32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12118997 963576217033214 1179971018391054138 n საზეიმოდ დახვდნენ ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის წარმომადგენელს ჯოანა ბრემენს თბილისის 37-ე საჯარო სკოლაში. ქართული ნაციონალური ცეკვა, საგანგებოდ მოწყობილი შემოდგომის კუთხე, მოსწავლეების მიერ გადაღებული სოციალური ვიდეო-რგოლი თემაზე „არა ძალადობას“, ბავშვთა უფლებების კონვენციასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ გამოთქმული საკუთარი მოსაზრებები - 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების წინაშე აქტიური დიალოგი გამართეს ინგლისურ ენაზე, რაც სკოლის პედაგოგთა მუშაობის თვალსაჩინო შედეგია. 
თავის მხრივ სკოლის დირექტორმა, ლარისა მელაძემ ისაუბრა სკოლაში შექმნილ თვითმმართველობის სტრუქტურაზე და ყურადღება გაამახვილა სკოლაში დამკვიდრებულ დემოკრატიულ ღირებულებებზე. ასევე ისაუბრა ინკლუზიურ განათლებაზე და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში ყველანაირი პირობები არსებობს იმისთვის, რომ შშმ მოსწავლეებმა თავისუფლად ისწავლონ. ქალბატონმა ლარისამ მადლიერება გამოთქვა მანდატურის სამსახურის მიმართ და განაცხადა, რომ მათი სკოლის მთავარი დევიზია ტოლერანტობა ნებისმიერი ეროვნების მოსწავლის მიმართ. 
შეხვედრა დაასრულა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. ქალბატონმა მაიამ მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და განსაკუთრებით მოსწავლეებს საინტერესო დიალოგისა და გულთბილი დახვედრისთვის. სპმთპ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების და მასწავლებლების უფლებები 37-ე საჯარო სკოლაში ნამდვილად დაცულია და ეს სკოლა ვითარდება დემოკრატიის პრინციპების მკაცრი დაცვით. ქალბატონმა მაია კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს პროფკავშირული ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში პროფკავშირისთვის მთავარია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების დაცვა. სპმთპ-ს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ქალბატონ ჯოანა ბრემენს, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციას სპმთპ–თან პარტნიორობისა და დიდი ხნის მეგობრობისთვის.