32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში. რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია გოჩა ძაგანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ტრენერი.

168186343 369227180874381 4556700137361786399 n

დოსიე: დავიბადე 1968 წლის 13 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში. დედა – ლალი ღვინჯილია პროფესიით მეაბრეშუმე,  მამა– გრიგოლ ძაგანია  მათემატიკის მასწავლებელი და საქართველოს დამსახურებული პედაგოგი. მყავს უფროსი და-ძმა; ძმა – ინჟინერი და– ტექნოლოგი. ვარ დაოჯახებული, მეუღლე- ნაზი ჩხარტიშვილი ინგლისურის წამყვანი პედაგოგი. მყავს ორი შვილი: სოფო ძაგანია ივ.ჯავახიშვილის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო გიგა ძაგანია აბიტურიენტია და მასაც მათემატიკოსობა სურს.                           

 1985 წელს დავამთავრე სოფელ ონოღიას საჯარო სკოლა, 1992 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მათემატიკის ფაკულტეტი. 1993 წელს დავიწყე მუშაობა სოფელ ონოღიის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, 2000 წლიდან 2010 წლამდე ვიყავი ამავე სკოლის დირექტორი. 2010 წელს წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და გავხდი უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2016 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი.

2008-2009 წლებში, განათლების პროფკავშირების დაფინანსებით, გავიარე ტრენერი მასწავლებლის ტრენინგები გია ნოზაძის ხელმძღვანელობით და მომენიჭა მათემატიკის ტრენერ-მასწავლებლის კვალიფიკაცია.

166516370 939416540160917 4458106627997335666 n

 მასწავლებლებს ვუტარებდით ტრენგებს როგორც საგნობრივი, ასევე სწავლების მეთოდების მიმართულებით. ვიყავი პროექტ „ჯიპრაიდის“ ტრენერი მათემატიკის მიმართულებით,ამასთანავე მასწავლებელთა სახლის პროექტ „მილენიუმის“ ტრენერი მათემატიკის მიმართულებით. ტერნინგების ჩატრება მომიწია დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში, რაც უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის. გულწრფელად მინდა აღვნიშნო, რომ გარდა პროფესიული განვითარებისა, ჩემმა ტრენერობამ შემომატარა საქართველო და უამრავ ნიჭიერ ადამიანთან დამაახლოვა.

ამჟამად ვარ მასწავლებელთა სახლის პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ტრენერი.

                           რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი?

მამა პროფესიით  მათემატიკის მასწავლებელი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი გახლდათ, ბავშვობიდანვე მესმოდა მათემატიკაზე საუბარი. წიგნების კარადა სავსე იყო მათემატიკის წიგნებით, მამა იყო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მე–5 დან მე–11 კლასის ჩათვლით (მაშინ 11 კლასი იყო).ვფიქრობ, ასეთმა გარემომ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროფესიად მათემატიკის მასწავლებლობა ამერჩია. დღეს ვარ მათემატიკის მასწავლებელი იმ სკოლაში, რომელიც დავამთავრე და სადაც ერთ დროს მამაჩემი იყო მათემატიკის წარმატებული მასწავლებელი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევასთან ერთად, დიდი პასუხიმგებლობაცაა.

როგორც ვიცი, აქტიურ პედაგოგიურ ცხოვრებას ეწევით, რომელ სკოლაში მუშაობთ და რა ნიშნით გამოირჩევა თქვენი სკოლა სხვა სკოლებისგან?

1993 წლიდან ვმუშაობ მათემატიკის მასწავლებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში. ეს სკოლა ბევრი ნიშნითაა ჩემთვის მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ 1985 წელს ეს სკოლა მაქვს დამთავრებული, ამ სკოლის კედლებში მამაჩემმა 55 წელი იმუშავა მათემატიკის მასწაველბლად, აქედან 40 წელი იყო ამავე სკოლის დირექტორი. ასევე ვიყავი ამ სკოლის დირექტორი 2000 –2010 წლებში. ყოველივე ზემოთ აღნიშნული,  ნამდვილად გამორჩეულს ხდის ამ სკოლას ჩემთვის. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ სკოლაში მუშაობა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო და არის ჩემთვის.

167800379 875729109659959 1872859924734593270 n

რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება განვითრება, რა თქმა უნდა გამონაკლისი არც პედაგოგია.  მასწავლებლობაა ის პროფესია, რომელიც მუდმივ პროფესიულ ზრდას საჭიროებს. გაკვეთილი ყოველთვის უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, გაკვეთილის ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს მოსწავლეებს შეასწავლოს საგანი მათემატიკა როგორც მეცნიერება, მასწავლებლისთვის საგანი უნდა იყოს საშუალება მოსწავლეებს განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. ამის მიღწევა გაკვეთილზე თავისუფალი გარემოს გარეშე შეუძლებელია, ამიტომ, ვცდილობ, გაკვეთილზე დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გამოხატონ საკუთარი აზრი, იმსჯელონ, იკამათონ, დაასაბუთონ სხვადასხვა არგუმენტებით საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები. სწორედ ესაა გაკვეთილის ჩატერებისას ჩემი მთავარი მიზანი, რომელსაც ვახორციელებ  სწავლების ისეთი მეთოდებით, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებმა თვითონ ააგონ ახალი ცოდნა და იყვნენ მოქმედებისა და გაადწყვეტილების მიღების ცენტრში. ასეთი გაკვეთილების დაგეგმვა, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მოსწავლეებზე, ადვილი არაა და მუდმივად საჭიროებს განვითრებას, რაშიც ტერნინგების გავლის გარდა, მნიშვნელოვნად მეხმარება საკუთარი გაკვეთილების რეფლექია, რითაც ვსწავლობ როგორ ვასწავლო.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

რადგან პროფესიად ავირჩიე მასწავლებლობა, შესაბამისად ჩემთვის წარმატებაა გაკვეთილზე მოტივირებული მოსწავლეები, მათგან წამოსული მუხტი და განცდა იმისა, თუ როგორ უხარით მოსწავლეებს შენი ჩატარებული გაკვეთილი.აქედან გამომდინარე, პროფესიული თვალსაზრისით, ჩემი მოტივაცია სწორედ მოსწავლეებია. ბუნებრივია, მასწავლებლად ვერ ჩამოყალიბდები თუ ბავშვები არ გიყვარს, აგრძნობინე ბავშვებს რომ გიყვარს და ისინი აუცილებლად შეგიყვარებენ. ასევე მინდა აღვნიშნო, მასწავლებლის მთავარი საქმე მოსწავლეების ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა, შესაბამისად ჩემ წარმატებად ვთვლი, როდესაც ვხედავ ჩემი ნამოწაფრები როგორი წარმატებულები არიან თავიანთი სფეროებში ეს იქნება მათემატიკის პედაგოგები, ექიმები, ქვეყნის დამცველი ჯარისკაცი თუ ფერმერი. რა თქმა უნდა მათი შედეგები ჩემი კოლეგების შრომის შედეგია, მაგრამ როდესაც ვაცნობიერებ რომ ამ საქმეში მეც მაქვს ჩემი მოკრძალებული წვლილი შეტანილი, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და მაძლევს მოტივაციას. როდესაც შეგხვდება უკვე დაღვინებული ნამოწაფარი და გულწრფელად მადლობას გიხდის იმ ამაგისთვის, რაც მის მიმართ გაგიწევია, დამიჯერეთ ამაზე უფრო დიდი ჯილდო და მოტივაცია მასწავლებლისთვის არ არსებობს.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

ახალგაზრდობა ცუდი არ არსებობს, მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ მათი სწორად აღზრდისთვის. რამდენად ვუსმენთ მათ და შესაბამისად რამდენად ვთავაზობთ მათთვის საინტერესო მეთოდებს. აქედან მოდის მოტივაციაც და ნაკლები პრობლემები სწავლის პროცესში. ახალგაზრდობა აზროვნებს პრაგმატულად, ისინი თუ არ დაარწმუნე იმაში, რომ საგნის სწავლა მას გამოადგება მომავალში - ისინი არ სწავლობენ. ამიტომ დღეს სწავლობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც აპირებენ სწავლის გაგრძელებას. წინა თაობაში ეს ნამდვილად არ იყო საჭირო,რადგან ყველა სწავლობდა სურდა თუ არა სწავლის გაგრძელება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს „ახალი სკოლის მოდელი“ და იმედი მაქვს, მოდელის მიდგომები შეცვლის სიტუაციას.

 როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

დროის სვლასთან ერთად ცხოვრება იცვლება, ვითარდება  ტექნოლოგიები, მეცნიერებებში ხდება სხვადასხვა აღმოჩენები, შესაბამისად, ვითარდება პედაგოგიკაც ანუ სწავლა/სწავლების მიდგომები. ძველი მიდგომები იყო ასეთი: მოსწავლის ცოდნა  გამოიხატებოდა ბევრი ინფორმაციის ფლობაში და არა მის გაგება, გააზრება, გამოყენებაში. ახალი მიდგომების მთავარი მიზანი არა ინფორმაციის დაგროვება, არამედ ინფომაციის თავად მოძიების გაგება, გააზრების და კრიტიკულად შეფასების უნარის გამომუშავებაა, ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს მოსწავლეების დარწმუნება საკითხის სწავლების აუცილებლობაში, რის შემდეგაც მოსწავლეს არ გაუჩნდება კითხვა რისთვის მჭირდება მათემატიკა ან რომელიმე სხვა საგანი, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ახალი სკოლის მოდელი, რომელმაც მასწავლებელს განუსაზღვრა გრძელვადიანი მიზნები, რომელიც იძლევა საშუალებას გაკვეთილები დაიგეგმოს ბევრად მოსწავლეებზე მორგებული, ხოლო კომპლექსური დავალების საშუალებით ხდება მოსწავლეებს დავანახოთ საკითხის აქტუალობა და მისი გამოყენება ცხოვრებაში, ასეთი მიდგომები, იმედია, რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და სწავლა/სწავლება მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდება.

ეროვნული გამოცდები უნდა აფასებდეს იმ უნარებს, რომელზეც ყურადღება მახვილდება სკოლაში, შესაბამისად საკითხების ცვლილება იმ მიზნით, რომ შეფასდეს მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნება, სწორად გადადგმული ნაბიჯია.

რა შეიძლება ითქვას სქემაზე? სქემა არ უნდა გადაიქცეს „ქაღალდომანიად“,  მან არ უნდა გახადოს მასწავლებლები კრედიტებზე მონადირეები, არამედ სქემა უნდა აჩვენებდეს მასწავლებლების განვითარების გზას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. სქემის დაძლევა ავტომატურად უნდა ნიშნავდეს, რომ მასწავლებელი აკმაყოფილებს თანამედროვე მიდგომებს. სწორედ ამ მიმართულებით შეიცვალა სქემა, რაშიც საქათველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აქტიურად იყო ჩართული, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

ახალ რეალობასთან გადაწყობა არ გამჭირვებია. სამინისტრომ კარგი პლატფორმები შემოგვთავაზა სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩემთვის ბევრი სიახლე იყო ამ პლატფორმებთან მუშაობის პროცესში, ამიტომ პირველ ეტაპზე მთელ ჩემს დროს კომპიუტერთან მუშაობას ვუთმობდი და შემდეგ მიღებულ გამოცდილებას ჩემს კოლეგებსაც ვუზიარებდი. პანდემიამ დაგვანახა როგორც პედაგოგებიში, ასევე მოსწავლეებში არსებული პრობლემები კერძოდ, თუ რამდენად აუცილებელია დღეს ყველა ფლობდეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს საკმაოდ მაღალ დონეზე. პანდემიამ გააკეთა ერთი კარგი საქმე - პედაგოგები და მოსწავლეები გაეცვნენ დისტანციური (ონლაინ) სწავლების მეთოდებს, რაც სამომავლოდ შეიძლება დიდი წარმატებით გამოყენებულ იქნეს სწავლა/სწავლების პროცესში.

მასწავლებელი-კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

მასწავლებელი, რომელსაც თითქმის ყოველდღე უხდება ბავშვებით სავსე ავდიტორიის მართვა, როდესაც მოსწავლეებისთვის გიწევს ისეთი საკითხების სწავლება, რომელიც შესაძლებელია მოსწავლეებს სულაც არ აინტერესებდეს, ამის კეთება ლიდერობის უნარების გარეშე შეუძლებელია. ვფიქრობ, ყველა პედაგოგი უნდა იყოს ბუნებით ლიდერი. სწორედ ამ თვისების გამო შეძლეს მასწავლებლებმა და მთლიანად განათლების სამინისტრომ ისეთი მასშტაბური კრიზისის მართვა როგორიც იყო პანდემია. მასწავლებელთა უმრავლესობამ კარგად აუღო ალღო დისტანციურად სწავლების მეთოდებს, რამაც საგრძნობლად შეამცირა ის ზიანი რაც შეიძლება პანდემიას გამოეწვია განათლების მიმართულებით.

