ძვირფასო კოლეგებო, პედაგოგებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულო ქალბატონებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. თუმცა, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

1911 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღეს რიგ ქვეყნებში ქალები ატარებდნენ მიტინგებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.

ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იყო საქართველო. 1918 წელს, ზუსტად ერთი საუკუნის წინ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. პირველი საყოველთაო არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა 1919 წლის თებერვალში და ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა. ასე რომ, ქალთა თანასწორობის დამკვიდრების საკითხში ჩვენი ქვეყანა იყო ავანგარდში, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში.



1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.

„მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ“, — მიიჩნევენ გაეროში.

თავიდან 8 მარტს წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო. მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს ჩვენ გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულს აღვნიშნავთ. თუმცა, ქალებს ბევრ ქვეყანაში დღემდე არც თუ ცოტა რამის ატანა და მოთმენა უწევთ. დღემდე აქტუალურია უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლა.

ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! თქვენი ცხოვრების ყოველი დღე ყოფილიყოს გაზაფხულივით ლამაზი, მშვენიერი. სილაღე და სიხალისე არ მოგკლებოდეთ, მუდამ ღიმილი გიმშვენებდეთ სახეს. ბედნიერი დედობა, დღეგრძელობა და მზეგრძელობა გაჩუქოთ უფალმა. მეტ ძალას, მეტ წარმატებას, სიცოცხლის სურვილსა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ! ყოველ დღე გქონდეთ მიზეზი იმისა, რომ ბედნიერ, რეალიზებულ და გახარებულ ადამიანად იგრძნოთ თავი!

პატივისცემით,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა

თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)