ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის დირექტორი, აშოტ ბლეიანი და სასწავლო კომპლექსის პედაგოგები, ოთხდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებიან.

პროექტი - „ინტერ-კულტურა განათლებისთვის“- ორ წელიწადზე მეტია ხორციელდება. ქართულ-სომხური პროექტის სულისჩამდგმელი სპმთპ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაცია და მისი თავმჯდომარე, ვიქტორია ბალავაძეა. პროექტის მიზანია სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული, მეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საგანმანათლებლო სფეროში გადატანა. პროექტში გლდანის რაიონის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მასწავლებლები არიან ჩართული, რომლებიც სომხური მხარის მიწვევით უკვე იმყოფებოდნენ ერევანში რათა ადგილზე ენახათ ის სიახლეები, მიდგომები, გამოცდილება, მეთოდები, რასაც აშოტ ბლეიანი კოლეგებთან ერთად 20 წლის განმავლობაში წარმატბით ახორციელებს.

გლდანის ტექნოლოგიურ კოლეჯში გაიმართა ოთხდღიანი პროგრამის გახსნა. შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გლდანის ტექნოლოგიური კოლეჯის სტუდენტების სხვადასხვა სახის ნამუშევრები.

აშოტ ბლეიანმა საავტორო სასწავლო პროგრამის - „სწავლა გართობით“ -პრეზენტაცია წარმოადგინა. ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსში შექმნილია სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების საავტორო საგანმანათლებლო პროგრამა - სკოლა ბაღით. სწორედ ეს არის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გლდანის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გლდანის რაიონის 205-ე, 190-ე და 216-ე საბავშვო ბაღებში, სომეხი და ქართველი პედაგოგების ერთობლივი საქმიანობები, გამოცდილებების გაზიარებისა და გაცვლის მიზნით. სტუმრები, ასევე ეწვევიან ს. არაგვისპირის საბავშვო ბაღს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპმთპ-ს პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ნათია კორძაძე, საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა, გლდანის რაიონის (ლუწი მიკრო რაიონების) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ გრიგოლია, გლდანის რაოინის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, მადლობა გადაუხადა ამ საინტერესო და სასარგებლო პროექტის ორგანიზატორებს, პროექტის ყველა მონაწილესა და საერთოდ, ყველა პედაგოგს აქტიური საქმიანობისთვის. ვრცლად ისაუბრა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პედაგოგებისთვის სტატუსის დაბრუნების პროცესში პროფკავშირის საქმიანობის შესახებ. ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც სკოლამდელი აღწრდის დაწესებულებების მასწავლებლებს აკისრიათ, რადგან სწორედ მათგან იწყება უწყვეტი განათლების მთელი ციკლი და აღნიშნა, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის მზად არის ყველა პედაგოგის, ყველა პროექტის, აქტივობის მხარდასაჭერად და წასახალისებლად.

ღონისძიებაზე გლდანის რაიონის სამი პედაგოგი, აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და სხვადასხვა პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.

სპმთპ–ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის რაიონის ს. ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა. ვლადიმერ აფხაზავამ წარმატებები უსურვა სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებს: ,,მე ვარ მასწავლებელი ჩიბათიდან, ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება მადლობის სიგელი გადამეცა წარმატებული მასწავლებლისათვის...მეზობელ ქვეყნებთან მეგობრობით და თანამშრომლობით, თქვენ დაიწყეთ სიკეთის ეპიდემიის გავრცელება და გისურვებთ, ბევრი საინტერესო აქტივობების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და წარმატებული საქმიანობის პარტნიორულ რეჟიმში გაზიარებას”. ვლადიმერ აფხაზავამ, ასევე, ისაუბრა მასწავლებლის როლზე და საგანმანათლებლო სისტემაში თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.

სომეხმა სტუმრებმა სომხური და ქართული სიმღერები მასპინძლებთან ერთად შეასრულეს.

აშოტ ბლეიანმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ვიქტორია ბალავაძეს, სპმთპ-ს პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, გლდანის ტექნოლოგიური კოლეჯის დირექტორს, ნოდარ ხარაზიშვილს, ქართველ პედაგოგებს მასპინძლობისთვის და მასწავლებლების ახალი ჯგუფი სასწავლო კომპლექსის საქმიანობის ადგილზე გასაცნობად ერევანში მიიწვია.