზოგავი შრომისთვის და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე, წარმატებები უსურვა სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მიხეილ ჟვანიას და მთლიანად ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში.

დელეგატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მათ რაიონში, საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებზე, ახალ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები პრობლემების გადაჭრის გზებზე.

კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჟვანიამ პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორგანიზაციის აქტიური წევრები დააჯილდოვა.