kindersსპმთპ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ამიერიდან ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლები სრულად ისარგებლებენ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით!

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს არ ეძლეოდათ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება.

სპმთპ-მა მოახდინა მყისიერი რეაგირება და იურიდიულმა დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის შესწავლა, რის შედეგადაც, წერილი გაეგზავნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორისგან მიღებული პასუხით გაირკვა, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მოქმედებდა 2017 წლის 28 თებერვლის #01-03-21-1 ბრძანება, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას და უფლებას ართმევდა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ესარგებლათ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით.

კერძოდ, „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის დამტკიცების თაობაზე“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
გ) კარანტინის გამო;
დ) პროთეზირების გამო.“

როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის წერილიდან გაირკვა, 2017 წლის 28 თებერვლის #01-03-21-1 ბრძანების მიხედვით, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს უფლება ეძლეოდათ, ესარგებლათ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ავადმყოფობის გამო შვილის მკურნალობის, დასაქმებულის მიერ მცირეწლოვანის შვილად აყვანის, ორსულობის ან/და მშობიარობის და დასაქმებულის სტაციონარული მკურნალობის გამო,“ რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მის მიერ მსგავსი უკანონო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მიუთითა შემდეგი არგუმენტები:

ამ ბრძანების გამოცემამდე ააიპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან სისტემატიურად დაიწყო საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე და ამბულატორიული მკურნალობის გამო შრომითი ურთიერთობების შეჩერება მათი საავადმყოფო ფურცელზე გასვლის გამო“.... „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციას გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ თანამშრომლების მიერ შეგნებულად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდების და ზედმეტი დასვენების დღეების მოწყობის მიზნით ხდებოდა საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის“ მიმართვა. სწორედ ეს გახდა „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მიერ 2017 წლის 28 თებერვალს #01-03-21-1 ბრძანების მიღების საფუძველი“–აღნიშნულია წერილში.

როგორც ვხედავთ, „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მიერ დასახელებული არგუმენტები მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ ორგანულ კანონს - საქართველოს შრომის კოდექსს და „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის დამტკიცების თაობაზე“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანებას. ამასთან, თუ ფიქსირდება შემთხვევები ყალბი ბიულეტენების გაცემის თაობაზე, ან არასწორად შევსებული ბიულეტენების კონკრეტული მაგალითები, მაშინ ვურჩევთ საბავშვო ბაღების გაერთიანებას მიმართონ კომპეტენტურ ორგანოებს, საკითხის შესწავლისა და შემდგომი მკაცრი რეაგირებისათვის.

ამასთან დაკავშირებით, სპმთპ-მა კიდევ ერთხელ მისწერა „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ და განუმარტა კანონის მოთხოვნები.

პასუხად, მივიღეთ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 28 თებერვლის #01-03-21-1 ბრძანების მოქმედება შეწყდა და ამიერიდან ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლები შეძლებენ, სრულად ისარგებლოდ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებით, მათ მიერ კანონით დადგენილი წესით შევსებული საავადმყოფო ფურცლების წარდგენის შემდეგ.

სპმთპ მადლობას უხდის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორს თანამშრომლობისთვის და კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნების შემცველი ბრძანების გაუქმებისთვის.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ინტენსიურად ზრუნავს წევრების/პოტენციური წევრების შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისა და დაცვისათვის.