მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, პროექტის - „ვკითხულობთ რუსთაველს“ - ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის და რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბის დაარსების 5 წლის იუბილე სტუდენტთა კონფერენციით - „პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური კონცეფციები“ - აღინიშნა.

პროექტი -„ვკითხულობთ რუსთაველს“ 15 წელია მიმდინარეობს. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია სპმთპ-ს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ბარისაშვილი.

პროექტისა და ღონისძიების ორგანიზატორმა, თამარ ბარისაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, პროექტში 15- წლიანი აქტიური ჩართულობისთვის: „დღევანდელი ღონისძიება საიუბილეოა, წელს აღინიშნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, კონკურსის - „ვკითხულობთ რუსთაველს“ 15 წლის იუბილე და რუსთაველის კლუბის დაფუძნების 5 წლის იუბილე. დღეს ჩვენ სივრცე დავუთმეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავიანთი ხედვები აქვთ და სამეცნიერო ნაშრომები შექმნეს შოთა რუსთაველთან და მის პოემასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ღონისძიებას ესწრებიან ყველა იმ საჯარო სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ პროექტში - „ვკითხულობთ რუსთაველს“-განაცხადა თამარ ბარისაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლიტერატურათმცოდნემ, ივანე ამირხანაშვილმა. მან პროექტში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და დადაებით მხარეზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა პავლე ინგოროყვას „რუსთველოლოგიური თხზულებანის“ ოთხტომეულზე, რომელიც რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა: „როსტომ ჩხეიძის ინიციატივით გამოცემული ეს ოთხტომეული სამაგიდო და შეუცვლელი წიგნი გახდება ქართველი ფილოლოგებისთვის, საქართველოს ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის. თხზულებანი ძირითადად რუსთველოლოგიას, “ვეფხისტყაოსანს” ეხება, მაგრამ ამასთანავე ეს არის ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევა. ქართული კულტურა განხილულია ევროპული კულტურის, მსოფლიო კულტურის კონტექსტში, უზუსტესი აქცენტებია გაკეთებული. აქ მარტო რუსთაველზე არ არის საუბარი, არც მარტო ისტორიაზე. ძალიან კარგადაა გაანალიზებული იმდროინდელი ქართული კულტურა. კულტურულოგიური კონტექსტი განხილულია პოლიტიკურ ჭრილშიც. მთავარი აზრი, რასაც პავლე ინგოროყვა ავითარებს არის ის, რომ საქართველო ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილი იყო მონღოლების შემოსევამდეც. ეს და სხვა მრავალი საინტერესო და საჭირო მოსაზრებებია წიგნში თავმოყრილი. მიხარია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან რუსთაველით და პავლე ინგოროყვას კვლევებით“ - აღნიშნა ბატონმა ივანე ამირხანაშვილმა.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ისაუბრა პროექტის - „ვკითხულობთ რუსთაველს“ მნიშვნელობაზე. მოკლედ შეაჯამა რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბის 5- წლიანი წარმატებული მუშაობა. მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა სკოლას, კლუბის საქმიანობაში აქტიურად მონაწილე მეცნიერ-ლიტერატორებს, საზოგადო მოღვაწეებს: „მადლობა მობრძანებისთვის, ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის. ქალბატონი თამარ ბარისაშვილი 15 წელია წარმატებით ახორციელებს ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს. 5 წლის წინ, ამ დარბაზში გამართულ ერთ-ერთ დასკვნით ღონისძიებაზე, გაჩნდა იდეა რუსთაველის კლუბის დაარსებისა და ამ წლების განმავლობაში მრავალი საინტერესო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი ღონისძიება ჩავატარეთ. მოვაწყეთ შეხვედრები მეცნიერებთან: გრივერ ფარულავასთან, ელგუჯა ხინთიბიძესთან, პარმენ მარგველაშვილთან, ნოდარ ნათაძესთან, ლაურა გრიგალაშვილთან, ავთანდილ არაბულთან, საზოგადოების ისეთ საპატიო წარმომადგენლებთან როგორებიც არიან: ლევან ბერძენიშვილი, ვასიკო მაღლაფერიძე, გია ალიბეგაშვილი, გიორგი კეკელიძე, გია მურღულია, მიქაელ ჭაბაშვილი. ასევე, შეხვედრა-დისკუსიები გავმართეთ: რამაზ პატარიძესთან, გიორგი კეკელიძესთან, გია ალიბეგაშვილთან. მოვაწყეთ გრიგოლ ფარულავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო, ზურაბ სამხარაძის საიუბილეო გამოფენა, აღვნიშნეთ ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით - „გვმასპინძლობს პოეტი ქალი - რუსუდან კაიშაური“. მოვაწყეთ წიგნების პრეზენტაცია და მრავალი სხვა საინტერესო ღონისძიება. სასიხარულოა ის, რომ პროექტის და ჩვენი კლუბის აქტიური მონაწილეები მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეები და სტუდენტები არიან და დადგა ჯერი აუდიტორიის წინაშე სტუდენტები წარსდგნენ“ -განაცხადა მაია კობახიძემ.

სპმთპ-ს პრეზიდენტი, ასევე, შეეხო იმ მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა სტუდენტებთან პროფკავშირის აქტიური თანამშრომლობა: „პროფკავშირი პირველ ნაბიჯებს დგამს სტუდენტური ორგანიზაციის შესაქმნელად. სტუდენტური გაერთიანება იქნება ახალი სისხლი, ახალი ენერგია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში, მით უფრო იმ პირობებში, რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი ინტერესი აქვს სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლები მოიზიდოს“- განაცხადა მაია კობახიძემ.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან: ნათია ჯანგულაშვილმა, მარიამ ლაღიძემ, ნათია სუბელიანმა, ნანა აფციაურმა, მარიამ პაპაშვილმა და გიორგი გოგუამ საინტერესო სამეცნიერო ნაშრომებით კიდევ ერთხელ გამოკვეთეს რუსთაველისა და საერთოდ, ქართული ლიტერატურის გენიალურობა და გამორჩეულობა.

სტუდენტების მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის დოქტორმა, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ლია კარიჭაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო ნაშრომებისთვის: რუსთაველით, იმ ეპოქით, პავლე ინგოროყვას შრომებით მათი ასეთი დაინტერესებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, თბილისის მე-2, მე-4, 23-ე, 24-ე და 37-ე საჯარო სკოლები დაჯილდოვდნენ პროექტში -„ვკითხულობთ რუსთაველს“- აქტიური და მრავალწლიანი მონაწილეობისთვის პავლე ინგოროყვას „რუსთველოლოგიური თხზულებების“ ოთხწიგნეულით და სიგელებით.

ლარისა მელაძემ, თბილისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა: „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ქართულ სექტორთან ერთად პროექტში აქტიურად მონაწილეობს რუსული სექტორიც და ბავშვები, რომლებისთვისაც ქართული ენა მშიობლიური არ არის, ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ.”

2017 წლის გაზაფხულს, სახელმწიფომ გრანდიოზული ღონისძიებებითა და აქტივობებით აღნიშნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე. ეს დღეც ერთგვარი დაგვირგვინება, ბოლო აკორდი იყო შოთა რუსთაველის იუბილის.