- ძალიან მოგვეწონა გაკვეთილის მიმდინარეობა. მოსწავლეების მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო მასწავლებლისკენ. ეს არ იყო ლექცია-გაკვეთილი, მოსწავლეები აქტიურად მსჯელობდნენ გაკვეთილის თემის გარშემო, პასუხობდნენ შეკითხვებს, უსმენდნენ ერთმანეთს. მასწავლებელმა თემის ასახსნელად ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენა და მოსწავლეების ნაწილი როლურ თამაშში ჩართო. ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მეთოდი საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენების, რასაც ჩვენ დანიაში მივმართავთ და რის შესახებაც იქნება ჩვენი 4-დღიანი სემინარი საქართველოში - აღნიშნეს მარია ჰელმბერგერმა და ბენტე ლარსენმა.

დანიის უმაღლესი საფეხურის ექსპერტ–მასწავლებლები, მარია ჰელმბერგერი და ბენტე ლარსენი საქართველოში თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარებას”- ფარგლებში იმყოფებიან.

პროექტს დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL), საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ორი ოთხდღიანი ტრენინგი ქართველი პედაგოგებისთვის.

საქართველოს განათლების სისტემის, სასწავლო პროცესისა და სამუშაო გარემოს გასაცნობად, დანიელი ტრენერების ორი სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ თბილისის 103-ე და 152-ე საჯარო სკოლებში, მორიგი 4-დღიანი ტრენინგის დაწყებამდე, ტრენერებისთვის სპმთპ–მა აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა შეარჩია, რომელსაც დანიელი სტუმრები 21 მარტს ესტუმრნენ და სკოლის დირექციას, პედაგოგებს, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, კერძოდ, დაესწრნენ სამოქალაქო განათლების გაკვეთილს მაღალი საფეხურის კლასში.

დანიელ კოლეგებს განსაკუთრებით მოეწონათ სამოქალაქო განათლების პედაგოგის, სკოლის დირექტორის მოადგილის, მაკა ბიბილეიშვილის გაკვეთილი და მოსწავლეები, რომლებიც მთელი გაკვეთილის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უსმენდნენ პედაგოგს, ერთმანეთს, პასუხობდნენ შეკითხვებს და მონაწილეობდნენ დისკუსიაში.

სკოლის დირექტორი, ნუგზარ კედელაშვილი სტუმრებს სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებებზე, განხორციელებულ თუ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. მან აქცენტი გააკეთა სკოლის მიმართულებაზე, პრიორიტეტებზე და სიამაყით აღნიშნა, რომ გასულ წელს სკოლის 120-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასოცივემ მიიღო სახელმწიფო გრანტი.

სკოლაში დანიელი პედაგოგების სტუმრობას ორგანიზება სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ - კესო ოსიშვილმა გაუკეთა.

სპმთპ მადლობას უხდის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ნუგზარ კედელაშვილს სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დანიელი კოლეგების მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.