32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
14 აპრილს საქართველოში"დედაენის დღე" აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.
მსოფლიოში 500-მდე ენას ითვლიან, ამათგან დამწერლობა აქვს მხოლოდ რამდენიმე ასეულს; ანუ კულტურულ ენად იწოდება რამდენიმე ასეული ენა. მათ შორის არის ქართული ენაც!
მიუთითებენ, რომ მსოფლიოში დამწერლობის მქონე რამდენიმე ასეული ენისთვის გამოიყენება სხვადასხვა დამწერლობათა სისტემები და ანბანები: სულ ორ ათეულამდე. მათ შორის არის ქართული ანბანი! არის არაერთი ისეთი ანბანი , რომელსაც გამოიყენებენ რამდენიმე ენისთვის: მაგალითად , ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს იყენებს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა , ამერიკასა და ავსტრალიაში , აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა , აზიის ზოგიერთი ქვეყანა. ქართულ ანბანს გამოვიყენებთ მხოლოდ ქართველები. ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, სრულყოფილი ანბანური სისტემა , ხოლო უძველესი წერილობითი ძეგლები თარიღდება მეხუთე საუკუნით.
რადგან ქართული დამწერლობა და ანბანი მსოფლიოში უძველესი და უნიკალურია, იუნესკომ იგი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა, რითაც აღიარა, რომ ქართული ენის სამივე ანბანი − მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და განუმეორებელია.
ქართულ ანბანში ყოველი ბგერა ცალკეული ნიშნით გამოისახება და საოცრად პლასტიკურია.
ქართული ანბანი და დამწერლობა არც თანამედროვე სამყაროში კარგავს აქტუალობას და ის ხელოვანთა შთაგონების წყაროა.
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე ამბობდა: ,,ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა - დედაენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოვუყაროთ და ამ სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ - მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ტკბილი, მშვნიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენს ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენებს. ეკლესიისთვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური საწყისის: „პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“. ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას განარჩევს პირუტყვისაგან... ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული, ჩვენი წინაპრის მიერი ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ესევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინათ”.
საამაყოა ის ფაქტი,რომ საქართველოში დაწყებით, საბაზო, საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას სწორედ ქართული ენის საშუალებით ვიღებთ. ქართული ენა სახელმწიფო ენაა, რომელიც დაფუძნებულია ქართლურსა და კახურ დიალექტზე. ქართულ ენაზე ვსწავლობთ და ვასწავლით.
ენა, სკოლა და მასწავლებელი - ეს ის ერთიანი ჯაჭვია, რაც ჩვენი მომავალი თაობის განათლების საფუძველია. ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტის სიძლიერე კი ჩვენი განათლების ქვაკუთხედია. განათლების უწყვეტობის ჯაჭვში პროფკავშირის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეს, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. დედაენა ხომ პიროვნების სახეა: ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს: სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია.
2020 წლის 14 აპრილი