32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიისა და მაღალი სიკვდილიანობის ფონზე , ქრისტიანული სამყარო ძრწოლვითა და სასოებით ელოდებოდა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას, რათა კიდევ ერთხელ ეგრძნო ღვთის მწყალობელი ძალა. სასწაული განმეორდა, 14:50 წუთზე საქართველოს დროით ისრაელში, წმინდა მიწაზე, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოგვივლინა ღმერთმა ნიშნად იმისა ,რომ მუდამ ჩვენთანაა.
რისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
სიკვდილი დაითრგუნა !
გილოცავთ სიცოცხლის სიკვდილზე ძლევის დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტიანობა ხომ ჯვარცმული ღმერთის რელიგიაა. არც ერთი სხვა რელიგია არ ქადაგებს ღმერთზე, რომელმაც საკუთარი ნებით ივნო ცოდვილი ადამიანების გამოსახსნელად. ჯვარცმა ყველაზე მეტყველი, ყველაზე ნათელმყოფელი ისტორიაა თავისი ქმნილების მიმართ ღვთის სრულყოფილი, თავგანწირული სიყვარულისა.რაკი ჯვარი ღვთაებრივი სიყვარულის, მისი ადამიანურ ცოდვაზე გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური სიმბოლოა, ამიტომ თავად ჯვარცმის სახარებისეული ისტორია ღვთაებრივი განგებულების საუკეთესო გამოხატულებად ითვლება.
რას განიცდიდა შეურაცხყოფილი უფალი ჯვარცმამდე?
შეურაცხყოფისას უფალი ისეთი იყო, როგორც აგვიწერდა საუკუნეების წინ ესაია წინასწარმეტყველი: არც ერთი კვნესა, არც ერთი ოხვრა, არც ერთი საყვედური არ დასცდენია მის ყოვლადუწმინდეს ბაგეებს! მან თავისი სურვილით ისურვა და ბოლომდე შესვა ღვთის რისხვის სასმისი ჩვენი ცოდვებისათვის! . მან ახლა საქმით აღასრულა ის, რასაც საუკუნეების წინ ამბობდა უფალი თავისი წინასწარმეტყველის პირით: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისათვის და ყბები - წვერების მგლეჯელისათვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისაგან და ფურთხისაგან“ . მსჯელობს რა უფლის ამ სატანჯველზე, წმ. ოქროპირი ამბობს, „თითქოს შეთანხმებულივით ზეიმობდა მაშინ ეშმაკი. რადგან ვთქვათ იუდეველები შურისა და სიძულვილისაგან დაბრმავებულნი ექცეოდნენ უფალს ასე, რაღატომ აკეთებდნენ იგივეს უცხო მხედრები? არ არის განა ცხადი, რომ ეშმაკი მაშინ ყველაზე უფლებდა? რადგან იქამდე შეუბრალებლები და მოუდრეკელნი იყვნენ, რომ უფლის შეურაცხყოფით სიამოვნებას ღებულობდნენ. ისინი მას მუხანათურად დაესხნენ თავს, შეიძლება იმიტომაც, რომ ან იუდეველთა გული მოეგოთ, ან ამას მხოლოდ საკუთარი ბოროტებით აკეთებდნენ. მრავალგვარი და მრავალფერი იყო შეურაცხყოფა, სცემდნენ თავზე, რაც მას ეკლისანი გვირგვინით უსერავდა, ზოგი ჯოხით სცემდა. ამის შემდეგ როგორღა ვიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც მცირე წყენაზეც კი ვბობოქრობთ, მაშინ როცა ქრისტემ ამდენი სატანჯველი დაითმინა? არა ერთი რომელიმე ნაწილი, არამედ მთელი მისი სხეული იტანჯებოდა: თავი - ეკლიანი გვირგვინით და ჯოხით, სახე ცემითა და ფურთხებით, ლოყები - სილის გაწვნით, მთელი სხეული - მათრახითა ტრყმითა და გლეჯით, ქლამიდის შემოსვითა და მოჩვენებითი მუხლისდრეკით; ხელი - იმ ჯოხისაგან, რომელიც მას მიაჩეჩეს სამეფო სკიპტრასავით. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი და მტანჯველი? რა არის უფრო შეურაცხმყოფელი? შეუძლებელია ყველაფრის აღწერა. როგორც უწინ წინასწარმეტყველებს საკუთარი ხელით ხოცავდნენ იუდეველები, ახლა ქრისტეს მოკლავენ სასამართლოს განაჩენით. ისინი თავად სჯიან, თავად სდებენ ბრალს, ყვირიან რა პილატეს წინ: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“, თავს ესხმიან სიძულვილით და თავადვე აწამებენ, ხელ-ფეხს უკრავენ, შეურაცხოფას აყენებენ, ჯვარზე მიალურსმავენ, დასცინიან და აფურთხებენ. პილატეს თავის მხრივ აღარაფერი დაუმატებია, ისინი ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ: თავად იყვნენ უფლის შემასმენელნიც, მსაჯულნიც და ჯალათებიც. - და ჩვენ ხშირად უნდა ვკითხულობდეთ ამის შესახებ, რადგან აქედან დიდ სარგებელს ვღებულობთ. როცა ხედავ, რომ სიტყვით და საქმით მის წინაშე ქედს იხრიან და ამასთან უსირცხვილოდ მასვე დასციანიან, როგორ აიძულებენ მას უმძიმეს ტანჯვათა მოთმენას, ქვაც რომ იყო, ცვილზე უფრო რბილი გახდები, და გულიდან ამოანთხევ ყოველგავარ ქედმაღლობას“.
რა მოხდა გაშოლტვის შემდეგ ჯვარცმამდე, ამაზე მოგვითხრობს მხოლოდ ერთი მახარებელი იოანე: პილატე შევიდა პრეტორიაში, რათა ენახა, როგორ შესრულდა მისი ბრძანება. ის შესრულებული იყო უდიდესი გულმოდგინებით, ისე როგორც პილატესაც არ ჰქონდა წარმოდგენილი! ერთი შეხედვაც კი უწყინარი განაწამები უფლისა საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეეძრა უგრძნობელი გული პროკურატორისა; ნუთუ, ფიქრობდა იგი, მისი ასეთი შესახედაობა არ შესძრავს მის მტრებს? ყველა ხომ არ არის მის მიმართ დაუნდობელი სიძულვილით განწყობილი... და მთავარმა უბრძანა უფალს, გაჰყოლოდა თან, გამოვიდა მოედანზე და უთხრა იუდეველთ: აჰა, გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოვე“. პილატეს ამ სიტყვებზე უფალი ჩვენი გამოვიდა მცირე მოედანზე, ხელებშებორკილი, სისხლში გასვრილი, ეკლიანი გვირგვინით, წითელ დაგლეჯილ მოსაცმელში, რომელიც ვერ ფარავდა ვერც მის ჭრილობებს და ვერც სიშიშვლეს... მაგრამ მიუხედავად ყოველგვარი დამცირებისა, მიუხედავად შოლტის სისხლიანი ნაკვალევისა და ფურთხებისა, მის სასიკვდილოდ მოღლილ, უძილარ, გაწამებულ თვალებში, - მისი მშვიდი, უწყინარი სახე ისეთი ღვთიური ღირსებით გამოირჩეოდა, რომ პილატეს უნებურად დასცდა: „აჰა კაცი იგი“.
„საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისათვის დალეწილი, მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენს გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე, კრავივით დასაკლავად მიიყვანეს იგი და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ . როგორ შეიძლება არ გაეხსენებინა კაცს ეს საოცარი წინასწარმეტყველება ტანჯული იესოს შეხედვისას? მაგრამ ბოროტებამ ისე გააშმაგა მისი მტრები, რომ მღვდელმთავრებმა და მათმა მსახურებმა, ხოლო მათ უკან ურიცხვმა ბრბომ ისევ დაიძახა: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ, ეგე“. ყინულივით ცივი და გაქვავებული გული პილატესი, რომელიც სისხლს წყალივით ღვრიდა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე საიდუმლო მკვლელობებში, - შერბილდა, ხოლო ორგულთა გააფთრებული გული ისევ უცვლელი დარჩა. სინედრიონის ასეთმა შეუპოვრობამ, პილატე მოთმინებიდან გამოიყვანა. „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს აცუთ; რამეთე მე მაგის თანა ბრალს არა რასა ვპოვებ!“ პროკურატორის მკაცრი გამომეტყველება მიანიშნებდა, რომ მან გადაწყვიტა პატიმრის გაშვება და თავის სიტყვას კიდეც დაიცავდა. მაგრამ უფლის მოხერხებულ მტრებს პასუხი ამაზეც მზად ჰქონდათ: „შეიძლება შენი კანონებით იგი არაა დამნაშავე, მაგრამ ჩვენი სჯულის მიხედვით იგი სიკვდილს იმსახურებს, რადგან თავს ღვთის ძედ აცხადებს“. ამით სინედრიონის წევრებს უნდათ გააგებინონ პილატეს, რომ მას, როგორც წარმართს, მათი სჯულისა არაფერი გაეგება, ამიტომ ყური უნდა მიუგდოს მათ, სჯულის მცოდნეთ, სჯული კი ითხოვს ღვთის გმობისათვის სიკვდილს... მაგრამ ბრალდებამ პილატეზე სულ სხვა, მათთვის მოულოდნელი, ზემოქმედება მოახდინა. პილატე ამ სიტყვების მოსმენაზე უფრო მეტად შეწუხდა: მას უნებურად გაახსენდა მისი მეუღლის სიზმარიცა და იესოს სასწაულების შესახებ გავრცელებული ხმებიც, ასევე უთქმელი სიმშვიდე, როგორადაც ითმენდა იგი თავისი მტრებისაგან ათასგვარ ცილისწამებას, და მისი საკვირველი მოთმინებს წამებისას, და ბოლოს ყველაფერი, რაც თავად მან, პილატემ მოისმინა იესოსგან პირველი დაკითხვისას.
შიშითა და ეჭვით სავსე მთავარი ისევ შევიდა თავის პალატში, და მისცა ნიშანი იესოს, რომ ისიც მას გაჰყოლოდა, და აქ, პირისპირ ჰკითხა მას: „ვინ ხარ შენ?“ - უფალი ხედავდა, რომ პილატე ეკითხებოდა არა ჭეშმარიტების სიყვარულით, რომელზე მოსმენაც კი არ ისურვა ცოტა ხნის წინ, არამედ შიშის გამო, - ხედავდა, რომ ეს წარმართი თავის ქვეყნიურ ანგარიშებს ყოველგვარ კეთილ სურვილებზე მაღლა დააყენებდა, ამიტომაც არ მისცა პასუხი. ისეთი პასუხი, რომ იესო არის ნამდვილად ძე ღმრთისა, მხოლოდ გაზრდიდა პილატეს დანაშაულს, ეს კი არ სურდა მოწყალესა და კაცთმოყვარეს თავისი მსაჯულისათვის. პილატეს არ შეეძლო გაეგო, თუ რატომ დუმდა უფალი და მედიდურად მიმართა: „მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია: რამეთუ ხელმწიფება მაქუს ჯუარცმად შენდა, და ხელმწიფება მაქუს განტევებად შენდა?“ რომალი მბრძანებელი ფარავდა შიშს და სურდა პატიმარი შეეშინებინა, რათა ეიძულებინა ეპასუხა; სხვათა შორის მხოლოდ საკუთარ თავს ხედავდა და მსჯავრიც თავადვე გამოუტანა თავს: „ყველაფერი შენს უფლებაში რომ ყოფილიყო, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაშინ რატომ მიუსაჯე იესოს ჯვარზე სიკვდილი, რომელშიც ვერანაირი ბრალი ვერ იპოვე? - და უფალს შეებრალა ამაყი წარმართის დაბნეულობა, რომელიც თავის ვნებების მონად იქცა და ამაყობდა იმით, რაც მას არ გააჩნდა. იესო მუქარისა და მხილების გარეშე უთხრა პილატეს: „არა გაქუს ხელმწიფება ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზედარდამო; ამისათვის მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდუა აქუს“ - შენ ნამდვილად დიდ დანაშაულს იქმ, მაგრამ იუდა, ანნა, კაიაფა, - ეს ჩემი მტრები შენზე უარესი დამნაშავენი არიან... ასე, ღვთიური ღირსებითა და დაუსრულებელი სიმშვიდით იესო ქრისტემ განიკითხა თავისი მსაჯული. და ამ სამსჯავრომ არ შეურაცხყო მსაჯული, არამედ უფრო კეთილად განაწყო იგი მსჯავრდებულისადმი: ამ დროიდან, - შენიშნავს მახარებელი იონე, - პილატე უფრო შეეცადა მის გაშვებას.
პილატე ისევ გამოვიდა მოედანზე, სადაც მას ებრაელები შეხვდნენ: „უკუეთუ ეგე განუტევო, არა ხარ მოყვარე კეისრისა; რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყვინ თავსა თვისსა, სიტყუას უგებნ კეისარსა“. - მათ დაინახეს, რომ ღვთის გმობის ბრალდება არ მოქმედებდა პილატეზე და ახლა ძალით იწყეს იესოს დადანაშაულება კეისრის წინააღმდეგ ამბოხებაში. ამ შეძახილებით შეწუხებული პილატე მიხვდა, რომ მასაც ემუქრებოდა საჩივრები კეისართან, ეჭვიან ტიბერიუსთან; ერთხელ კიდევ გაიხსენა თავისი პირადი დანაშაულები, და მთელი მისი სიმტკიცე სადღაც გაქრა. იგი დაჯდა სავარძელზე და ბრძანა პრეტორიიდან იესოს გამოყვანა. - „აჰა მეუფე თქუენი?“ - მიმართა მთავარმა ხალხს, სურდა რა თუნდაც დაცინვით გადაეხადა სამაგიერო იუდეველთათვის, რომლებიც ასე უტიფრად ითხოვდნენ უდანაშაულოს დასჯას. - „აღიღე, აღიღე და ჯუარს აცუ ეგე!“ - დაჟინებით გაიძახოდნენ იუდეველნი. - „მეუფე თქუენი მე ჯუარს ვაცუა?“ - ჰკითხა პილატემ. „არა გვივის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი“ - მიუგეს მღვდელმთავრებმა, ამჯერად აშკარად რომ უღალატეს თავიანთ ეროვნულ ღირსებას, ოღონდაც კი მიზნისათვის მიეღწიათ - დაეღუპათ გალილეველი მასწავლებელი. მაშინ კი საბოლოოდ გადაწყვიტა პილატემ იესოს სიკვდილით დასჯა.
ძნელია წარმოდგენა, თუ როგორი ბოროტი სიხარულით გაიხარეს მღვდლმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა, როცა საბოლოოდ გაიგონეს პილატეს ბაგეებიდან ბრძანება ქრისტეს ჯვარზე გაკვრისა. ებრაელებსა და რომაელებს კანონად ჰქონდათ, რომ სიკვდილმისჯილ დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთანავე კი არ კლავდნენ, არამედ რამოდენიმე დღის შემდეგ; ამ დღეს, საჯაროდ ხმამაღლა აცხადებდნენ ვინაობასა და დანაშაულს სიკვდილმისჯილისას და იწვევდნენ ყველას, ვისაც კი სურვილი ჰქონდა მისი დაცვისა. მაგრამ ჩვენი უფლისათვის არც ეს გაიმეტეს: იგი მაშინვე გადასცეს მხედრებს, ჯვარზე გასაკრავად. და ოდეს განჰკიცხეს იგი, განჰსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შემოსეს მას თვისივე სამოსელი... მას თავისი ტანსაცმელი ჩააცვეს იმისათვის, რომ ყველა, ვინც კი დაინახავდა მას ჯვრით მხრებზე, შეძლებოდათ ეცნოთ მასში ის, ვინც ცოტა ხნის წინათ ასე მრისხანედ ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში. მახარებლები არ ამბობენ, რომ ეკლიანი გვირგვინი მოხსნეს მას, ხოლო ეკლესიური გადმოცემით, ჩვენი უფალი ჯვარზე აღესრულა ეკლის გვირგვინით. „მახარებლებს სურდათ, - ამბობს ძველი მწერალი ორიგენი, - რათა ჩვენც გვეფიქრა გვირგვინის მნიშვნელობაზე, ერთხელ თავს დადგმულზე და უკვე აღარ მოხდილზე. სარწმუნოა, რომ ეკლიანი გვირგვინი შერჩა იესოს თავს, რათა ჩვენ აღარ შეგვრჩენოდა ეკლები, ანუ ცოდვილებს სასჯელი, მას შემდეგ, რაც ისინი აღებულ იქნებოდა იესოს თავით“.
ისააკის მსგავსად, რომელიც თვითონ ეზიდებოდა შეშას საკუთარი თავის დასაწვავად, ჩვენს მხსნელსაც თვითონ უნდა წაეღო საკუთარი ჯვარი, და წარიყვანეს იგი, რათა ჯუარს აცუან, გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც ჩვეულებრივ სჯიდნენ დამნაშავეთ. ქუჩაში მათ კიდევ შეუერთდა ორი ავაზაკი, რომლებიც ასევე მომზადებულები იყვნენ ჯვარზე გასაკრავად. „მოვიდა იგი ჩვენთან დედამიწაზე დროებით, - ამბობს წმ. დიმიტრი როსტოველი, - როგორც სტუმარი, ჩვენ კი პირველი ღამის მოსასვენებელი მივეცით ბაგაში, პირუტყვთა შორის; შემდეგ გავაძევეთ იგი ეგვიპტეში კერპთაყვანისმცემლებთან; იგი ისევ მოვიდა ჩვენთან, და ჩვენ არ მივეცით მას ადგილი თავის მისადრეკად: „თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს“ . ახლა კი საბოლოოდ მოიშორეს იგი, და ისიც მძიმე ჯვრით მხრებზე; ეს ჩვენ ავკიდეთ მას ჩვენი ცოდვების უმძიმესი ტვირთი!..“ „გზა, რომელზედაც გაიარა მაცხოვარმა გოლგოთამდე, - ამბობს მთ.ეპ. ფილარეტი - ახლა იწოდება ტანჯვისა და წამების გზად. მწუხარე იყო, უფალო, შენი გზები, მთელი შენი ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე; მაგრამ გოლგოთის გზა იყო ყველაზე მწუხარე და ნაღვლიანი“.სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!