32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„ძვირფასო დელეგატებო, მადლობა თქვენ და ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის. ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალრიცხოვნობაში, ერთობასა და სოლიდარობაშია!“ - ამ სიტყვებით მიმართა სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დალი სამხარაძემ ორგანიზაციის რიგით მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის 61 დელეგატს. დალი სამხარაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა როგორც ორგანიზაციის საერთო მიღწევებზე, ასევე ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობაზე, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ საგანმანათლებლო, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებზე, წევრებისთვის გაწეულ დახმარებებზე: „ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ახალი წევრების მოზიდვასთან ერთად, იყო საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების საკითხი. ამ წლებში, სხვადასხვა სახის ტრენინგსა და სემინარში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ორგანიზაციის 427-მა წევრმა. არ ყოფილა საჯარო სკოლებისა თუ ბაგა-ბაღების ცხოვრებაში არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია, არ დავხმარებოდით და მხარი არ დაგვეჭირა ჩვენი წევრებისთვის“- აღნიშნა დალი სამხარაძემ. სპმთპ-ის ჭიათურის რაიონულ ორგანიზაციას 621 წევრი ჰყავს. ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად რჩება ახალი წევრების მოზიდვა და ძველ წევრებთან ერთად მათი მოტივაციის ამაღლება. ასევე ორგანიზაციის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია რაიონული ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება, წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა, სოციალური დიალოგის განვითარება და სრულყოფა... „ჩემი საქმიანობა ყოველთვის დემოკრატიის, სამართლიანობის, კოლეგიალობის, ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობისა და საჯაროობის პრინციპებს ეფუძნებოდა. ამ პრინციპების ერთგულება ჩემს პრიორიტეტად დარჩება. მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც აქტიურად გავაგრძელებთ საქმიანობას, რაც ჩვენი წევრების სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლას უკავშირდება. გავაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს პირველად ორგანიზაციებში, მოვუსმენთ ახალგაზრდა წევრებს, რა სურთ, რას მოითხოვენ პროფკავშირისგან, რათა აქტიურად ჩაერთონ პროფკავშირულ საქმიანობაში. როგორც სოციალური პარტნიორები მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან ჩვენი წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და უფლებების დაცვის მიზნით. და ბოლოს, ამ ეტაპისთვის აქტუალურია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ამოქმედება და ამ კანონთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ორგანიზაცია და პირადად მე აქტიურად ჩავერთვები რეფორმის განხორციელების პროცესში, რათა არ დაირღვეს დასაქმებულთა შრომითი და სამართლებრივი უფლებები“ - განაცხადა დალი სამხარაძემ. სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია 26 აპრილს ჩატარდა. დელეგატებმა დალი სამხარაძეს ნდობა კვლავ გამოუცხადეს და სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალი ვადით ისევ აირჩიეს. კონფერენციას სმპთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათელა თევზაძე, სპმთპ–ის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი ანასტასია ამისულაშვილი, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ლაბაძე და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. კონფერენციას ხელმძღვანელობდა სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ჭიათურის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე ტეფნაძე. სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა. მან დელეგატებსა და სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, მიზანსა და ამოცანებზე. მაია კობახიძემ გამომსვლელების ყველა შეკითხვას უპასუხა, ჩაინიშნა მათი მოთხოვნები და წინადადებები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც დასახავს ორგანიზაციის პრიორიტეტებს, მომავალი განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ 11 პედაგოგს აქტიური პროფკავშირული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.