32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მარინე სახუგაშვილი -
,,ხშირად მსმენია კოლეგებისგან შეკითხვები: ,,რას გვიკეთებს პროფკავშირი?“ ან ,,რატომ უნდა გავხდე პროფკავშირის წევრი?“. სიმართლე გითხრათ ეს კითხვები ჩემი თავისთვისაც დამისვავს.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დამანახა, რომ თუ არა პროფკავშირი, პედაგოგები ვრჩებოდით ჩვენი პრობლემების პირისპირ დაქსაქსულები, გათითოკაცებულები და შესაძლოა დაპირისპირებულებიც. ჩვენი გულისტკივილის გამოხატვის, როგორც იტყვიან ,,გულის მოფხანვის“ ერთადერთ საშუალებად კი დაგვრჩებოდა სოციალური ქსელი. თუ გადავავლებთ თვალს, კარიერული წინსვლის პროცესში რა გულისტკივილს გამოვთქვამდით ფბ-ზე (და, არა მხოლოდ ფბ-ზე), აღმოჩნდება რომ, არც ერთი აქტუალური საკითხი, არც ერთი სტატუსისა და შედეგების მქონე მასწავლებელთა პრობლემები, ჩვენი პროფკავშირის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ყველა პრობლემას მოჰყვა პროფკავშირის აქტიური ქმედებები: საკითხის სიღრმისეულად შესწავლა, ჩამოყალიბება და დაყენება სამინისტროს წინაშე. ალბათ რაც მთავარია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამა თუ იმ პრობლემაზე სამინისტრო მასწავლებელთა სასარგებლოდ ღებულობდა გადაწყვეტილებას, ძირითადად პროფკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით. არ ვიცი რა მუშაობისა და სიძნელეების გადალახვა უხდებოდა პროფკავშირის ლიდერებს, ფაქტი ერთია, თუ არა მათი აქტიური ქმედებები, ღმერთმა იცის რა შედეგები დადგებოდა და სად ვიქნებოდით.


ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების სამინისტროსა და მისი სტრუქტურების, ეფექტურმა და შედეგზე ორიენტირებულმა თანამშრომლობამ პროფკავშირთან, პედაგოგებში იმედიანი და მშვიდი გარემო შექმნა.


ამ სტატუსის დაწერის ძირითად მიზანს წარმოადგენს ჩემი დიდი სურვილი - კიდევ ერთხელ შევახსენო პედაგოგთა საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის პროფკავშირის წევრობა.

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და გააანალიზოს უკანასკნელ წლებში განვითარებული პროცესები და მისი შედეგები. არაფერი არ დამთავრებულა. წინ კიდევ ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს. გამომდინარე აქედან, ჩვენი პროფკავშირის სიძლიერეზეა დამოკიდებული ჩვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

მივმართავ არაწევრ მასწავლებლებს: კიდევ ერთხელ გადახედონ პროფკავშირის საქმიანობას, შედეგებს, თავიანთ დამოკიდებულებას პროფკავშირისადმი, რის შედეგადაც, იმედი მაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი შეხედულება: ,,რაც უფრო მეტი ვიქნებით და გავაძლიერებთ პროფკავშირს, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს ლიდერებს, სკოლის, მასწავლებლისა და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული,მტკივნეული საკითხების გადაწყვეტისათვის.

 

გავერთიანდეთ და გავუმაგროთ ზურგი ჩვენს ორგანიზაციას, შემდგომი მოქმედებებისათვის!”

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელით
დიდი მადლობა ქალბატონ მარინე სახუგაშვილს და ყველა წევრს, ვინც მოტივირებულია და სოლიდარულია, ერთგულია პრინციპების, ურთიერთთანადგომის, ურთიერთგატანის, ერთობისა და საკუთარი პროფესიის.