მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ქ. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დასაქმებულებსა და სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრაზე, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ 2017 წელს სპმთპ-ის მიერ მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ერთ-ერთი ძლიერი პროფესიული კავშირია, რომელიც 40000-მდე წევრს აერთიანებს და მუდმივად ახორციელებს საქმიანობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

მაია კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 16 მარტს გაფორმდა დარგობრივი შეთანხმება სპმთპ-ის სოციალურ პარტნიორთან - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რაც ქმნის მყარ გარანტიებს პროფკავშირული საქმიანობის წარმართვის, დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებით და რომ ასეთი ტიპის შეთანხმება, პროფკავშირსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს-სამთავრობო დაწესებულებას შორის, პირველია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

მაია კობახიძემ ასევე ისაუბრა 2017 წელს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, სპმთპ-ის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე.

შეხვედრის მონაწილეებს განსაკუთრებით მიესალმნენ სპმთპ-ის სტრატეგიულ წინადადებას, რაც პედაგოგთა საბაზო ხელფასების ზრდას უკავშირდება.

,,2018 წელს, სპმთპ-ის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტად კვლავ რჩება საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების საკითხის ლობირება წარმოადგენს. სპმთპ-ის წინადადება - ,,საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის საფუძველზე, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 3-5 წელიწადში გაუთანაბრდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს და პარალელურად ამისა გავრცელდეს პედაგოგთა სტატუსის შესაბამისი დანამატები“- აღნიშნა, მაია კობახიძემ.

შეხვედრას სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები: მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი ქეთი ბროძელი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ერთად განისაზღვრა და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-გაძლიერებისთვის.