32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
20 აპრილს, ქ. რუსთავში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, გარდაბნის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო გვარამაძე, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის მთავარი სპეციალისტი ოლღა ბექაური და გარდაბნის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

სპმთპ–ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას თავმჯდომარეობდა სართიჭალის # 2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია საყვარელაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს, ტრადიციულად, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიესალმა. მან კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აქტიური პროფკავშირული საქმიანობისთვის.

სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლილი წურწუმიამ გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის მიერ 2014 -2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულად კი ყურადღება წევრთა რიცხოვნობის გაზრდაზე გაამახვილა.მან ასევე მადლობა გადაუხადა ახალგაწევრიანებული ბაგა-ბაღის თანამშრომლებს.

კონფერენციაზე დამსწრე 51-მა დელეგატმა სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლილი წურწუმია ერთხმად აირჩია. კონფერენციაზე, ასევე, აირჩიეს სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

კონფერენციის ბოლოს, ლილი წურწუმიამ პროფკავშირის წარმატებული წევრები ფულადი და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.