სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე, 6 მარტს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 170-ამდე მონაწილე ესწრებოდა, ქ. ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

შეხვედრა ორი მიმართულებით წარიმართა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა პროფკავშირის საქმიანობის შესახებ, საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც დადებითად გადაწყდა პროფკავშირის აქტიურობის შედეგად და სპმთპ-ის პრეზიდენტმა მოისმინა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგნმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა წინაშე არსებული პრობლემები.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის, აქტიურობისთვის. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია პროფკავშირის საქმიანობის შესახებ და ასევე თქვენგან მოვისმინო რა საჭიროებები გაქვთ თქვენ, რა პრობლემებია თქვენს სკოლებში, რა გაწუხებთ, რა მიმართულებით უნდა ვიმუშოთ, რომ თქვენ თავი იგრძნოთ დაცულად“- ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი სპმთპ-ის პრეზიდენტმა.

მაია კობახიძემ პროფკავშირის საქმიანობიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევაზე გაამახვილა ყურადრება, მათ შორის: პედაგოგების 40 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც პროფკავშირის ინიციატივა იყო და საკითხის სიღრმისეული შესწავლით, ანალიზით, ექსპერტიზით, დამუშავებით და ხელისუფლებასთან თანმიმდევრული და გონივრული მოლაპარაკებებით დადგა სასურველი შედეგი - მანამდე არსებული 24 დღიანი შვებულება შეიცვალა არანაკლებ 40 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით. ასევე პროფკავშირის წარმატებული საქმიანობის შედეგად, შეიცვალა დროებითი შრომისუუნარობის, ე.წ. ბიულეტინის ანაზღაურების წესი. თუკი ადრე ბიულეტინის ანაზღაურება ხდებოდა თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, პროფკავშირის აქტიურობითა და ბრძოლით, დღეს დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურება ხდება სრული ხელფასიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროფკავშირის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად დასრულდა პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებები. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან შეიცვალა შრომის კოდექსი, 2014-15 წლებში პედაგოგთა გათავისუფლებებს მაინც ჰქონდა ადგილი და საფუძველი იყო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვა. სასამართლო პროცესებით, რომლებსაც პროფკავშირის იურისტები აწარმოებდნენ, აღდგა სამართლიანობა და სასამართლომ აღიარა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების უკანონობა. 2015 წლიდან პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებას ადგილი არ ჰქონია.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აქტიურად იყო ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის შემუშავების პროცესში და ამ სქემაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იყო სპმთპ-ის პრეზიდენტი, რაც გარანტიას აძლევდა პედაგოგებს, რომ მათი უფლებები იქნებოდა დაცული და ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება დაბალი ხელფასი და მათი ეკონომიკური მდგომარეობის დღითიდღე გაუარესება. ამასთან დაკავშირებით მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ პროფკავშირს დღის წესრიგიდან არ მოუხსნია ბრძოლა პედაგოგთა ხელფასების ზრდის მიმართულებით: „მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირის ძალისხმევით, ხელფასების გარკვეული ზრდა მოხდა, ეს საკმარისი არ არის. საბაზო ხელფასის ზრდის საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს პედაგოგთა 60 000 -იანი არმიის სასარგებლოდ და არა მხოლოდ 171 მასწავლებლისთვის. პროფკავშირი არ დაუშვებს ხელი შეეშალოს მასწავლებელს კრედითქულების დაგროვებაში და სტატუსის მოპოვებაში. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მეტმა პედაგოგმა მიიღოს სტატუსის შესაბამისი დანამატი“- აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა.

სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ ისაუბრა პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ პოფკავშირი მზად არის დაზღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დაზღვეულს და დაეხმაროს მას სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობაში.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა ზესტაფონის სგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორს მასპინძლობითვის.

შეხვედრის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილე ქალბატონებს დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.