32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ჩატარებული ტრენინგ-სემინარები;

 საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები;

 წევრებისთვის გაცემული მატერიალური დახმარებები;

 დაფინანსებული ექსკურსიები...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელსაც სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაცია თავისი წევრებისთვის ახორციელებს.

ორგანიზაციის 4-წლიანი საქმიანობის დეტალური ანგარიში, სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულნაზი ბაძაღუამ, 4 მაისს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე წარმოადგინა.

კონფერენციას, 66 დელეგატთან ერთად, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა, ჩხოროწყუს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორი ბადრი ქებურია, ჩხოროწყუს რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია, ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე, სოფელ ჭოღის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ შენგელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აქტიური დისკუსიის და დებატების ფორმატში წარიმართა.

გამომსვლელმა დელეგატებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონ გულნაზის გაწეული საქმიანობისთვის, თანადგომისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი, ერთგული დამოკიდებულებისთვის. გამომსვლელებმა რაიონის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს:

- მცირეკონდიგენტიანი სკოლების მძიმე ინფრასტრუქტურა;

- საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულთა დაბალი ხელფასები;

- დაფინანსების ახალი მექანიზმების შემუშავების საჭიროება და მხარდაჭერა;

- საჯარო სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდის აუცილებლობა;

დაწყებითი კლასების პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სწავლება დაწყებით საფეხურზე უნდა მიმდინარეობდეს იაკობ გოგებაშვილის დედა ენით, რომელიც არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაშია შესული. საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით, მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტებისათვის დამატებითი თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

„დიდი შრომა და ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი, რომელიც დედას მიჯაჭვულია და უჭირის დედის გარეშე ყოფნა, ჩვენთან სიხარულით, თავისი ფეხით მოდიოდეს. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეული ბავშვის აღზრდის საქმეში. ჩვენს ძალისხმევას და შრომას სათანადო დაფასება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“ - განაცხადეს საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა. მათ მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს არა მხოლოდ აღმზრდელებისა და მასწავლებლების, არამედ ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვისთვის, საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სათამაშოების შეძენისთვის.

კონფერენციის დელეგატებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა მიესალმა და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ: „სკოლამდელ დაწესებულებებში შეყვანილია ახალი პერსონალი. აქტიურად მიმდინარეობს 5 წლის წინ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. უკვე აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე 6 ახალი ბაღი, სადაც სარემონტო სამუშაოები არდადეგების პერიოდში დაიწყება“. მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მეხუთედი სწორედ საბავშვო ბაღებზე ზრუნვას ხმარდება.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ მადლიერებით აღნიშნა პროფკავშირის თანადგომა ორი მეგა პროექტის - ,,აზიური ფაროსანა“ - განხორციელებაში, რომლებშიც მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებიც არიან ჩართულები. ქალბატონმა ლიამ სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და პედაგოგთა გადამზადებაზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელთა გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, რაიონში შექმნილია კლუბები, სადაც გაწევრიანებულია 721 პედაგოგი.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა დელეგატებსა და სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და ჩართულობისთვის. მან სპმთპ-ის საქმიანობის 4-წლიანი ანგარიში წარმოადგინა, ისაუბრა ორგანიზაციის მიღწევებზე საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით. მაია კობახიძემ, ასევე, ისაუბრა ახალ გამოწვევებზე, მიზნებზე და აღნიშნა: „მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, თქვენი აქტიური მონაწილეობითა და ერთგულებით, ვაგრძელებთ შრომას და ბრძოლას ჩვენს მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად ორგანიზაციის განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის.“

სპმთპ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გულნაზი ბაძაღუამ დელეგატებს და სტუმრებს ანგარიშის შემდეგ, სამოქმედო გეგმა წარუდგინა. დელეგატებმა გულნაზი ბაძაღუა ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ახალი ვადით, ღია კენჭისყრით, ერთხმად აირჩიეს.

კონფერენციის დასასრულს, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რამდენიმე დელეგატსა და მოწვეულ სტუმარს, მადლობის სიგელები გადაეცათ.