32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ კვლავ აქტიურად განაგრძობს , ელექტრონული რუბრიკის: “პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“ ფარგლებში, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას, მათი საქმიანობის უფრო მეტად პოპულარიზაციას და მათ დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

ამჟამად რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კაკაჩია.107025711 3093302127454797 6069984868359436919 n

დოსიე : დავიბადე 1984 წლის 17 იანვარს ქალაქ ხობში,დავამთავრე ხობის რაიონის, სოფელ პირველი ხორგის, ალიო მირცხულავას სახელობის საშუალო სკოლა,2001 წელს ჩავირიცხე ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, 2005 წელს წარჩინებით დავამთავრე საბაკალავრო პროგრამა და სწავლა გავაგრძელე მაგისტარტურაზე.

2007 მომენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2008 წლიდან კი დავიწყე მუშაობა და დღემდე ვმუშაობ სსიპ ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

2011 წელს წარმატებით დავძლიე სასერტიფიკაციო გამოცდები, ჩავაბარე პროფესიული უნარები და საგნობრივი VII-XII კლასების ქართული ენა და ლიტერატურა.

2012 წელს კი ჩავაბარე დაწყებითი, I-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდა.

2018 წლიდან მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის , ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2019 წლის აპრილიდან ვარ სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე.

მყავს მეუღლე და ორი შვილი.107058497 857462434746270 5179764910681920670 n

რა არის თქვენთვის წარმატება?

წარმატება არის ,უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალური, პიროვნული სტანდარტი, რომელიც ეფუძნება შინაგან მრწამსს:ვინ ხარ? რისთვის მოევლინე ამ ქვეყანას? რა არის შენი ცხოვრების მიზანი? მიაღწიე თუ არა შესაძლებლობების მაქსიმუმს? აი, მთავარი კითხვები წარმატებისკენ სავალ გზაზე.

წარმატება ჩემთვის არის: თავდაუზოგავი შრომა,მაღალი პასუხისმგებლობა, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ, ცოდნის მიღება/გაცემა თანაბრად, საკუთარი ღირსებებისა და ნაკლოვანებების შეფასება/ანალიზი და უმთავრესი ამოსავალი წერტილი, დავესესხები ყველასათვის საყვარელ მსახიობს,კახი კავსაძეს ,,არასოდეს არავისი,არაფერი არ შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული“

რა გაძლევთ მოტივაციას?

ნებისმიერ საქმეში ეს იქნება ოჯახი თუ კარიერა აუცილებელია: სიყვარული,ერთგულება, ნდობა,პასუხისმგებლობა,იმედი და რწმენა, სწორედ ეს თვისებები მამამოძრავებს და მაძლევს მოტივაციას. 

ცხოვრებისეული გამოწვევები,რაც დაძლიეთ.

ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ადამიანები უამრავ სირთულეს აწყდებიან მიზნის მიღწევის, საკუთარი თავის რეალიზების საქმეში, სხვადასხვა გარემო პირობებიდან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა,(აღარ დავკონკრეტდები) რომელიც ყოველჯერზე დამიძლევია პირნათელი შრომით,ოჯახის თანადგომითა და დახმარებით. ზოგადად არ ვუშინდები ცვლილებებს და ცხოვრებისეული სირთულეები გაორმაგებული ბრძოლისაკენ მიბიძგებს.

თქვენი მთავარი მიღწევა?

ადამიანმა რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, ვფიქრობ, აუცილებელია, პირადი ცხოვრებისა და კარიერის არსებობა. სწორედ ამას დავასახელებდი ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად: მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილები და ამავდროულად თუ შეიძლება ასე ითქვას, წარმატებული ნაბიჯები კარიერაში.ოქროს შუალედის პოვნა, დროის თანაბარი განაწილება,პირადი ურთიერთობებისა და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების გამიჯვნა.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ლიდერობა პასუხისმგებლობაა, შევძლო პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ადამიანური ურთიერთობების აწყობა, კოლეგებთან თანამშრომლობა, ზრუნვა,როგორც საკუთარი,ასევე სხვების პროფესიულ განვითარებაზე, განსხვავებული აზრის მიმღებლობა, პრობლემური სიტუაციების მოგვარება და მართვა. ახალი გამოწვევა,ურთიერთობები...

გუნდურ მუშაობას ჩემს ძლიერ მხარედ დავასახელებდი და ავტორიტარიზმი ხელმძღვანელობის საუკეთესო ფორმად არ მიმაჩნია, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად არ მიყვარს.მჯერა, რომ გუნდურობითა და თანამშრომლობით გავიზრდებით და გავაძლიერებთ ორგანიზაციას რაიონში, ახალბედა ლიდერს კი ნამდვილად მჭირდება მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობ, თქვენ მე მაძლიერებთ,მადლობა ვინც დიდი ხანია გვენდო, ვინც ახლახანს შემოგვიერთდა,ვინც შემოგვიერთდება, სპმთპ თქვენი და ჩვენი, მასწავლებელთა ერთადერთი ორგანიზაციაა.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

პანდემიური ყოველდღიურობა ონლაინ გაკვეთილების შემდგომ პერიოდში , იწყება ლამაზად გათენებული დილით და უმცროსი შვილის დღის მთავარი სიტყვით: ,,გათენდა,ავდგეთ“ მისი წილი სიყვარულითა და ოჯახზე მზრუნველობით, შემდეგ კი ე.წ. ,,მესიჯბოქსების ‘’ შემოწმებით და წინა დღით დაგეგმილი ონლაინ აქტივობების შესრულებით, დღეში მინიმუმ 5 სოციალურ ჯგუფთან და ამ ჯგუფების 200-მდე ადამიანთან კომუნიკაციით, ვებინარებისა , თუ ტრენინგების დასწრებით, ონლაინ საქმიანობაში უკვე აღარ არსებობს სამუშაო გრაფიკი, ვის როგორც მოუხერხდება და რა დროსაც: ეს იქნება დღისა თუ ღამის თორმეტი და ძალიან ბუნებრივია შეკითხვაა: თუ ვისი მხარდაჭერა მაძლიერებს?არ დავიღლები გამეორებით -ოჯახის.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

მასწავლებლობა ჩემი მთავარი საქმიანობა და სწორი პროფესიული არჩევანია,რითაც ძალიან ვამაყობ, დავიბადე , გავიზარდე პედაგოგის ოჯახში და ალბათ ბავშვობიდანვე შევისიხლხორცე, გავითავისე და ჩემად მივიღე!

,, მასწავლებელი უნდა ფლობდეს მაქსიმალურ ავტორიტეტს და მინიმალურ ძალაუფლებას" (ტომას სასი) ამიტომაც მუდამ ფრთხილად ვუდგები ამ მეტად საპატიო პროფესიას, ვცდილობ ვიყო ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი. მასწავლებლობა - ნიშნავს მიყვარდეს და აღვიქვა მოსწავლეები პიროვნებებად, მათ მიმართ ვიყო გულწრფელი, ემპათიური, მეგობრული, თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული. ვცდილობ, ვასწავლო არა მარტო საგანი, არამედ ადამიანური ქცევის,ურთიერთობების, ღირებულებების ერთგვარ მოდელად ვიქცე მათთვის.

პედაგოგიური საქმიანობის ლაიტმოტივია : ,,ვისწავლოთ,რათა ვასწავლოთ“ შესაბამისად, ვსწავლობ, ვასწავლი და ვსწავლობ... ვსწავლობთ საგანს, ვსწავლობთ მეგობრობას, ადამიანობას, მადლიერებას, ძალიან ბევრს ვსწავლობთ...

მიყვარს მასწავლებლობა, მიყვარს, ეს ჩემი ცხოვრებაა!!!107159969 640942026771025 4920349632297008156 n

როგორც მასწავლებელი,როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

ნიჭიერი,გონიერი,აქტიური, კრეატიული, შემოქმედი, ტექნოლოგიურად მეტად განვითარებული , ასე შევაფასებდი თანამედროვე ახალგაზრდობას, მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყოველთვის ვარ გულწრფელი, ვცდილობ ვიყო ფასილიტატორი, გეზის მიმცემი, მეგობრული, მაძიებელი, ვასწავლი და მათთან ურთიერთობებიდან ბევრს ვსწავლობ. მახარებს მათი წარმატება და რა თქმა უნდა მწყინს მათი წარუმატებლობა!

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემია... ახალი გამოწვევა, ახალი დღის წესრიგი, ახალი რეალობა, მინდა გითხრათ ,რომ არ იყო ადვილი , იყო გაურკვევლობა, შიში და ამავე დროს პროფესიული ვალდებულება, წუხილი, დარდი... თუმცა განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული დროული და ნათელი ისნტრუქციების შედეგად შევძელი რთული მდგომარეობიდან გამოსვლა, ჯერ თავად ვისწავლე ,,teams“ პროგრამით მუშაობა და შემდეგ გადავედი ონლაინ სწავლების აქტიურ ფაზაში. სკოლა,სადაც ვასწავლი მცირეკონტიგენტიანია, არ გაგავჭირვებია დისტანციურად სწავლების წარმართვა.

ონლაინ სწავლა-სწავლებისას აღმოვაჩინე, რომ მეტი ყურადღება უნდა დავუთმო მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას,მეტაკოგნიცია ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემის, მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი. დამოუკიდებლად სწავლების უნარის განვითარება.

რა არის თქვენთვის სპმთპ?

სპმთპ-ს ორმაგი დატვრთვა აქვს ჩემთვის :წევრობა და თავმჯდომარეობა.

დავიწყებ წევრობიდან, სკოლაში მუშაობის დღიდან ვარ სპმთპ-ის წევრი, ვინაიდან ვთვლიდი რომ უნდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი აღიარებული, გამორჩეული ორგანიზაციის წევრი, რომელიც აერთიანებს 42 ათასამდე საერთო მიზნებისა და ღირებულებების მქონე მეტად საპატიო საზოგადოების ნაწილს, მასწავლებლობა, განათლება და მეცნიერება რომ ჰქვია. სოლიდარობა, დაცული უფლებები და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა,აი მთავარი კრიტერიუმები ,რის გამოც ვარ,ვიყავი და ვიქნები წევრი.

რაც შეეხება პროფ.ლიდერს-ამ მიმართულებით სპმთპ ჩემთვის უპირველესად ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაა ვემსახურო წევრებს, ვიყო თითოეული წევრის საჭიროებაზე ორიენტირებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება არის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, დასაქმებულთათვის პროფკავშირის როლისა და მნიშვნელობის გაცნობა, დაცული უფლებები და ზრუნვა კვალიფკაციის ამაღლებისთვის.107374959 322466105421498 8947573946168505546 n

სპმთპ-ს კუთხით,სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

მოგეხსენებათ,რომ სულ რაღაც ერთი წელია ვარ პროფ.ლიდერი (2019 წლის აპრილიდან), პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა ტიპის პროფკავშირულ საქმიანობაში, დასაქმებულთა საჭიროებების დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ვმოქმედებ გაწერილი სამუშაო პროგრამით, პროფ. წევრთა ფართო გაცნობითი ხასიათის აქტივობებით, ამ მიზნით დავდივარ სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, ადგილზე ვაცნობ პროფკავშირულ როლს, საქმიანობას და ვეცნობი მათ საჭიროებებს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება მომავალშიც, პანდემიის ფონზე შექმნილი მაქვს ონლაინ ჯგუფები თითოეული ბაღისა თუ სკოლის პროფ.თავმჯდომარეებთან, ვეკონტაქტები მათ თითქმის ყოველდღიურად, ერთად დავგეგმეთ ონლაინ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით: teams-ის სწავლება, საგნობრივი და პროფესიული ტრენინგები.

ვსარგებლობ რა შემთხვევით და თითოეული სკოლის პირველადი ორგანიზაციის პროფ.ლიდერს ვუხდი მადლობას სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონულ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ჩვენ ერთად ვზრუნავთ კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე.

სამომავლოდ: ასევე აქტიურად განვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, ეს იქნება: კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები, პროფესიული გადამზადება, მატერიალური დახმარება თუ საგანმანათლებლო საჭიროებები.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

დავიწყებ ასე, ვიცით, რომ ,,ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან მოტივირებული,პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები“, შესაბამისად პოტენციურ წევრებს ვურჩევდი ძალიან მარტივ რამეს, გაეცნონ სპმთპ-ის მიერ მასწავლებელთა საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, განხორციელებულ მეტად ეფექტურ და აქტიურ ნაბიჯებს,ინფორმაცია საჯაროა, ხელმისაწვდომია და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, სჭირდებათ თუ არა იყვნენ წევრები ერთ-ერთი წარმომადგენლობითი, სამოქალაქო საზოგადეოებრივი ინსტიტუტისა, რათა იყოს მათი უფლებები დაცული, შრომითი პირობები გაუმჯობესებული და ღირსეული, ხოლო კარიერული, პროფესიული წინსვლა გაუმჯობესებული.

პოტენციურო წევრებო, ვიყოთ სოლიდარულები , ერთად გავუმკლავდეთ ნებისმიერი ტიპის გამოწვევას, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

და ბოლოს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გეტვით, რომ თქვენ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ამ საოცარი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდის გაცნობისა და მათთან თანამშრომლობის სიამოვნება, გუნდისა, სადაც ადამიანური ღირებულებებია ამოსავალი, სადაც თქვენზე ზრუნავენ და ედარდებით...

და ბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

ამ კითხვაზე რატომღაც უცებ ამომიტივტივდა გურამ დოჩანაშვილის სიტყვები: “დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ… მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები “შეყინულღიმილიანდა”, გაიცრიცა, სიყალბე შეერია…

თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?! ადამიანის უნდა მეშინოდეს?! არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?! არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ?! არ შეიძლება?!..

შესაბამისად ასე დავმათავრებდი სათქმელს: მინდა რომ ვაკეთო სიკეთე და ვაბედნიერო ადამიანები, არ ვიცი რამდენად გამომივივა,მაგრამ ეს ნამდვილად მინდა...

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/dV1sB2278ASoR/?fbclid=IwAR2pUVc3asD3k0bGzBmouvEAdkKiqkpAiQ41ILQrmQgepJUnqtoFBpwv8vA

 მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა