deddმიმდინარე წლის 23 ოქტომბერს სპმთპ-ის წარმომადგენლები წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა გახსნა, ღონისძიების ორგანიზატორმა სპმთპ–ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ზაირა შელიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარინა ალუღიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე და სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცირა გულუა. 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალენჯიხის რაიონის საგანამანთლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა დალი კვარაცხელიამ. ქალბატონმა ლირა ღურწკაიამ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სპმთპ–თან მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ქალბატონი დალი კვარაცხელია დემოკრატიული ინსტიტუტის განვითარების ხელისშემშლელ გარემომებებსა და პედაგოგთა სამართლიანი მოთხოვნების ძირითად ასპექტებს შეეხო.
მაია კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სპმთპ-ის გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები წევრთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე შეეხო ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ ახალი სქემის შემუშავების პროცესში სპმთპ-ის ჩართულობასა და ინიციატივების საკითხებს. მან აღნიშნა, რომ ახალი სქემის ამოქმედების პერიოდში ორგანიზ აცია ახორციელებს მონიტორინგს და პედაგოგთა სამართლიანი მოთხოვნების საფუძველზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას. სპმთპ-ს პრეზიდენტი განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო ყვითელი პროფკავშირის  „ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის“ საქმიანობას, რომელშიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, წალენჯიხის რაიონის ასეულობით საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში დასაქმებულია გაწევრიანებული, რითაც წალენჯიხის პედაგოგებს ჩამოერთვათ დემოკრატიულ პროფკავშირში გაწევრიანების შესახებ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ ისაუბრა მასწავლებელთა ხელფასის დაანგარიშების, საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების, კუთვნილი შვებულებისა და დეკრეტული შვებულების გაცემის წესის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა ზაირა შელიას წალენჯიხს რაიონული ორგანიზაციის აღდგენაში გაწეული საქმიანობისათვის. 
ქალბატონმა ზაირა შელიამ კი სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადასცა წალენჯიხის რაიონის პედაგოგებს.