მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“ - შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

მაია კობახიძე მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციის არსებობის აუცილებლობას. მან ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებისა და სამართლიანობის დაცვა: „საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა 84%-ს ქალბატონები შეადგენენ და ქალთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა და ლობირება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“- აღნიშნა მაია კობახიძემ. სპმთპ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის 16 ივნისიდან, საჯარო სკოლის მასწავლებელთა სასარგებლოდ გადაწყდა პედაგოგთა დროებითი შრომისუუნარობის სრული ხელფასიდან ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხი: „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართვის საფუძველზე, სათანადო ცვლილებები განხორციელდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო სრული ხელფასიდან დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესთან დაკავშირებით, რაც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა საჯარო სკოლის დირექტორისათვის“ - განაცხადა მაია კობახიძემ.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა, ასევე, საჯაროდ ისაუბრა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ქალბატონებისთვის და დღემდე გადაუჭრელია. ეს არის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი, რომელიც განსხვავებულია საჯარო მოხელისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ქალბატონებისთვის: „იქედან გამომდინარე, რომ პედაგოგი არ არის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მასზე, დეკრეტული შვებულების არსებობის შემთხვევაში, ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსის 29-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც პედაგოგს სახელმწიფოს მიერ მიეცემა დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო დამატებით ანაზღაურების უფლება აქვს დაწესებულებას მაგრამ არა ვალდებულება, მაშინ, როდესაც, საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 64 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საჯარო მოხელის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად პერიოდზე შრომითი გასამრჯელო სრული ოდენობით გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან“ - განაცხადა მაია კობახიძემ.

მაია კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ პედაგოგის შემთხვევაში ვრცელდება მხოლოდ ერთი გამონიკლისი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების 231/ნ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს დეკრეტული შვებულება ემთხვევა ყოველწლიურ კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას, დეკრეტული შვებულების დახმარების (1000 ლარი) თანხასთან ერთად მიეცემა შვებულების თანხა სრული ოდენობით. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი რეგულაციაც რიგ შემთხვევებში ირღვევა.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აქტიურად მუშაობს იმ კუთხით, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი საერთო იყოს საჯარო მოხელისთვის და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ქალბატონებისთვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონალური კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში, ფელიქს ჰეტი, ფონდის პროექტების კოორდინატორი, ირინა სეფერთელაძე.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, დიმიტრი ცქიტიშვილი. ქალბატონები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებმაც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგთა კურსი გაიარეს.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მონაწილეობასა და როლზე პოლიტიკაში. გაიმართა დისკუსია. ქალბატონებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.