მიმდინარე წლის 2 მარტს, თბილისი არტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით და დაფინანსებით ჩატარდა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.

კონცერტის მიზანი იყო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული, სპმთპ-ის წევრი ქალბატონებისთვის დედის დღის მილოცვა და გადაღლილი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ მათთვის ერთი თბილი და სასიამოვნო საღამოს მოწყობა.

„დედის დღეს გილოცავთ! გამომდინარე იქიდან რომ მასწავლებლობა ერთადერთი პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დედობრივი მზრუნველობით დიდ ამაგს დებს ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, 3 მარტს ორმაგი დატვირთვა აქვს. ენით აღუწერელია თქვენი შრომა. თქვენ ხართ მრავალშვილიანი დედები, ვინაიდან მრავალ მოსწავლეს თქვენს მზრუნველობას არ აკლებთ. ყოველ დღე თქვენი პასუხისმგებლობით, ვალდებულებით ძალას და ღონეს არ იშურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის არზრდისთვის. თქვენზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებული ურთულესი პერიოდების მიუხედავად, არასოდეს შეგიჩერებიათ სასწავლო პროცესი და არასოდეს შეგიჩერებიათ ზრუნვა ქვეყნის მომავალზე“ - ამ სიტყვებით მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე თბილისი არტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში მყოფ საზოგადოებას.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის დედაქალაქის, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების ლიდერებს მხარდაჭერისთვის, აქტიურობისთვის და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

საღამოს ესწრებოდნენ თბილისის, გარდაბნის, რუსთავის, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, მცხეთის, დუშეთის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პედაგოგები, აღმზრდელები, ძიძები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.