32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2006 წელს პირველად საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღის - 5 ოქტომბრის აღნიშვნა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა“დაიწყო და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციები ადგილობრივ დონეებზე აღნიშნავენ მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით დაფასების დღეს, რაც ერთგვარად ტრადიციული ხასიათის გახდა. წლევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაკიღა შეზღუდულები ვიყავით მასობრივ თავყრილობებს, აქედან გამომდინარე, არ გვინდოდა საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი დღე უყურადღებოდ დაგვეტოვებინა და ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა 5 ოქტომბრის აღნიშვნის პროცესში. ეს დღე, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ძვირფასია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან სკოლას და მომავალი თაობის აღზრდის პროცესს, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია, კვალიფიკაცია, გამოცდილება მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩადეს და ცხოვრება მიუძღვნეს სკოლას. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე მოვახდინეთ აქცენტირება და საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 50 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგები. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა, ასაკოვანმა პედაგოგებმა სხვადასხვა ფორმაციაში დიდი გზა და გამოწვევები გაიარეს, წინ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მით უმეტეს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემაა. ჩვენი მოკრძალებული წვლილით, რომელიც აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობის ორგანიზაციის გვერდზე წარმოჩინებით გამოიხატება (იმედია, არ გვიწყენთ, თუ ვერ შევძელით ყველა პედაგოგის წარმოჩენა); ინტერვიუს ფორმატით მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5 ოქტომბრის დამფუძნებელთა გზავნილს: 5 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. p.s.საინტერესოა, წარმატებული, ასაკოვანი პედაგოგების მდგომარეობა თანამედროვე რეფორმის გამოწვევების პირისპირ.

ამჟამად ჩვენი სტუმარია ხობის მუნიციპალიტეტის, თორსის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი იზოლდა გვაგვალია, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის წოდება, სკოლაში მუშაობის ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით.

i

დოსიე: დავიბადე აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში 1947 წლის 8 სექტემბერს - პედაგოგთა ოჯახში. 1966 წელს საბერიოს საშუალო სკოლის მედალზე დამთავრების შემდეგ, ვმუშაობდი ამავე სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად. 1967წელს ჩავირიცხე სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1972 წელს. 2 წელი ვიმუშავე გალის რაიონის, სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. დაოჯახებასთან დაკავშირებით, 1972 წლიდან 1984 წლამდე სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ხობის რაიონის ჯერ ქარიატის, შემდეგ შუა ქვალონის საშუალო სკოლებში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. 1984 წლიდან ამავე რაიონის, საქირიოს საბაზო სკოლაში. სკოლების ოპტიმიზაციის შემდეგ, 2016 წლიდან დღემდე ვმუშაობ თორსის საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. მყავს შვილი და შვილიშილები.

ვამაყობ ჩემი პროფესიით. ვარ სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი.მაქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის წოდება.მიყვარს ბუნება და ბავშვები. შემოქმედებითი მუშაობა.ჩემთვის ჩუმად ვწერ ლექსებს და ვაკეთებ პატარა ჩანახატებს. მიყვარს აქტიური ცხოვრება, პროექტებზე მუშაობა, პრობლემური საკითების გამოკვეთა და გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. რაიონის მასშტაბით, ვატარებ ექსპერიმენტულ-ინტეგრირებულ გაკვეთილებს მშობელთა მონაწილეობით, ბოსტანში ბოსტნეულ კულტურეზე ცდების ჩატარება. სკოლაში ბავშვებს ვუნერგავ სხვადასხვა სახის პროექტებზე მუშაობის, კვლევა-ძიების, მოსწავლეთა რესპუბლიკურ- შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობის, პ რეზენტაციის უნარ-ჩვევებს. მიყვარს ახალგაზრდა კოლეგებზე გამოცდილების გაზიარება. ვარ კათედრების გამგე, საკათედრო ქსელისა და შიდა შეხვედრების კურატორი, მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებული ყველა ტრენინგის აქტიური მონაწილე. განსაკუთრებით ეფექტური იყო მასწავლებელთა და დირექტირთა ერთობლივი მილენიუმის ტრენინგები. ასევე ვარ ,,ბიო“-ს წევრი და ვესწრები ყველა ტრენინგს. არაერთგზის ვიყავი სკოლაში წლის საუკეთსო მასწავლებელი.ზოგჯერ ადგილობრივ პრესაშიც წერენ ჩემს პედაგოგიურ მუშაობაზე.ა ქტიურად ვმონაწილეობ კეცხოველის სასკოლო კონკურსში, ვთანამშრომლობ სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურთან და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თოლისკურთან.“მოსწავლეები ხშირად დამყავს ექსკურსია -ლაშქრობებზე. მიყვარს ჭრა-კერვა ჩემი ახლობლებისთვის. მსიამოვნებს როცა თავს იწონებენ ჩემი ხელობით.

გაააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ხობის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.კოლხეთის დაბლობი კი საქართველოში გამოირჩევა თავისი ჭარბტენიანი კლიმატითა და ნიადაგით. სოფელი თორსა კი, ქუთაისი- სოხუმის ცენტრალური ტრასიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მას გარს აკრავს ჭარბტენიანი ნიადაგისათვის დამახასიათებელი ფართოფოთლოვანი, შერეული ტყე. ჩრდილოეთიდან- ჯეგეთის მთიდან და სამხრეთით შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერთა შერწყმის შედეგად, სოფელში განსაკუთრებული, ეკოლოგიურად სუფთა კლიმატია. სოფლის ცენტრში კი დგას ორსართულიანი ახალგარემონტებული საბაზო სკოლა, თავისი მშვენიერი, უსაფრთხო სასწავლო გარემოთი. ამჟამად სკოლაში ასამდე ბავშვი სწავლობს.მოსწავლეთა მცირერიცხოვნება, ეკონომიური სიდუხჭირის ჟამს, მშობელთა დენადობამ გამოიწვია. აქაური ბავშვები გამოირჩევიან ზრდილობით, კაცთმოყვარეობით.უყვართ თავიანთი სოფელი, ზრუნავენ მის კეთილმოწყობაზე და აქტიურად მონაწილეობენ გარემოს დაცვასა და მისი მდგრადი განვითარების პროგრამებში.

სკოლას ემსახურება ოცკაციანი მაღალკვალიფიციური პედკოლექტივი: 19 უფროსი მასწავლებლის სერტიფიკატით, ერთი კიდევ მოლოდინშია.2 დამსახურებულ ჯილდოზე გავიდა. კოლექტივი ახალგაზრდულია, გარდა 2 - მასწავლებლისა.

as

სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური წამატებებით, გვყავს სწავლის მედალოსნები, სპორტში-მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი.ჭადრაკში ექვსგზის ჩემპიონი სამეგრელოში, ორგზის ჩემპიონი საქართველოში, ევროპის ჩემპიონის მონაწილე ორჯერ,ოსტატობის წოდების მქონე, ქორეოგრაფიაში საქართველოს სხვადასხვა ხელოვნების ფესტივალში გამარჯვებული წარმატებული მოცეკვავე - მსაიობები.სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით სწავლობენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლას ხშირად მოსდის მათზე მადლობის ბარათები უმაღლესი სასწავლებლებიდან. გვყავს კინგსის ქართული და უცხო ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის გამარჯვებულები. მონაწილობენ ჩრდილოეთ ირლანდიის არასამთავრებლო ორგანიზაციის YOUT BANK-ის მიერ დაფინანსებულ კონკურსში და იმარჯვებენ. აქტურად მონაწილეობენ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში და გადიან ფინალში. თანამშრომლობენ განათალებისა და განვითარების ცენტრ ასოციაცია „თოლისკურში“, ესწრებიან ტრენინგებს და პრაქტიკულად ატარებენ სხვადასხვა აქტივობებს. სკოლის „თექის“ წრის წევრები კი აწყობენ სასკოლო და რაიონულ გამოფენებს. მოსწავლეები აწყობენ დასუფთავების აქციებს როგორც სკოლაში, ასევე სოფლის შემოგარენში ადგილობრივი მდინარეების სანაპიროზე რგავენ ნერგებს. ზაფხულობით მონაწილეობენ სოფელში წარმოებულ გათხრებში. დადიან სოფელში და ატარებენ აქციებს ცოფზე, აზიურ ფაროსანაზე, ნარჩენების მეორად გამოყენებაზე და ა.შ.

