32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ბავშვის ადრეული განვითარების დონე ის ფუნდამენტია, რომელზეც იგება პიროვნების სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარ-ჩვევები. ამიტომაც ბავშვების, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური განათლება, ადრეული ინტეგრაცია გაცილებით უფრო ეფექტურია, რადგან ამ დროს სოციალური ბარიერები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ადრეული ინტეგრაცია დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, ცვლის მის ხასიათს და უზრუნველყოფს სკოლისთვის მის მომზადებას. შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების, აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების მხრიდან ხშირია მოთხოვნა ჩაუტარდეთ მათთვის განსაკუთრებით საჭირო და აქტუალური ტრენინგი - “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”, რომელიც მათ დაეხმარება შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაში.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ქ. რუსთავის #1 საბავშვო ბაგა-ბაღში, სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლეილა გორგაძის ორგანიზებით, ტრენინგი “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” ჩაუტარდა ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს, აღმზრდელებსა, მათ თანაშემწეებს, ფსიქოლოგებსა და სპეც-პედაგოგებს.

ტრენინგს, რომელსაც 35 მონაწილე ესწრებოდა, სპმთპ-ის “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა.

გარდა თეორიული მასალისა, ტრენერმა მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოებიც შესთავაზა. წარმოდგენილი ვიდეო-რგოლები საშუალებას მისცემს ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პრაქტიკაში, უფრო ადვილად განახორციელონ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა.

ტრენინგის ყველა მონაწილემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლეილა გორგაძეს, ტრენერს, ანასტასია ამისულაშვილს და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს თავისი წევრების კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის.