32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
sde მიმდინარე წლის 19-21 ოქტომბერს ქ. ბუქარესტში სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) ორგანიზებით გამართული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროფკავშირების მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. 
მრგვალ მაგიდას ETUCE-ის პრეზიდენტი ქრისტინ ბლოვერი და ETUCE-ის ევროპული დირექტორი მარტინ რომერი ხელმძღვანელობდნენ.
მონაწილეებს მიესალმნენ რუმინეთის მინისტრი სოციალური დიალოგის საკითხებში, ლივიუ-მარიან პოპი; რუმინეთის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრი, სორინ მიკაილ ჩიმპენუ და ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ევროპული ვიცე-პრეზიდენტი მარლი სტეპე. 
მადლენ სერბანმა, ETF-ის (ევროპის ტრენინგების ფონდის) წარმომადგენელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა და მონაწილეებს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის შესახებ ETF-ის ხედვა გააცნო. 
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა მასწავლებელთა და პროფკავშირებისათვის ყველაზე აქტუალური საკითხები, გამოწვევები და ეფექტური სოციალური დიალოგის ხელშეწყობით მიღწევადი გადაჭრის გზები წარმოადგინეს. 
მრგვალ მაგიდაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა მასწავლებელთა მხარდაჭერის მიმართულებებზე, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობისთვის უსაფრთხო და სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებზე და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროებებზე. 
მრგვალ მაგიდაზე მომხსენებლად გამოვიდა სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა სპმთპ–ის ხედვა ,,საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და ერთობლივი დეკლარაციის პროექტზე იმუშავეს. დეკლარაციის პროექტი მოიცავს ,,21–ე საუკუნის მასწავლებლის პროფესიის შესახებ“ სახელმწიფოებისა და პედაგოგთა პროფკავშირების ვალდებულებებს. ერთერთი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე იყო. ჯგუფის წევრები დაეთანხმნენ დეკლარაციის პროექტს. მათ დეტალურად განიხილეს თავიანთი ქვეყნების რეალური შესაძლებლობები და ETUCE-ის ხელმძღვანელებს დეკლარაციის პროექტში პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების შესახებ პუნქტის დამატება შესთავაზეს.
ბუქარესტში მიმდინარე სამდღიანი მუშაობის შედეგად მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია პროფკავშირების როლის, განათლების ხარისხის ამაღლებისა და ყველასათვის თანასწორი განათლების უფლების მოპოვების გარანტიების შესახებ.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მონაწილოებით მსგავსი მრგვალი მაგიდების ორგანიზების ამოცანაა ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილებების გაზიარება და ორგანიზაციებს შორის პარტიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება.