32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი წარმოაჩინა. ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ჯაბა ლაბაძე, სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი და 2019 წლის საქართველოს საუკეთესო ისტორიის მასწავლებლის ტიტულის მფლობელი.2019 1

დოსიე : დავიბადე 1977 წლის 23 დეკემბერს. 1994 წელს დავასრულე ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლა და ამავე წელს გავხდი ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1994-2005 წლებში ვმუშაობდი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის სკოლაში, 2005-2008 წლებში ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში, ხოლო 2008 წლიდან ვარ სურამის მეორე საჯარო სკოლის ჯერ საინფორმაციო მენეჯერი, ხოლო 2011 წლიდან ისტორიის მასწავლებელი. 2018 წელს ვიყავი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი. 2019 წელს გავხდი საქართველოს საუკეთესო ისტორიის მასწავლებლის ტიტულის მფლობელი. 2020 წელს მომენიჭა მენტორი მასწავლებლის წოდება. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?

ვმუშაობ ხაშურის მუნიციპალიტეტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლაში, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამჟამად სკოლაში სწავლობს 320-მდე მოსწავლე. პედაგოგებიდან ერთი მენტორი, 10 წამყვანი და 19 უფროსი მასწავლებელია.

თქვენი მუშაობის პრიორიტეტი და წარმატების თქვენეული ფორმულა.

ჩემი, ისევე როგორც ყველა პედაგოგის ,მუშაობის პრიორიტეტი ბავშვზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესია. რაც შეეხება წარმატების ფორმულას, ის მარტივია: თავდაუზოგავი შრომა და პროფესიული განვითარება.

როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის მასწავლებელი, რომ გაუმკლავდეს თანამედროვე მოთხოვნებს?

XXI საუკუნის მასწავლებელს მოეთხოვება ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა და გამოყენება. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, მას მოსწავლეებთან მიდგომის მრავალმხრივი უნარები უნდა ჰქონდეს. იგი მოსწავლეში მეგობარს თუ არ ხედავს, მისი როგორც პედაგოგის კარიერა დასრულებულია.

როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას?

თანამედროვე ახალგაზრდობა საერთოდ სხვა მოვლენაა. საკმაოდ კარგად აზროვნებენ, უბრალოდ მათ ფრთები უნდა შეასხას პედაგოგმა და სწორი მიმართულებით „ასწავლოს ფრენა“.

პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტ ტექნოლოგიები და სწავლების დისტანციურ მეთოდებზე გადასვლა. რამდენად იყავით მზად ამ მიმართულებით და რა პრობლემებს აწყდებოდით სწავლებისას?

ვფიქრობ, თავდაპირველად დისტანციური სწავლებისთვის, ზოგადად, ქართული განათლების სისტემა არ იყო მზად და ვერც მე მოვიწონებ თავს, რომ მზად შევხვდი პანდემიას. თუმცა ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და წარმატებით გავუმკლავდი. საწყის ეტაპზე, ძირითადი პრობლემა ინტერნეტთან წვდომა იყო. შემდეგ ჩვენც დავიხვეწეთ და ონლაინ უკვე ჯგუფურ სამუშაოებსაც ვაწარმოებდით თიმსში Padlet-ის გამოყენებით. გაკვეთილზე დასწრების პრობლემა თითქმის არც გვქონია.

 

როგორც მასწავლებელი რა საჭიროებებს გამოკვეთდით, რომლის მოგვარებაც არსებითად მნიშვნელოვანია?

ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების კვალიფიკაცია. ასევე მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა.

როგორ შეაფასებდით განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.რა კეთდება მასწავლებლების სასიკეთოდ და რა როლი აკისრია პროფკავშირს ამ მიმართულებით?

თითქმის 26 წელია რაც პედაგოგი ვარ და სულ რეფორმის პერიოდში მიწევს მუშაობა. ვფიქრობ, მუდმივი და დაუსრულებელი რეფორმა არაა მაინცდამაინც მიზანშეწონილი. როდესაც საქმეს იწყებს პედაგოგი, მან უნდა იცოდეს რა ელის ბოლოს და არ უნდა იყოს იმის შიშში, რომ სადღაც შუაში მას ახალი რეფორმის გამო, საქმის ხელახლა დაწყება მოუწევს. სწორედ აღნიშნულ საქმეში პროფკავშირის თანადგომის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ვთლი, რომ ძლიერი პროფკავშირი ძლიერი პედაგოგია.

რა არის თქვენთვის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ ? როდის და რატომ გაწევრიანდით და რა გავლენა მოახდინა ორგანიზაციამ თქვენს საქმიანობაზე?

1994 წლიდან პროფკავშირის წევრი ვარ, 9 წელი სკოლის პროფორგანიზაციის ხელმძღვანელიც ვიყავი. რაც შეეხება გავლენას, აქ შეიძლება ერთი სიტყვით ვთქვათ - უდიდესი. სწორედ პროფკავშირის თანადგომით ჩავერთე პროექტში:„სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობით“, რომლის ფარგლებშიც , 2019 წლის 1-7 სექტემბერს დანიის სხვადასხვა სკოლაში გავეცანით ადგილობრივ განათლების სისტემას.

რას ურჩევდით პოტენციურ პროფწევრებს რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებით ისარგებლებენ?

პედაგოგებს ერთად დგომა უნდა შეგვეძლოს, ერთად ძლიერები ვიქნებით, სწორედ პროფკავშირია ამის საწინდარი და გარანტი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი წამყვანი და პრიორიტეტული გამოცდაა ისტორია. რა მეთოდებით ასწავლით ისტორიას, რომ აბიტურიენტმა თუნდაც მეორე გამოცდაზე გადასასვლელი ბარიერი დაძლიოს?

ალბათ, არავის უკვირს, თუ რატომააისტორია ერთ-ერთი წამყვანი საგანი. ისტორიის „გაკვეთილები“ ,აუცილებელია, მომავლის სწორად დასაგეგმად. ვცდილობ, სკოლაში ისტორიკოსები კი არ გავზარდო, არამედ ისტორია შევაყვარო, ვცდილობ, ისტორიის შესწავლა სასიამოვნო პროცესად ვაქციო და მოსწავლეს ეხალისებოდეს სწავლის პროცესი. ამისათვის ვიყენებ სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდებს. მათ შორის გამოვყოფდი ერთ-ერთ უნიკალურ მეთოდს : მე როგორც ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორი, წლების წინ შევეცადე ვიკიპედია ჩამერთო სწავლების პროცესში. მოსწავლეებსვიკიტექნოლოგიების გამოყენებით, შევასწავლე ისტორიის გარკვეული საკითხები. მოსწავლეები ჩართული მყავს სხვადასხვა არაფორმალურ საქმიანობაში. ჩემი ბავშვები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართელოს ასოციაციის ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის წევრები და აქტიურად მონაწილეობენ საზაფხულო ბანაკებში, სადაც ვახდენთ ვიკიპედიის გამდიდრებას ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თემატიკით.

სკოლის ხელმძღვანელის თანადგომით ისტორიის კაბინეტში მოვაწყეთ ბიბლიოთეკა. წიგნების გარკვეული რაოდენობის შესაძენად წამოვიწყეთ ორი აქცია: პირველი - „გაამდიდრე ისტორიის კაბინეტი ერთი ისტორიული წიგნით!, რომლის ფარგლებშიც არაერთმა ადამიანმა გაიღო წიგნი საკუთარი ბიბლიოთეკიდან; მეორე - სკოლის მასშტაბით ვაგროვებთ მაკულატურას და მიღებული თანხით ვყიდულობთ წიგნებს. ამჟამად ბიბლკიოთეკაში 250 ისტორიული წიგნია, რომელსაც გასცემს და ბავშვებს ემსახურება მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.

 თანამედროვე სასკოლო განათლება თუ პასუხობს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების სტანდარტებს ?

წესით პასუხობს, მაგრამ მოსწავლის სწავლა-აღზრდის საქმეში ცოდავს როგორც პედაგოგი, ასევე მშობელი და სამწუხაროდ მაინც იყენებენ რეპეტიტორის ინსტიტუტს.

რაკიღა ჩვენი ქვეყანა ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უცხოელი ტურისტებისთვის ძალზედ საინტერესოც. როგორ ფიქრობთ, უცხო ენის ცოდნის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნა და გიდების ინსტიტუტის განვითარებაც რამდენად მნიშველოვანია?

პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან. იცი რომელიმე უცხო ენა? კარგად ფლობ ისტორიას? ჩათვალე რომ ,შესაძლებელია, მოახდინო საკუთარი თავის რეალიზაცია. გიდების სკოლა აუცილებლად უნდა განვითარდეს და პროფესიონალი გიდების მომზადებაც უნდა მოხდეს

 ისტორიის ცოდნის საფუძველი სკოლიდან იწყება. როგორ ინტერესდებიან თქვენი მოსწავლეები ამ საგნით სამომავლო პროფესიის არჩევისას?

მოსწავლეს უნდა აჩვენო, რომ შენ ხარ თავად რეალიზებული ბოლომდე შენი პროფესიით, უნდა აჩვენო, რომ თუ ხარ კარგი სპეციალისტი, წარმატებები ულევი იქნება. შემდეგ უკვე ყველაფერი თავისით წარიმართება. გასული სასწავლო წლის ბოლოს (ჯერ ახალი შედეგები ცნობილი არაა) ჩემმა სამმა მოსწავლემ (მათ შორის ორმა ბიჭმა) გააგრძელა ჩემი პროფესიული გზა.

ისტორიის საგნის პოპულარიზაციისთვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელობის წარმოსაჩენად რა კეთდება თქვენს სკოლაში ?

ჩვენს სკოლას ისტორიის სწავლების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. მეც გავაგრძელე ეს გზა და მოვერგე XXI საუკუნის მოთხოვნებს. ტექნოლოგიების ეპოქაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მათი გამოყენება. 2019 წელს სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა „სურამის ვიკი-კლუბი“, რომელსაც კომპიუტერული ტექნიკა გადასცა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართელოს ჯგუფმა“. ვთანამშრომლობთ „კავკასიურ სახლთან“ და მათ მიერმომზადებულ ისტორიული თემატიკის სტატიების ვიკიფიცირებას და ვიკიტექნოლოგიებზე მორგებას ვახდენთ ჩვენი ვიკი-კლუბის წევრები. რაც გარდა იმისა, რომ ამდიდრებს ქართლ ვიკიპედიას და მზა მასალას სთავაზობს მომხმარებდელს, ხელს უწყობს ისტორიის უკეთ ათვისებას.

ენციკლოპედიური ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაცია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრი ბრძანდებით. რას იტყვით ამის შესახებ?

ზემოთ ბევრი ვისაუბრე ვიკიპედიის შესახებ, თუ როგორ ვიყენებ ვიკიპედიას სწავლა-სწავლების პროცესში. რაც შეეხება ჩემს უშუალო წვლილს ქართლ ვიკიპედიაში დაწერილი მაქვს 13 000 სტატია.

თქვენი პედაგოგიური წარმატებული ნაბიჯი და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“. როდის ჩაერთეთ და რა შედეგი მოიპოვეთ?

2018 წელს შევავსე აპლიკაცია და ამავე წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ათეულშიც მოვხვდი, ხოლო 5 სექეტმბერს უკვე გავხდი ფინალისტი და ხუთეულის წევრი.

როგორც ვიცი,როგორც პედაგოგმა დაჩქარებული წესით სტატუსი აიმაღლეთ. ამ მიმართულებით რა თანადგომა გამოხატა თქვენს მიმართ პროფკავშირმა?

დიახ, 2020 წლის ივნისში მომენიჭა მენტორი მასწავლებლის წოდება. პროფკავშირის როლი განუზომელია ამ საქმეში. მე ძალიან კარგად ვხედავდი და ვგრძნობდი მათ თანადგომას.

ჩართული იყავით პროფკავშირის ქართულ-დანიურ საერთაშორისო პროექტში და ამ ეგიდით დანიაშიც იმყოფებოდით.როგორ შეაფასებდით აღნიშნულ პროექტს, კერძოდ როგორ გამოიყენეთ მიღებული გამოცდილება სწავლა/სწავლების პროცესში და როგორ მოგეწონათ დანიის საგანმანათლებლო სისტემა? როგორც პედაგოგი იქიდან რას გადმოიღებდით ქართულ რეალობაში?
ქართულ-დანიურმა პროექტმა მე, როგორც პედაგოგი ერთი-ორად გამზარდა პროფესიულად. ეს პროექტი საკმაოდ აქტუალურია და მნიშვნელოვანი საქართველოს განათლების სისტემისთვის. დანიაში მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ სასწავლო პროცესში. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, მასწავლებლის სახლის ეგიდით, ჩავწერე ვებინარი და კოლეგებს, საქართველოს მასშტაბით, ონლაინ გავუზიარე დანიაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
p.s. პროფსაზოგადოებას შევახსენებ, რომ 2019 წლის 1 -6 სექტემბრის ჩათვლით, "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (სპმთპ) მიერ შერჩეული ექვსი მასწავლებელი ,,დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამით” დანიის სამეფოს სტუმრობდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტის მრჩევლი განათლების საკითხებში, განათლების ექსპერტი გიორგი ნოზაძე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარი ალუღიშვილი.დანიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დანიის საგანმანათლებლო პოლიტიკის, სასკოლო პროგრამების, სწავლა-სწავლების ფორმალური და არაფორმალური გარემო-პირობების შესწავლა. დანიაში გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველი მასწავლებლები გაეცნენ დანიის საგანმანათლებლო დარგის სოციალურ პარტნიორებს შორის მიმდინარე ევროპულ სოციალური დიალოგის მექანიზმებს , პროფკავშირებისა და განათლების სამინისტროს მჭიდრო პარტნიორობის მთავარ ასპექტებს, რომელთაც საერთო მიზანი ყველასთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობააერთიანებთ.დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის” განხორციელება შესაძლებელი გახდა პარტნიორობისა და თანადგომის პროექტის ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის განვითარება,სპმთპ-სთან თანამშრომლობით”ფარგლებში, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება სპმთპ-სა და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირის (GL)-ის მჭიდრო თანამშრომლობით. GL-ს დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების 97% აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებების განხორციელებით. ქართული დელეგაციის წევრებისთვის შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო პროგრამა სპმთპ-ის მჭიდრო პარტნიორი ორგანიზაციის - დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის, GL-ის განათლების პოლიტიკის განყოფილების საერთაშორისო პროგრამების მთავარმა კონსულტანტმა ჰანს ლაუგესენმა მოამზადა. GL-ის სათაო ოფისში, ქ. კოპენჰაგენში საქართველოს დელეგაციის წევრებს GL-ის პრეზენტაცია წარუდგინეს, როგორც დანიის განათლების პოლიტიკისა და გამოწვევების, მათ შორის დანიის მასწავლებლების სამუშაო პირობებისა და პროფკავშირის როლის შესახებ, აგრეთვე, დანიის განათლების სამინისტროს ამოცანების, ხედვების, საქმიანობისა და პარტნიორობის ძირითადი ასპექტების შესახებ. შეხვედრები შედგა დანიის განათლების დარგის სხვადასხვა საფეხურის პროფკავშირულ ორგანიზაცებთან, რაც თანამშრომლობის გაღრმავებასშეუწყობს ხელს. ოფიციალური შეხვედრები შედგა დანიის პროფესიული განათლების, ადრეული აღზრდისა და განათლების ხელმძღვანელ პირებთან და ექსპერტებთან. მოწვეულ სპიკერებს შორის იყო ,,დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის მოსწავლეთა ეროვნული კავშირის” პრეზიდენტი. ახალგაზრდული ორგანიზაცია DGS ეროვნულ დონეზე მოქმედებს და მჭიდროდ თანამშრომლობს დანიის განათლების დარგის პროფკავშირებთან და განათლების სფეროს სტეიქჰოლდერებთან.დანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დანიელმა ექსპერტ-მასწავლებლებმა ქართველი კოლეგებისთვის დანიის უმაღლესი საფეხურის სხვადასხვა ტიპის სკოლებში ვიზიტების დროს პროგრამები დაგეგმეს, მათ შორის ფორმალური და არაფორმალური განათლების, ზრდასრულთა განათლების ცენტრების მონახულება დაგეგმეს. ქართველი მასწავლებლები დაესწრნენ გაკვეთილებს, შეხვდნენ დანიელ კოლეგებსა და მოსწავლეებს, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები თავად აცნობდნენ სკოლებში მიმდინარე საქმიანობებს, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებზე საუბრობდნენ. გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველი მასწავლებლები დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლებში ეცნობოდნენ დანიელი კოლეგების სწავლა-საწავლების მეთოდებსა და გარემო-პირობებს. ოთხი დღის განმავლობაში ქართულმა დეგეგაციამ კოპენჰაგენიდან დაწყებული უკიდურეს ჩრდილოეთ თუ სამხრეთის მხარეებში ურბანულ და ქალაქის სკოლებს სტუმრობდნენ.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა,რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ახალი სკოლის მოდელი და მისი აქტივობები ძალიან მომწონს, ვფიქრობ, ეს პროექტი ბოლომდე უნდა მივიდეს და ყველა სკოლაში დაინერგოს. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ვთლი, რომ თავიდან ბოლომდე კითხვები უნდა იყოს სააზროვნო და ბლუმის ტაქსონომიის ზედა საფეხურებზე გამსვლელი. სწორედ ამიტომ მომეწონა ცვლილება , როდესაც ტესტებში წელს ე. წ. შემოსახაზი კითხვების ხვედრითი წილი შემცირდა.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

ჩემს მოსწავლეებს არა ონლაინ, არამედ უშუალოდ ვუყურო სუფთა თვალებში და ფრთები მივცე, რათა იფრინონ...

იხ.ლნკი:https://spark.adobe.com/page/mdpxeMTfXnW3x/?fbclid=IwAR0m0qzNhAK3TBAfsPI83hJs_vQacwL3LH7loBw0Gs4_vdMBu-Q2GeivG28

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა