32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
6876მ.წ. 17 და 18 მაისს სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროფესიული განათლების დარგში მიმდინარე პროცესების წარდგენისა და სპმთპ-ის ხედვების გაცნობის მიზნით ჰელსინკში, ევროპის პროფკავშირების ინსტიტუტისა (ETUI) და ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ETUCE-ETUI-ის მიერ გამართული ვორქშოპის ,,მასწავლებელთა და ტრენერთა განვითარების ხელშეწყობა ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის” მთავარ მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა და ტრენერთა ჩამოყალიბებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ტრენინგების უზრუნველყოფა, ასევე, ფინეთის განათლების სისტემის წარმატებული და პრაქტიკული მაგალითების გაცნობა.

ETUCE-ETUI-ის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირის მოთხოვნები და რეგულაციები გააცნეს პროფესიული განათლების სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კომპეტენციებთან დაკავშირებით: “რიგის 2015 წლის რეკომენდაციები”, “ევროპის 2016 წლის უნარების განვითარების დღის წესრიგი” და “ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგია პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში”. ასევე, ორდღიან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის შემუშავებული პროგრამები და რეკომენდაციები პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა პროფესიული კავშირების
ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე ფინეთის განათლების სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა და ფინეთის მასწავლებელთა პროფკავშირებმა (OAJ) საკუთარი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის წარმატებული მაგალითები წარმოადგინეს. სატრენინგო პროგრამის ბოლოს მონაწილეებმა ანალიზი გაუკეთეს მიღებულ გამოცდილებას პროფესიული განათლების სისტემებთან მიმართებაში. კერძოდ, ევროკავშირის მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ როგორ უნდა მომზადდეს პროფესიული განათლების კვალიფიციური კადრები იმისათვის, რომ შემცირდეს უმუშევრობის დონე და გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან ETUCE-ETUI  პროფესიული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებს ისეთ თემებზე როგორიცაა “პროფესიული განათლება, როგორც უწყვეტი განათლების სეგმენტი და მასწავლებელთა პროფკავშირების როლი”; “ინკლუზია პროფესიული განათლების სექტორში”; “პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ტრენერთა მოზიდვა და დამაგრება”; “მასწავლებელთა პროფკავშირების როლი პროფესიული განათლების ხარისხის მართვისთვის”; “პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ტრენერთა კომპეტენციების განვითარება” და სხვა.