32 2 37 30 67
 contact@educator.ge

მომავალი თაობის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვა, მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქვეყნის მომავალი განვითარების საფუძველია, რაშიც უდიდესი წვლილი შეაქვს სკოლამდელ დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს. ჩვენთვის და პედაგოგთა საზოგადოებისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეებია. მათთვის იმ ცოდნისა და უნარების განვითარებისათვის ზრუნვა, რაც მათ სჭირდებათ თვითრეალიზებისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის წინაპირობაა.

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1949 წელს, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. აღნიშნული თარიღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ისტორიაში ცალსახად არ არის მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა, სან-ფრანცისკოში, თავი მოუყარა მიუსაფარ ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა კანის ფერის მიხედვით ბავშვების ფიგურები.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ გაუკეთონ მათ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუფერადონ ცხოვრება.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველ წელს აღნიშნავს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და საქველმოქმედო აქცია-კონცერტებით, რომელშიც მონაწილეობენ სპმთპ-ის წევრ პედაგოგთა და სხვა დასაქმებულთა შვილები და შვილიშვილები.

სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, როდესაც სოციალური დისტანცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბავშვთა დაცვის დღის ტრადიციულად მასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ჩვენი ქვეყნის მომავალს - ნიჭიერ, ლამაზ და მრავალმხრივ განვითარებულ თაობას, ვულოცავთ მათი უფლებების დაცვის დღეს! დაე, ბედნიერი ბავშვობა გქონოდეთ, ჯანმრთელებს და უზრუნველებს გევლოთ საქართველოს მადლიან მიწაზე!

წინ უკეთესი დღეები და მომავალი გელით...