32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, მაია ესებუა მიმდინარე წლის 31 იანვარს, სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის განვითარება-გაძლიერების მიზნით, სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია ოსეფაიშვილის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ჩოხატაურის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა. ასამდე დამსწრეს შორის იყვნენ, როგორც სპმთპ-ის წევრები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დაწესებულებებში დასაქმებული, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები.

შეხვედრას ესწრებოდა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი შორენა სიხარულიძე.

სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის მხარდასაჭერად, შეხვედრას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლელა ქურიძე და 2017 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ყველასათვის საყვარელი პედაგოგი და სპმთპ-ის აქტიური წევრი, ვლადიმერ აფხაზავა.

სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა 2010 წლიდან დღემდე ორგანიზაციის მიერ განვლილ რთულ გზაზე, განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე, სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად დოკუმენტზე - დარგობრივ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2017 წლის 16 მარტს მოეწერა.

მაია კობახიძემ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე წლის გამოწვევებზეც ისაუბრა.ასევე უპასუხა შეხვედრის მონაწილეთათვის საინტერესო და აქტუალურ შეკითხვებს.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა და შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ზრდის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ და მათი მოგვარების გზებზე.

შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თბილი, საკმაოდ საქმიანი, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.