drrrrr ბაგა ბაღებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ვითარება, პედაგოგთა პრობლემები და ბავშვთა უფლებები განიხილეს დღეს პროფკავშირებში. სპეციალური შეხვედრის ინიციატორი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეთერ მათურელი იყო. დისკუსიას თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ბაღებში არსებულ პრობლემებზე. სპმთპ–ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ გულიკო ზუმბაძეს პროფკავშირთან აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, ამომრჩევლის წინაშე ქალბატონი გულიკოს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების მაღალი განცდის შესახებ. მაია კობახიძე შეეხო სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებებს და საგანგაშოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არსებობს სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი, რაც სერიოზული პრობლემების სათავეა. მან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის შემუშავება. 
სპმთპ–ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, უჩა ბაკურაძემ ,,საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ შენიშვნებზე ისაუბრა.
სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ მადლიერებით აღნიშნა 19 ოქტომბერს სასტუმრო ,,რედისონში“ ჩატარებულ კანონპროექტის პირველ საჯარო განხილვაში სპმთპ–ის მონაწილეობა. ნათია კორძაძემ საზოგადოებას გააცნო კანონპროექტის საჯარო განხილვაში მის მიერ გამოთქმული შენიშვნები ცხრასაათიანი სამუშაო დღის ხანგრძლივობისა და ჯგუფებში ბავშვთა ოდენობების შესახებ.
ზემოაღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებების განხორციელებაში საზოგადოების აქტიური ჩართულობის მიზნით ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ გამოხატა თავისი მოსაზრება და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მისი სამოქმედო გეგმა.
სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტმა, მარინა ალუღიშვილმა ,,სკოლამდელ დაწესებულებებში კვების სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ“ N 78 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების აუცილებელი განხორციელების თაობაზე ისაუბრა. იგი შეეხო შეუსაბამო კალორაჟისა და მენიუს პრობლემებს. 
თბილისის N 145 ბაგა–ბაღის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰიგიენის კოორდინატორმა, მარიკა მუშკუდიანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო არსებული კალორაჟისა და მენიუს სავალალო შედეგები და აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული აქტივობები.
სპმთპ–ის ლიდერებმა და წევრებმა გამოთქვეს პროტესტი იმის თაობაზე, რომ ბაღების აღმზრდელების ხელფასი კვლავ მიზერულია, სამუშაო საათები არანორმირებული, ჯგუფებში კი ბავშვთა რაოდენობა 60-ს აღწევს. ბავშვთა და აღმზრდელთა თანაფარდობა მთლიანად დაურეგულირებელია.
პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა და ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.ჩამოაყალიბეს შემდგომი ღონისძიებების გეგმა.