32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„მასწავლებელი გზის მაჩვენებელია!“ - ამ დევიზით წარიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია მიმდინარე წლის 30 მარტს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

კონფერენციას დელეგატებთან ერთად სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კიკნაძე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ლევან ჯანგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარის, გიორგი ვოლსკის ბიუროს უფროსი, გიორგი მჟავია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლია კარიჭაშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი, თამარ ჯანგულაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენცია გახსნა და დელეგატებსა და სტუმრებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მან მადლობა გადაუხადა თბილისის სასწავლ უნივერსიტეტის რექტორსა და საჯარო სკოლების დირექტორებს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, მასწავლებელთა და პროფკავშირის მიმართ მათი დემოკრატიული მიდგომებისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის, პროფესიული განვითარების, მასწავლებელთა პროფესიული პრესტიჟის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. მაია კობახიძემ, ასევე, ისაუბრა ორგანიზაციის პრიორიტეტებზე, რომელთა მიღწევაც სპმთპ-ის მთავარ გამოწვევად რჩება.

„ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება პედაგოგთა და ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა საბაზო ხელფასის ზრდა, ისე, რომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება გახდეს ადექვატური მათი უმძიმესი და საპასუხისმგებლო შრომისა და გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო ხელფასს. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა, მათი ტრენინგებითა და სემინარებით უზრუნველყოფა და ბოლოს, ძალიან მტკივნეული და აქტუალური საკითხი - პედაგოგთა პრესტიჟის ამაღლება, რისთვისაც საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება. გამოვავლინოთ და საზოგადოებას გავაცნოთ საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლები, სკოლები, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა მასწავლებლისა და სკოლის მიმართ“- განაცხადა მაია კობახიძემ.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქ. ლისაბონში გამართულ ,,მასწავლებელთა პროფესიის მე-8 საერთაშორისო სამიტზე (ISTP)” , რომელზეც საქართველოს დელეგაცია პირველად იყო მიწვეული. (საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ,,ბაქსვუდის" სკოლის დირექტორი არჩილ სუმბაძე).

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ლევან ჯანგულაშვილი. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლისთვის, მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს აქვს მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა და ასევე იწყებს 300 კრედიტიანი პროგრამის განხორციელებას.

„ჩვენი უნივერსიტეტი არის ევროპის პედაგოგთა გაერთიანების წევრი და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ჩვენ საერთო საქმეს ვემსახურებით და დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს ყველა მოქმედ პედაგოგსა თუ პედაგოგობის მაძიებელს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში“ - აღნიშნა ლევან ჯანგულაშვილმა.

სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თამარ ბარისაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

„ჩვენი რაიონული ორგანიზაცია 30 საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენელთა პროფესიული გაერთიანებაა: დემოკრატიული, მებრძოლი, აქტიური, ინტელექტუალთა, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგთა და განათლების მუშაკთა ერთობა - ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი და მრავალ განსაცდელს გამოტარებული. ბევრი მიღწევა და წარმატება აქვს ჩვენს რაიონულ ორგანიზაციას, ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ ერთად, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი რაიონის სამოქმედო გეგმაში მინდა შევიტანო ერისთვის საგულისხმო და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი - თურქი ქართველების პრობლემა. თბილისის 24-ე, 37-ე, 36-ე სკოლების მასწავლებლებმა შევიმუშავეთ პროექტი - „ანი და ჰოე ვართ მე და შენ ქართვლისა“, რაც ითვალისწინებს იმერხევში მაცხოვრებელ ქართველთათვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლა-გაცნობას დისტანციური სწავლების მეთოდით. ჩემი მიზანია, პედაგოგებმა, ვინც ჯერჯერობით შორიდან მაყურებელნი არიან ჩვენი საქმიანობისა, ჩვენი წამოწყებებით იგრძნონ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი ერთობა, პროფკავშირული სულისკვეთება და პროფესიული ვალდებულება ერისა და ქვეყნის წინაშე“ - განაცხადა თამარ ბარისაშვილმა.

თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაგდა ბარამიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციას კონფერენციაზე მოწვევისთვის: „ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე. მადლობა რომ მომიწვიეთ, მადლობა ქალბატონო თამარ, ქალბატონო მაია, ბატონო თემურ თქვენი საქმიანობისთვის. პედაგოგი ძლიერი ქვეყნის საწინდარია და მასწავლებელი უნდა იყოს ყველაზე დაფასებული, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი სოციალური კაპიტალი და მასწავლებელი უნდა იყოს ყველანაირად შემდგარი. მასწავლებლები არიან ის ადამიანები, ვისზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის მომავალი. ერთ შეხვედრაზე, იურისტებმა აღნიშნეს: ჩვენ ვმართავთ მსოფლიოსო, ჩემი პასუხი ამ ნათქვამზე არის, რომ არა, ბატონებო, იურისტები კი არა, მასწავლებლები ვმართავთ მსოფლიოს, რადგან იურისტები მასწავლებლების აღზრდილები არიან. ყველას ბევრ წარმატებას, კარიერულ წინსვლას და ძლიერ პროფკავშირს გისურვებთ.“

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა თბილისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ლარისა მელაძე და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები, სადაც სწორი მესიჯები კეთდება: „მე პირველ რიგში მასწავლებელი ვარ, რადგან მუდმივი არის მასწავლებლობა და არა სკოლის დირექტორობა. მე არ შემიძლია იმ საზრდოს გარეშე, რასაც ახალგაზრდების თვალები ჰქვია. ეს ის ენერგეტიკაა, რაც მე მაძლიერებს. ბევრი პრობლემა დგას მასწავლებლის წინაშე, ბევრი გამოწვევა და ვფიქრობ, ყველას მეტი აქტიურობა გვმართებს. ერთობით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება. წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ თითოეული დღე იყოს იმის დასტური რომ ჩვენ, ჩვენს მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ.“

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ 37-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ანა დარასელია, 24-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელეონორა მჭედლიშვილი, 24-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ტატიანა შათირიშვილი და ამავე სკოლის სპეც-პედაგოგი მაია წიწილაშვილი. თითოეულმა პედაგოგმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია მათი საგნების მასწავლებლებისთვის და ზოგადად განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის. მათ ასევე მადლიერება გამოხატეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელებისა და წევრების მიმართ, წლების განმავლობაში განხორციელებული მრავალი ღირსშესანიშნავი პროექტისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მოგვარებული საკითხების გამო. პედაგოგებმა მზადყოფნა გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის აქტივობებში.

კონფერენციის დელეგატებმა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ბარისაშვილი ერთხმად აირჩიეს. დელეგატებმა ასევე აირჩიეს სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ბარისაშვილმა ორგანიზაციის წევრები და რაიონის საჯარო სკოლები, პროფკავშირულ და პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.