32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„ნათქვამია, საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ... ჩვენი რაიონული ორგანიზაცია არის დემოკრატიული, მებრძოლი, აქტიური, ინტელექტუალური, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგთა და განათლების მუშაკთა ერთობა, რომელმაც მრავალ განსაცდელს გაუძლო და ჩვენი საქმიანობა ყველასთვის თვალსაჩინოა. ბევრი მიღწევა და წარმატება გვაქვს, ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ ერთად, მათ შორის: საგნობრივი ტრენინგები პედაგოგებისთვის, საქმის მწარმოებლებისთვის, დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის; თემატური კონფერენციები; მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კვირეული, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, შობა-ახალი წლის აღნიშვნა, ღონისძიება პენსიონერი მასწავლებლებისთვის -„ ჩვენ დავბერდებით“; დასვენების პროგრამები წევრებისთვის; შემეცნებითი-გასართობი ექსკურსიების ორგანიზება; ფინანსური დახმარებების გაცემა წევრებისთვის; მუდმივი საინფორმაციო შეხვედრები წევრებთან, მათი პრობლემების მოსმენა და რეაგირება... მაგრამ ბევრი რამის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ წევრთა უფლებების და ინტერესების დაცვას, მათთვის ღირსეული და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნას, თითოეული წევრის შესაძლებლობების რეალიზებისთვის ზრუნვას. მიგულეთ თქვენს სამსახურში, გქონდეთ ჩემი იმედი“ - ამ სიტყვებით დაასრულა თავის გამოსვლა სპმთპ-ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ლომიძემ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, რომელიც 26 აპრილს გაიმართა. 65 დელეგატთან ერთად კონფერენციას სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კიკნაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი მანანა ჩიკვაიძე, ღვაწლმოსილი, პენსიონერი პედაგოგი ელენე ნიკოლეიშვილი, ლაგოდეხის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე დელეგატებს და სტუმრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, აქტიური მონაწილეობისთვის. ნათია კორძაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის, პროფესიული განვითარების, მასწავლებელთა პროფესიული პრესტიჟის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მან ასევე ორგანიზაციის იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მიღწევაც სპმთპ-ის მთავარ გამოწვევად რჩება. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი მანანა ჩიკვაიძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი ელენე ნიკოლეიშვილი. ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნინო ლომიძეს, ყველა გამომსვლელმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. დელეგატებმა ნინო ლომიძეს ნდობა კვლავ გამოუცხადეს და სპმთპ-ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. კონფერენციის დასასრულს, ნინო ლომიძემ ორგანიზაციის წევრები პროფკავშირულ და პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელებით დააჯილდოვა.