9 თებერვალს, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დასაქმებულებს შეხვდა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი ჩიტაის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრში, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის 20-მდე საჯარო სკოლის 120 თანამშრომელი ესწრებოდა, მათ შორის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და ზოგადად, საჯარო სკოლებში დასაქმებულები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხობის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ბეატრისა რუსია.

შეხვედრის მიზანი ხობის რაიონული ორგანიზაციის განვითარება-გაძლიერებისა და ახალი წევრების მოზიდვის გარდა, იყო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანების გაერთიანება საერთო ინტერესებისა და საერთო მიზნის გარშემო.

„ჩვენ ყველა ერთად მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოების გაერთიანებით და არა პოპულიზმით ხელი შევუწყოთ უკეთესი პირობების შექმნას... მადლობა იმისათვის, რომ გაერთიანების სურვილით დღეს ჩვენთან ერთად ხართ... მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით შევძლებთ სასურველი შედეგების მიღებას...” - ასე მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე შეხვედრის მონაწილეებს.

მან დეტალურად მიმოიხილა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებში სპმთპ-ის ჩართულობის ასპექტები. ასევე ისაუბრა 2017 წელს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, სპმთპ-ის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა სპმთპ-ის სამომავლო გეგმებიც მოისმინეს და დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დადებით და უარყოფით მხარეებზე: „ბუნებრივია, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის დანამატების ზრდის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ჩვენთვის, ისევე როგორც უფროსი მასწავლებლებისათვის გაუგებარია, რა საფუძვლით მოხდა დანამატების გაზრდა მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის და რატომ არ შეეხო ცვლილება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს. გაუგებარია, რამ განაპირობა ეს და ვთვლით, ამგვარი დიფერენციაცია არაობიექტურია. 2014 წლიდან ვაყენებთ მოთხოვნას მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2015 წლის სექტემბერსა და 2016 წლის აპრილში, როდესაც განხორციელდა საბაზო ხელფასის ზრდა მხოლოდ ორ ეტაპად, თუმცა, ვთვლით, რომ ეს არასაკმარისია პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის“ - აღნიშნა მაია კობახიძემ.

შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ სპმთპ-ის წინადადებას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს 3-4 წლიანი პროგრამა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის თაობაზე, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. პარალელურად ამისა, გაიზარდოს სტატუსის შესაბამისი დანამატები. ამგვარი პროგრამის შემუშავება აამაღლებს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველების მოტივაციას, მისცემს მათ შესაძლებლობას გააქტიურებული ენერგიით იზრუნონ პროფესიული განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის პრესტიჟის ამაღლებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც იგეგემება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგების კითხვების უმრავლესობა ეხებოდა მასწავლებლის სტატუსს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ხელფასების ზრდას, სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლების საკითხს და იმ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პროფესიულ პრობლემებს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს რაიონში აწუხებთ.

მაია კობახიძემ შეხვედრის მონაწილეთათვის საინტერესო და აქტუალურ ყველა შეკითხვას უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი და სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე.

შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს და ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლალი ჩიტაიას ასეთი საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის, რადგან საშუალება მიეცათ პირადად პრეზიდენტისგან მოესმინათ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ასევე ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საჯარო სკოლებში დასაქმებულთა საჭიროებები და პრობლემები: ,,გვაქვს ხშირად შეხვედრისა და პირისპირ საუბრების სურვილი... მადლობა დღევანდელი დღისთვის, იმისთვის რომ შესაძლებლობა მოგვეცით გავცნობოდით საკითხებს, რომლებიც პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება და იმისთვის, რომ გვიჩვენეთ დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები ...“ - აღნიშნეს პედაგოგებმა.