თქვენ სტატუსით წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით, დამატებით ტრენერად მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ. პროფესიული წარმატების გზაზე, ალბათ, ბევრი დაბრკოლება შეგხვდებოდათ, რომელსაც გაუმკლავდით. როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს.

დიახ, წამყვანი მასწავლებელი ვარ, ტრენერთა სკოლაც გავიარე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი ვარ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების მათემატიკის ექსპერტი ვარ სამეგრელოს რეგიონში, ასევე ვარ სპმთპ ტრენერი; რომ გითხრათ მარტივი იყო ამ გზის გავლა არ ვიქნები მართალი, ახლაც მახსენდება 22 წლის პედაგოგი იმ სკოლაში, რომელიც ახალი დასრულებული მქონდა სასწავლებელი, როგორ ვდგამდი პირველი ნაბიჯებს - როგორც პედაგოგი, როგორ არ დამეძინა პირველი გაკვეთილის წინა ღამეს, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობამ და ჩემი უფროსი კოლეგების, რომლებიც ჩემი პედაგოგები იყვნენ, გვერდში დგომით ჩამოვყალიბდი ისეთ პედაგოგად, როგორიც ვარ. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ტრენერის მიმართულებით. ჩემი როგორც ტრენერის პირველი ნაბიჯები სპმთპ და მისი მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონი ვივინა ძიძიგურის დამსახურებაა. მან მირჩია, მონაწილეობა მიმეღო სპმთპ–ის მიერ ტრენერობაზე გამოცხადებულ კონკურსში. სწორედ ამ პროექტში მოხდა ჩემი ჩამოყალიბება ტრენერად, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის პროექტის ხელმძღვანელს, მათემატიკის მიმართულებით, ბატონ გია ნოზაძეს.  ამის შემდეგ მოხდა ჩემი ტრენერად აყვანა მასწავლებელთა სახლშიც, ახლაც მახსენდება მასწავლებელთა სახლში გამართული ტრენერთა კონკურსი, სადაც 500-ზე მეტი გამოცდილი პედაგოგიდან 45 ტრენერი უნდა აერჩიათ, ამ კონკურსში გამარჯვებამ დიდი სიხარული მომანიჭა და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა.

168295242 1674630262744190 1691311647746078720 n

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან დაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის როლი ქვეყნის განვითრებაში მნიშვნელოვანია, ის არის ერთგვარი ხიდი პროფესიული ნიშნით გაერთიანებულ ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის, გამონაკლისი რა თქმა უნდა არც პედაგოგთა პროფკავშირებია. მნიშვნელოვანია, რომ სპმთპ, ერთის მხრივ, აქტიურად მონაწილეობს კანონში ისეთი ცვლილებები იქნას  მიღებული, რომელიც მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს; მეორეს მხრივ ყველანაირად ეხმარება მასწავლებლებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომელიც მას სქემის თუ სხვა საკანონმდებლი აქტებით ევალება, ასე იყო სქემის შემთხვევაში, როდესაც სპმთპ-მ დაგეგმა ტრენინგები, რომლითაც დაეხმარა პედაგოგებს როგორც გამოცდების ჩაბარებაში, ასევე კრედიტების დაგროვებაში.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

მთავარია ერთი რამ გააცნობიერონ პედაგოგებმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მთავარი მამოძრავებელი ძალა წევრებია ანუ პედაგოგები, რაც მეტი პედაგოგი იქნება გაერთიანებული, მით მეტი ძალა ექნება ორგანიზაციას მოსთხოვოს ხელისუფლებას მასწავლებლების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რასაც აკეთებენ კიდევაც. იგივე სქემაში შეტანილი ცვლილებები, რომელმაც მასწავლებლებს მისცა დრო და საშუალება დაეძლიათ სქემის მოთხოვნები სწორედ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დამსახურებაა, ასე რომ თუ პედაგოგები გაერთიანდებიან პედაგოგთა პროფკავშირში, ეს ხელს შეუწყობს როგორც პედაგოგების პროფესიულ ზრდას, ასევე მათი პირობების გაუმჯობესებას.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა, რომ..

მინდა, რომ საქართველო იყოს გაბრწყინებული ქვეყანა, რომელიც მხოლოდ განათლებულ თაობას შეუძლია, განათლებულ თაობის აღზრდას კი ძლიერი პედაგოგი. რაც მეტი თანამედროვე პედაგოგი გვეყოლება ქვეყანაში, მით მალე მოხდება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს გვაწუხებს.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა