32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
10382815 983417241715778 7849006682215034223 n მიმდინარე წლის 25-27 დეკემბერს, აშშ-ის სოლიდარობის ცენტრის პროგრამების ფარგლებში, სპმთპ-ის წარმომადგენლებმა დაბა ბაკურიანის სასტუმრო ,,მთის ბროლში“ სემინარი ჩაატარეს. სემინარის ორგანიზატორი და ინიციატორი იყო სპმთპ–ის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიული სოზიაშვილი. სემინარში მონაწილეობა მიიღეს კასპის რაიონის დირექტორებმა და პროფკავშირის აქტიურმა წევრებმა, 16 საჯარო სკოლიდან. 
სემინარი გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, რომელმაც პროფკავშირის სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვისათვის სოციალური დიალოგის მნიშვნელობა განმარტა. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა კასპის რაიონული ორგნიზაციის თავმჯდომარეს გიული სოზიაშვილს გაწეული თავდადებული მუშაობისათვის და განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნა კასპის რაიონული ორგანიზაციის განვითარების ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერები. მაია კობახიძის განმარტებით პროფკავშირის როლი ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელისუფლებასთან მიმდინარე კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე მიღებული შედეგები გააცნო სემინარის მონაწილეებს.
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში ჩართულობის მნიშვნელობის და იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ახალ სქემას უკავშირდება. 
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ სემინარზე განიხილა საგანამანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენი), დეკრეტული შვებულებისა და კუთვნილი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულებების გამოანგარიშების წესი.
სემინარის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩენეს და შეკითხვები დასვეს მივლინების თანხის ანაზღაურებასა და გაცდენილ საგაკვეთილო საათებზე ჩამნაცვლებელი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების წესის შესახებ. 
სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობებზე და აღიარებაზე ისაუბრა. მან სემინარის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო ნორმებით აღიარებული კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების ვალდებულებები და პროფკავშირის უფლებები. მარინა ალუღიშვილმა საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დაასახელა და სპმთპ-ის პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. 
ერთობლივი სემინარის მიზანი იყო პროფკავშირის როლის, საქმიანობის და მნიშვნელობის, ფუნდამენტური ღირებულებებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების, სოციალური დიალოგის მექანიზმების და სოციალური დიალოგის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის, სემინარის მონაწილეებისათვის გაცნობა. 
სპმთპ მადლობას უხდის კასპის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.