საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხულოს რაიონულმა ორგანიზაციამ, 5 მაისს, საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩაატარა.

დელეგატებთან ერთად, კონფერენციაში სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ მჭედლიძე, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე და სხვა მოწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ორგანიზაციის ჰიმნით დაიწყო.

სპმთპ-ის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ დეკანაძემ კონფერენციის დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობები გააცნო.

ემზარ დეკანიძემ ანგარიშში აღნიშნა, რომ ხულოს რაიონული ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დასაცავად; ორგანიზაციის წევრების პროფესიული განვითარებისთვის; მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის; ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისთვის. ემზარ დეკანაძემ ასევე ისაუბრა ხულოს რაიონული ორგანიზაციის შემდგომი განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დელეგატებმა თავად დააყენეს ის მნიშვნელოვანი და მათთვის აქტუალური საკითხები, პრიორიტეტები, რომლებიც სპმთპ-ის ხულოს რაიონული ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაში ჩაიწერება და სწორედ ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით იხელმძღვანელებს ხულოს რაიონული ორგანიზაცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიესალმა კონფერენციის ყველა მონაწილეს და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, აქტიურობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულწრფელობისა და სამართლიანობისთვის.

მან ასევე ისაუბრა იმ შედეგებზე, რომლებსაც პროფკავშირების აქტიურობით, განათლების სამინისტროსთან და ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგით მიაღწიეს:

- 24 დღიანი შვებულება 40 სამუშაო დღემდე გაიზარდა;

- მასწავლებლის ხელფასებზე დანამატმა დატვირთვის პროპორციულად მოიმატა;

- სკოლის გარე პერიმეტრზე ჩადენილი ქმედებისთვის პედაგოგის მიმართ დისციპლინური სახდელი გაუქმდა;

- ბიულეტენის თანხა ხელფასის ოდენობას გაუტოლდა;

- 2000 წლის ჩათვლით ოთხწლიანი უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგთა ხელფასი მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგების აანაზღაურებას გაუთანაბრდა...

დღემდე განათლების სისტემაში სერიოზული გამოწვევაა:

- პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი მატება ისე, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა ანაზღაურება საჯარო მოხელის საშუალო ანაზღაურებას (970 ლარი) გაუთანაბრდეს;

- მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემის დახვეწა;

- სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა...

კონფერენციას 55 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც ღია კენჭისყრით სპმთპ-ის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ემზარ დეკანაძე აირჩიეს.

კონფერენციის დასასრულს, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რამდენიმე დელეგატსა და მოწვეულ სტუმარს, მადლობის სიგელები გადაეცათ.