32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„ყველა მონაწილეს გვინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ ასეთი მოტივირებულები, აქტიურები, ენერგიულები, დაინტერესებულები და პოზიტიურები იყავით. იმედი გვაქვს, აქ მიღებულ ცოდნას გამოიყენებთ თქვენს საგაკვეთილო პროცესში და გაუზიარებთ თქვენს კოლეგებს. თქვენთან გატარებული ოთხი დღე ჩვენთვისაც იყო გამოცდილება, რომელსაც დანიაში გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო თბილისის N42 საჯარო სკოლაში ვიზიტი, სადაც ვნახეთ როგორ მუშაობენ ქართველი მასწავლებლები და გვინდა გითხრათ, რომ ეს შესანიშნავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ ინტერნეტ და ციფრულ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში, ყველაზე მთავარი, უმნიშვნელოვანესი ფიგურა გაკვეთილზე არის მასწავლებელი და ჩვენ დავინახეთ ეს წამყვანი ფიგურა, როგორც N42 საჯარო სკოლაში გაკვეთილზე, ასევე აქ, ტრენინგზე, თითოეული თქვენგანის სახით. წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს ისევ შევხვდებით“ - აღნიშნეს დანიელმა ტრენერებმა.

მიმდინარე წლის, 22-25 მარტს დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება” - მესამე ეტაპის ფარგლებში, სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე, დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების ექსპერტ-მასწავლებლებმა: მარია ჰელმბერგერმა და ბენტე ლარსენმა მორიგი 4–დღიანი სემინარი ჩაატარეს თემაზე - „ინტერნეტ ტექნოლოგიები და ციფრული წიგნიერება სასწავლო პროცესში“.

პროექტს საქართველოში დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). პროექტის მიზანია, სემინარში მონაწილე ქართველმა პედაგოგებმა ის გამოცდილება, ის სიახლეები, ის უნარ-ჩვევები, რასაც დანიელი ექსპერტ-მასწავლებლებისგან მიიღებენ, თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ და სასწავლო პროცესში დანერგონ.

დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის მესამე ეტაპში თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი რაიონის და საქართველოს 13 რაიონის, სულ 47 მასწავლებელი მონაწილეობდა.

„განათლების სისტემა დანიაში“, „სწავლების პროცესი: მასწავლებლის, მოსწავლის როლი და სასწავლო გარემო“, „ციფრული წიგნიერება“, „ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“, „დანიაში გავრცელებული პრაქტიკის გაცნობა - როგორ ვიყენებთ და როგორ ვასწავლით IT ტექნოლოგიებს“, „პირადი ინფორმაციის, ფოტოების გაზიარების საფრთხეები“, „ინტერნეტ პლატფორმები და პროგრამები“, „ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენების სტრატეგია სკოლებში“, „მოსწავლეთა ცოდნის შეფასება ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით“, „ცოდნის გაზიარების პლატფორმები დანიაში“ - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც დანიელმა ტრენერებმა ისაუბრეს და ქართველ პედაგოგებთან ერთად პრაქტიკულადაც იმუშავეს.

სემინარის ჩატარების პერიოდი დაემთხვა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძისა და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარი ალუღიშვილის ვიზიტს ქ. ლისაბონში - ,,მასწავლებელთა პროფესიის საერთაშორისო სამიტზე”, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების ,,განათლების ინტერნაციონალის” (EI), ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) და პორტუგალიის განათლების მინისტრის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ.

შესაბამისად, სემინარის პირველ დღეს, პედაგოგებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე მიესალმა. ნათია კორძაძე სემინარის მონაწილეებს ესაუბრა პროექტის პირველი და მეორე ეტაპის შესახებ, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ასევე, ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე, მდგრადობასა და გაგრძელებაზე.

სპმთპ–ის პრეზიდენტის, მაია კობახიძისა და სპმთპ-ის წევრების სახელით, ნათია კორძაძემ მადლობა გადაუხადა დანიის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირს (GL) ამ პროექტის განხორციელებისათვის, რაც ქართველ მასწავლებლებს პროფესიული უნარების განვითარებაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება. მან დანიელ კოლეგებსა და სემინარის მონაწილეებს სასიამოვნო სამუშაო გარემო და წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ოთხდღიანი დატვირთული მუშაობის პროცესში, ქართველი მასწავლებლები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებასა და ემოციებს. თეორიული ნაწილის გაცნობის შემდეგ, სემინარის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს ყველა იმ პროგრამაში, რაც მათ დანიელი ტრენერებისგან ისწავლეს.

ქართველმა პედაგოგებმა საგაკვეთილო პროცესში დანიური პრაქტიკის დანერგვისა და მიღებული სიახლეების კოლეგებისთვის გაზიარების სამომავლო გეგმაც შეიმუშავეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების დანერგვას. სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტრენინგზე შესწავლილი ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარებენ გაკვეთილებს და შედეგებს ერთმანეთს და თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ.

სემინარის ბოლო დღეს ტრენინგს სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი შემოუერთდნენ. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგებს დატვირთული და ნაყოფიერი მუშაობისთვის, ასევე დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირს (GL), თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის განხორციელებისთვის.

მაია კობახიძემ სემინარის მონაწილეებს ქ. ლისაბონში გამართული ,,მასწავლებელთა პროფესიის საერთაშორისო სამიტის მუშაობის შედეგები გააცნო . მან აღნიშნა, რომ სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებსა და პედაგოგთა პროფკავშირებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაეზიარებინათ, ამასთან, სამომავლო პერსპექტივებზე ემსჯელათ.

„ მერვე ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტზე -,,გლობალური დიალოგი მასწავლებელთა პროფესიის მხარდაჭერისათვის”- საქართველოს დელეგაცია პირველად მონაწილეობდა. სამიტი იძლევა მასწავლებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებსა და მთავრობებს შორის დიალოგისა და მსჯელობის საუკეთესო შესაძლებლობას, მასწავლებლის პროფესიის შესახებ. ფორუმზე ისეთი საკითხები განვიხილეთ, როგორიცაა თანამედროვე და მომავლის სკოლა, საზოგადოების ნდობის ამაღლება სკოლებისა და მასწავლებლებისადმი, თემის ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში, მასწავლებელთა მხარდაჭერა და კეთილდღეობა, ზრუნვა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის და ინოვაციური პედაგოგიკის, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების ინიცირების, გაზიარების და შეფასების საკითხებზე“ - აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა.

სპმთპ-ის პრეზიდენტი, სემინარის მონაწილეებს ესაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ახალ გამოწვევებზე, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე.

,,ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები”-განაცხადა მაია კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო, რათა პიროვნული თავისუფლების დეფიციტი და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება ჯერ ისევ საზოგადოების მთავარ გამოწვევად რჩება.

მაია კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სემინარის მონაწილეები ადგილებზე გააქტიურდებიან ორგანიზაციის გაძლიერებისათვის, ,,რათა თითოეულ პედაგოგს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაციითა და ინფორმირებით იქნებიან მასწავლებლები ერთგულები პროფკავშირული იდეებისადმი და გულწრფელები პროფკავშირული ღირებულებების მიმართ. ჩვენი მიზანია სპმთპ–ის წევრები იყვნენ მოტივირებულები და აქტიურები”–განაცხადა მაია კობახიძემ.

ოთხდღიანი ტრენინგის დასასრულს დანიელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს და ყველა მონაწილე პედაგოგს, სასიამოვნო დღეებისათვის, შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციებისთვის.