32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
30 აპრილს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 83 დელეგატთან ერთად სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი მელანია დარახველიძე, ყვარლის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი მაია სამიტაშვილი, ამავე გაერთიანების მთავარი სპეციალისტი ნათელა გიოშვილი და რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბალიაური მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს ნდობის გამოცხადებისთვის და აღნიშნა რომ ორგანიზაციას ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც იბრძვის თავისი წევრების უფლებების დასაცავად, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. „ჩვენმა თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დღეს რაიონში 44 პირველადი ორგანიზაცია გვაქვს, რომელიც 890 წევრს აერთიანებს. ახალი წევრების მოზიდვის მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალრიცხოვნობაში, ერთად ყოფნასა და სოლიდარობაშია“ - აღნიშნა ლევან ბალიაურმა. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ ისაუბრა პროფკავშირის მიზანზე და ამოცანებზე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობზე, მიღწეულ წარმატებებზე, ახალ გამოწვევებზე. სპმთპ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ბალიაურმა, თავდაპირველად, დელეგატებს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ორგანიზაციის პრიორიტეტები და ორგანიზაციის გაძლიერებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები გააცნო. „ საანგარიშო პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიზნით ყვარლის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებში, რაიონული ბიუჯეტის დაფინანსებით ვაწყობდით ექსკურსიებს, ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებო ღონისძიებას, სხვადსახვა სახის მატერიალურ დახმარებას ვუწევთ რაიონის საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ შეჭირვებულ ადამიანებს“ - განაცხადა განაცხადა ლევან ბალიაურმა. კონფერენციაზე დამსწრე 83-მა დელეგატმა სპმთპ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლევან ბალიაურმა ერთხმად აირჩია. კონფერენციაზე, ასევე, აირჩიეს სპმთპ-ის ყვარლის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის წევრებს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.