32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
3 მაისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის რიგით მე-3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ფოთის #1 საჯარო სკოლის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე, სვეტლანა ზარანდია უძღვებოდა. 34 დელეგატმა, ღია კენჭისყრით, ინგა გვასალია ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

კონფერენციას სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ: ბაღების გაერთიანების დირექტორი მარგო ჯანიაშვილი, ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერადია და ქ. ფოთის საჯარო სკოლების დირექტორები.

ინგა გვასალიამ, საკუთარ გამოსვლაში, ორგანიზაციის 4-წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა. ისაუბრა უკვე განხორციელებულ აქტივობებზე, ღონისძიებებზე და ტრენინგებზე. დამსწრე საზოგადოებას მან ორგანიზაციის სამომავლო სამოქმედო გეგმაც წარუდგინა.

სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიესალმა. მან სპმთპ-ის მიერ 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მაია კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დარგობრივ ხელშეკრულებაზე, პედაგოგთა ხელფასებზე და შრომით უფლებებზე.

კონფერენციაზე სარევიზიო კომისიის წარმომადგენელმა სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 4- წლიანი ფინანსური ანგარიში წარმოადგინა.

კონფერენციის დასასრულს სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ინგა გვასალიამ, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 5 პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე, მომავალი თაობის აღზრდისთვის - ღვაწლმოსილი პედაგოგები და ბაგა-ბაღების აღმზრდელები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მადლობის სიგელები გადაეცათ იმ საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორებსაც, რომლებიც წევრების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან.