dres საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა წელს პირველად მასწავლებელთა და მოსწავლეთა, სკოლის დირექციის წარმომადგენელთა ჩართულობით განახორციელა პროექტი ,,ჩემი თბილისი“, რომლის ძირითადი არსი იყო თანამედროვეთაგან დედაქალაქის აღქმა და განცდა: თბილისი – მეგობრობის, სიყვარულის, ლამაზი ურთიერთობებისა და კავკასიაში კულტურული ცენტრის პრიორიტეტის მატარებელი. პროექტის ავტორია სპმთპ–ის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 24–ე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი, თამარ ბარისაშვილი.
23 ოქტომბერს თბილისის სკოლების N24, N37 და სომხეთის ,,მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთად მოეყარათ თავი.
პროექტი ითვალისწინებდა გაერკვია, არის თუ არა კვლავ თბილისი იმ მისიის შემსრულებელი, როგორც ოდეს, როცა მეფე ვახტანგ გორგასალმა ის ლეგენდად აქცია, როცა ბაქტრიასთან, პართიასთან, რომთან და ბოსფორთან მას სავაჭრო მიმოსვლა შეეძლო, როცა გამორჩეული სტრატეგიული თვალსაზრისით თბილისი ციხე–ქალაქის ფუნქციას ასრულებდა – იცავდა უძველეს დედაქალაქს, მცხეთას.
ტრადიციულად თბილისს ბევრი არაქართველი მეგობარი ჰყავდა და ჰყავს, რადგან თბილისი არის ურთიერთობა...ამ მხრივ არც ეს საღამო იყო გამონაკლისი – ტკბილ სუფრას ერთად მისხდომოდნენ სომეხი, უკრაინელი, ბერძენი, ქურთი, ქართველი და რუსი – საქართველოსა და სომხეთის მკვიდრნი, სერგო ფარაჯანოვის საცხოვრისი სიმბოლურად ესატყვისებოდა ამ ყოველივეს: აგურის კედლები ქართულ ხალიჩებს დაემშვენებინა, ხის აივანი საგანგებოდ გადმოფენილ ფარდაგს, ფანჯრები – რიკულებიან დარაბებს, ოთახის სიგრძეზე გაფენილი სარეცხი გადაჭიმულიყო.
ვიოლინოს ნაზი ჰანგები განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა მეგობრულ გარემოს: 21–ე საუკუნის თამამი, მხიარული და ლაღი გოგო–ბიჭების ხის კიბეებზე სვლა განასახიერებდა ქალაქის განწყობასა და მრავალწლოვანებას.
პროექტის ,,ჩემი თბილისი“ მონაწილენი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სიგელებით დაჯილდოვდნენ, განსაკუთრებით აღინიშნა შპს ,,ჩაის სახლის“ მხარდაჭერა და თანადგომა, სომეხ კოლეგებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
საღამოს განმავლობაში არაერთხელ შესრულდა სიმღერა ,,თბილისო“ ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ქუჩაში გამოსულთ იოსებ ნონეშვილის სიტყვები გაგვიცხადდა:
,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ,
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს“.