0c5fb693 448c 424a 97b8 1e2249f85651

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

მე,აფხაზეთის სოფლის მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ,სადაც და-ძმებს შორის განსაკუთრებული სიყვარული და თბილი დამოკიდებულება სუფევს,ალბათ, ამიტომ ბუნებრივად, მთელი გულით მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიიერთობა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი პედაგოგი. ბუნებისადმი სიყვარული კი მშობლებიდან მომდევს.სოფელში მამაჩემს გამორჩეული კარ-მიდამო ჰქონდა. სხვადასხვა სახის ხილი მთელი სეზონი არ ილეოდა, დედაჩემს კი ყვავილები ისე უყვარდა, სადაც კი ეზოში თავისუფალ ადგილს ნახავდა, ყელგან რგავდა. ოჯახში ასეთმა გარემომ ბუნება შემაყვარა. ამისრულდა ოცნება - ბიოლოგი გავხდი.

რა არის თქვენთვის წარმატებები და რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემთვის წარმატებები შემოიფარგლება არა მარტო პირადულით, არამედ ბედნიერი ვარ, როცა ჩემი აღზრდილები თავს გამოიჩენენ კეთილსინდისიერებით და საზოგადოებაში დაიმკვიდრებენ თავიანთ ადგილს წარმატებით. მიმაჩნია,რომ მათ წარმატებაში ჩემი პედაგოგიური მუშაობის წარმატებაცაა. საგაკვეთილო სივრცეში მოსწავლეთა სიცოცხლით სავსე, გაბრწყინებული თვალები დიდ მოტივაციას მაძლევს. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ეს თვალები აღმავსებს ახალი სიცოცხლის წყურვილით, შინაგან მოტივაციას მაძლევს არ დავკმაყოფილდე მიღწეულით, მიბიძგებს კარიერული წინსვლისკენ. უფროსი მასწავლებლის წოდება გამოცდების ჩაბარებით მაქვს მინიჭებული. 2021 წლის ზაფხულში 74 წლის ასაკში ვაპირებ წამყვანი მასწავლებლის სტატუსტისთვის ისევ გამოცდების ჩაბარებას. ვფიქრობ, ეს კიდევ მეტ სტიმულს მომცემს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ეფექტურობისათვის. ვეთანხმები ჯონ კოტონ დანა-ს ,,თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ოჯახის, კოლექტივის, "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" და რესურს ცენტრის.ჩემი ოცკაციანი თბილი, მეგობრული კოლექტივი ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ.

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი"კი მუდამ ჩემს გვერდითაა. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას საჭირო შემთხვევაში, როგორც რესპუბლიკური, ასევე რაიონულ დონეზე. მადლობა მათ პედაგოგებზე ზრუნვისათვის, მათი სამართლიანი დაცვისათვის .

რაიონის რესურ ცენტრი - ქალბატონ ბეატრისა რუსიას ხელმძღვანელობით, როგორც ხანდაზმულ პედაგოგს მხარში მიდგას და ყოველთვის მაძლევს სტიმულს სკოლაში აქტიური მუშაობისათვის.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

სწავლა - სწავლების პროცესში თითოოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისთვის დღეს სხვადასხვა სახის თანამედროვე მიდგომები დ მეთოდები გამოიყენება. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში უფრო ხშირად ვიყენებ ინტერაქტიული სწავლების ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა: თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობა, საკლასო დისკუსია, კვლევა, პროექტები, როლური თამაშები. თითოეული მათგანის დროს სასწავლო პროცესი სასიამოვნო და სახალისოა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი გაკვეთილის მსვლელობაში. თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს, უზიარებენ საკუთარ აზრს, თანამშრომლობენ და ეხმარებიან ერთმანეთს, ინვითარებენ კვლევა-ძიების, პრობლემური სიტუაციის გადაჭრის ალტერნატიური გზების ძიების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებას უნარ -ჩვევებს.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

ჩემი აზრით, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მასწავლებლის პროფესიის საჭიროების, მისი თავდადებული შრომის დაფასებისა და მნიშვნელობის შესახებ. ოჯახში, სადაც პედაგოგს აფასებენ, როგორც პოზიტიურ ადამიანს და პატივს სცემენ მის შრომას, შვილებიც დადებითად განეწყობიან მასწავლებლის მიმართ და სკოლაში მათი სწავლა-სწავლების პროცესიც უფრო ეფექტური იქნება.

თანამედროვე პედაგოგს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ბავშვები და თავისი საგანი. ხისტ, გულქვა მასწავლებელს არ ცნობენ ისინი,არ ენდობიან და არ მიჰყვებიან. მასწავლებელი თუ თავის საგანზე უზომოდ არ არის შეყვარებული, ვერც ბავშვებს შეაყვარებს მას. თანამედროვე მასწავლებელი მცოდნესთან ერთად, უნდა იყოს განათლებული, პროფესიონალი, ტოლერანტი ,კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიას, იყოს შემოქმედებითი. ყველა გაკვეთილი მოარგოს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერესებს, მოთხოვნებს. იყოს მოსწავლისთვის პარტნიორი და მოიპოვოს მათი ნდობა.

რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად და და რა პრობლემები რჩება დარგის გამომწვევად?

ძალიან ბევრი, კერძოდ: საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებით. პირველი კლასის მოსწავლეებს კი სახელმძღვანელოებთან ერთად, პირად საკუთრებაში ეძლევათ LENOVO-ს ტიპის ლექტოპი. საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ასაჩუქრებენ ასევე LENOVO-ს მაღალი ხარისხის ლექტოპით. პრაქტიკოს, პენსიონერ მასწავლებლებს, რომლებიც უფროსი მსწავლებლის სტატუსზე არ ფიქრობდნენ, ჯილდოდ ორი წლის ხელფასი გადაეცა. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს კი, რომელთაც არ ჰყოფნიდათ კრედიტქულები, მიეცათ საშუალება მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებული ტრენინგებში მიღებული კრედიტქულებით აემაღლებინა სტატუსი.

პრობლემებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეისთვის ჯერ კიდევ ყველა სკოლა არ არის უზრუნველყოფილი თანამედროვე, კეთილმოწყობილი ლაბორატორიებით. ყველა სკოლაში არ არის ძლიერი ინტერნეტი, ყველა კლასში არ დგას კომპიუტერები, რითაც ისარგებლებდნენ მოსწავლებლები და მასწავლებლები გაკვეთილზე.

როგორც პედაგოგი ძალიან ბევრი სიახლის მომსწრე იქნებოდით. სწავლების დასაწყისში ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იქნებოდა. ახლა ყველაფერი გაციფრულდა, დისტანციური გახდა სასწავლო პროცესშიც კი. თანამედროვე პედაგოგს ამ ყველაფერთან ადაპტირება მოუწია. თქვენ როგორ გადაეწყვეთ როგორც პედაგოგი ამ მიმართულებით?

განათლების სფეროში წარსულშიც ვიყენებდით მარტივი სახის ტექნოლოგიებს, მაგრამ დღეს განვითარების მაღალ საფეხურზეა და მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი სწავლა-სწავლების პროცესში. დღევანდელი მასწავლებელი, საგნის ღრმა ცოდნასთან ერთად, კარგად უნდა ფლობდეს ციფრულ ტექნიკას, დისტანციური სწავლების მეთოდით შეეძლოს მოსწავლეთა ეფექტიანი სწავლება. გამოგიტყდებით, ახალგაზრდა მასწავლებლები ციფრულ ტექნიკას უფრო კარგად ფლობენ და მათთვის ადვილია დისტანციურ სწავლებასთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ გავლილი მაქვს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი, როგორც ხანდაზმულ პედაგოგს, გამიჭირდა ადაპტირება. ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვიყენებდი შემოთავაზებულ ვიდეო მასალებს, დახმარებას ვთხოვდი ახალგაზრდა კოლეგებს, ჩემს მეათეკლასელ შვილიშვილსაც. საბოლოო ჯამში შევეჩვიე.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა-სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისაგან რითი გამოირცევიან?

დაბალია მოსწავლეთა წიგნიერების დონე. დღევანდელ ახალგაზრდობას ეზარება წიგნის ყიდვა, წიგნზე მუშაობა, განვლილი მასალის განმეორება. უფრო მეტად გატაცებულები არიან კომპიუტერული თამაშებით და სოციალური ქსელებით.სწავლა-სწავლების პროცესში მოსწონთ ჯგუფური მუშაობა : დისკუსიები, კვლევები, პროექტები, როლური თამაშები. განსაკუთრებით, იზიდავთ კლასგარეშე მუშაობები, ექსკურსია - ლაშქრობები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა.

წინა თაობებთან შედარებით, ახლანდელი ახალგაზრდები უფრო თავისუფალნი, თამამები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, ტექნიკური, ციფრული საშუალებებით მეტად ინფორმირებულები არიან; აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, უყვართ ბიზნესი, ოცნებობენ გახდნენ წარმატებული ბიზმესმენები. მომწონს, რომ დღევანდელი სტუდენტები უფრო შრომისმოყვარენი არიან. ისინი სწავლას უთავსებენ სხვადასხვა საქმიანობას. მიღებული გასამრჯელოთი თავსაც ინახავენ და ზოგჯერ მშობლებსაც უგზავნიან.

როგორ შეაფასებდი სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს. ახალი სკოლის მოდელს, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც .

ძველი მიდგომით სწავლა სწავლისთვის იყო. მთელი ყურადღება მასწავლებელზე იყო გადატანილი, ის იყო ინფორმაციის ძირითადი წყარო. მოსწავლეებს არ ჰქონდათ თვითორგანიზაციის უნარი. არსებობდა შიშის ფაქტორი, მასწავლებლის პიროვნული ინიციატივები შეზღუდული იყო. თემი არ იყო ჩართული სკოლის ცხოვრებაში.დღეს შექმნილია პოზიტიური გარემო შემოქმედებითი მუშაობისათვის, სწავლა მოსწავლეზე და შედეგებზეა ორიენტირებული. საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს უნვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევები. მასწავლებელი და მოსწავლე პარტნიორები არიან და მოსწავლის ინტერესები წინა პლანზეა წამოწეული. თემი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.მომწონს ერთიანი ეროვნული გამოცდები, რადგან ყველა აბიტურიენტს ერთნაირ პირობებში აყენებს.წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე უფრო მეტი აქცენტი აბიტურიენტთა თავისუფალ აზროვნებაზე რომ კეთდებოდა ,ჩემი აზრით, მისასალმებელია, რადგან სკოლის მთავარი მიზანია აღვზარდოთ თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების, უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები. ასეთ უნარს კი ნიჭიერი, მცოდნე, ტრანსფერის უნარის მქონე ახალგაზრდები შეძლებენ. ვფიქრობ, რომ საგნის ცოდნა მარტო დამახსოვრებისთვის არაა საკმარისი, არამედ საჭიროა თავისუფალი აზროვნებისთვის, მისი მრავალმხრივი გამოყენებისათვის, რაც მოვლენების მიმართ საკუთარი გააზრებული, დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბებისათვის და ცოდნის პრაქტიკაში მრავალმხრივი გამოყენებისთვის არის საჭირო.

რამდენად ხშირად ირჩევენ თქვენი მოსწავლეები სამომავლო პროფესიად ბიოლოგიას? რამდენად ხშირად იყენებთ დამატებით რესურსად ციფრულ წიგნიერებას და სხვა ინტერპლატფორმებს? რამდენად შეესაბამება თქვენი სკოლის ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი თანამედროვე სტანდარტებს და რა საჭიროება გაქვთ ამ მიმართულებით?

მიუხედად იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეთა უმრავლესობას მოსწონს ბიოლოგია და კარგად სწავლობენ, სამომავლოდ ბიოლოგიის პროფესიას ნაკლებად ირჩევენ. ვფიქრობ, მიზეზი პედაგოგის შრომატევადი მუშაობისთვის თავის არიდებაში უნდა ვეძებოთ. პედაგოგი ხომ მუდამ უნდა სწავლობდეს, შემოქმედი და სიახლის მაძიებელი იყოს. თუ წინათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს დამატებით ინფორმაციის ძიება ბიბლიოთეკაში გვიწევდა, რასაც დიდი დრო სჭირდებოდა, დღეს თითოეული ჩვენგანი განებივრებულია ციფრული წიგნიერებით და სხვა ინტერპლატფორმებით. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, ხალსით და სწრაფად პოულობენ საჭირო მასალებს და ამუშავებენ.სკოლაში ოთახების ნაკლებობის გამო არა გვაქვს ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი. უსაფრთხო მასალებს კლასებში ვინახავთ. ვფიქრიბთ, უახლოეს წლებში მოაშენებენ სკოლას ოთახებს, ერთ -ერთი მათგანი ქიმია-ბიოლოგიის კაბინეტი იქნება.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

დიახ, პანდემიამ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების რიტმთან ერთად, შეცვალა სკოლაში მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესი, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა. რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. გამოგიტყდებით, მე როგორც მაწავლებელს, რომელიც მიჩვეული ვიყავი საკლასო ოთახში მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს, გამიჭირდა. ძლიერ დამაკლდა ბავშვების ჩემსკენ მომზირალი, გაბრწყინებული თვალები, რომლებიც სტიმულს მაძლევდნენ მუშაობაში, მაახალგაზდავებდნენ. საჭირო იყო, მოვინდომე, ვახერხებდი, მაგრამ დროის ლიმიტს ვერასდროს ვიცავდი, 20 წუთი არ მყოფნიდა.სიმართლე უნდა გითხრათ, რეალურ საკლასო ოთახში სწავლება ძირფესვიანად განსხვავდება დისტანციური სწავლებისაგან. ცოცხალი ურთიერთობა გაკვეთილის პროცესში, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ,მიმაჩნია, ეფექტური სწავლების ერთ-ერთ კომპონენტად. პრობლემა ის იყო, რომ სოფელში ყველა მოსწავლის ოჯახს არ ჰქონდა ინტერნეტი, ან სუსტი იყო, ხშირად ჭედავდა,ზარმაცი მოსწავლეებიც ხშირად არიდებდნენ Teams-ში შემოსვლას.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან“ დაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ? რა გაკეთდა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის დახმარებით პედაგოგიური საზოგადოებისთვის თქვენს რაიონში?

ჩვენს რაიონში ქალბატონ ლალი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, ტარდება პედაგოგების საგნობრივი ტრენინგები, სემინარები, საჭირო, საგანმანათლებლო მასალებით მომარაგება, ხდება ხანდაზმულ პროფწევრებთან პირადი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარების მიზნით. ყველა ეს აქტივობა ეხმარება პროფწევრებს პედაგოგიური სტატუსის ამაღლებაში. პერიოდულად ეწყობა პროფწევრებისთვის ექსკურსიები. შთამბეჭდავი იყო ბოლო პერიოდში ,რესურსცენტრთან ერთად, პენსიონერ, პრაქტიკოს პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. მადლობა ჩვენი რაიონის სპმთპ-ის თავმჯდომარეს ქალბატონ ლალი ჩიტაიას და რესურს ცენტრის უფროსს ქალბატონ ბეატრისა რუსიას.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

პედაგოგებს,რომლებსაც სურთ გაწევრიანება სპმთპ-ში, ვეტყობდი რომ არ შეყოვნდნენ, დროულად გაწევრიანდნენ, რადგან ამ ორგანიზაციას აქვს დიდი ძალა, უფლება და გამოცდილება დაიცვას ყოველი პედაგოგის სამართლებრივი უფლებები.ასევე ტრენინგებით, სემინარებით, საჭირო საგანმანათლებლო მასალებით დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლაში.პოტენციურ პროფწევრებს კი ვურჩევ: გაგიჩნდათ მუშაობისას პრობლემა? ნუ მოგერიდებათ, მიმართეთ თქვენს სპმთპ-ს,აქტიურად მოგისმენენ, მხარში ამოგიდგებიან, დაგეხმარებიან.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. თქვენი მილოცვა და სურვილები პედაგოგიურ საზოგადოებას.

დიახ, გილოცავთ ძვირფასო კოლეგებო, თქვენს პროფესიულ დღესასწაულს. თქვენ მთავარი, დასაყრდენი ძალა ხართ ჩვენი მთავრობისათვის. როგორ, ყოველმხრივ განათლებულ თაობასაც აღუზრდით სამშობლოს, ისეთივე იქნება მისი ხვალინდელი დღე. ღმერთმა არ მოგიშალოთ ბედნიერი, გაბრწყინებული, მოტივირებული ბავშვთა სიმრავლე, რომელთაც აქვთ მზაობა და სწავლის წყურვილი.

90fe572d 1cf5 4217 b428 d5bfaf8a8cfd

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა, რომ...

მინდა, ყველა ბავშვს სკოლაში ისეთი თანამედროვე, უსაფრთხო და თბილი სასწავლო გარემო ხვდებოდეს, რომ მას არ ეზარებოდეს სკოლაში წასვლა, არამედ მიუხაროდეს. დარწმუნებულები მათი შესაძლებლობების, ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით - კრეატიული, მცოდნე, მაღალი კატეგორიის მასწავლებლები გაკვეთილის მთელ მსვლელობაში, სასწავლო პროცესს ისე საინტერესოდ ატარებდნენ,რომ მოსწავლეები დაღლას ვერ გრძნობდნენ. სწავლა-სწავლების პროცესში მიზნის მისაღწევად უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობითი სწავლება. მასწავლებლის შრომა დაფასებული იყოს არა მარტო მთავრობის, არამედ საზოგადოების მხრივაც.

სტატია გამოქვეყნდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოფიციალურ facebook გვერდზე. იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/sp/design/page/urn:aaid:sc:EU:7a3fce1a-2aef-45d1-86a5-c44dd25eaa10?fbclid=IwAR1HvMW7_xQ9iBpUQI_eZTJOoTTJKWoyI6cIZKZs2CA9gbNgyYR0uOr40ik

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა