32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ იწყებს ახალ ელექტრონულ რუბრიკას :“ პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, რომელსაც ინტერვიუს ფორმატი აქვს და მისი მიზანია სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების უფრო მეტად წარმოჩენა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და პროფლიდერთა დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.დღევანდელი რუბრიკის პირველი რესპონდენტია სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქურიძე.

დოსიე : დავიბადე 1956 წლის 10 ივნისს, ქალაქ ლანჩხუთში. დავამთავრე ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლა,შემდეგ კი შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას, ამჟამად ვმუშაობ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1986 წლიდან არჩეული ვარ და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე.მყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.

რა არის თქვენთვის წარმატება?

- ჩემთვის წარმატება, სიხარული და ბედნიერებაა, როდესაც მიზანს ვაღწევ სამსახურეობრივ და პირად საქმიანობაში. მიზანი აძლევს ადამიანს უდიდეს ძალას.

რა გაძლევთ მოტივაციას?

- მოტივაციას მაძლევს, როცა ამა თუ იმ საკითხზე მოსული ადამიანი კმაყოფილი მიდის ჩემგან, როდესაც შემიძლია მათი პრობლემების მოგვარება და სიხარულს ვანიჭებ მათ.

ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც დაძლიეთ.

- ყოველი გამოწვევა, მიმაჩნია რომ ღირსებით მივიღე და ახლობლების მხარდაჭერით ყველა პრობლემა უკან მოვიტოვე. ხშირად ძიება უფრო მშვენიერია , ვიდრე პოვნა.

თქვენი მთავარი მიღწევა?

- მთავარ მიღწევად მიაჩნია ის, რომ ფაქტობრივად დაშლილი ორგანიზაციის აღდგენა, შენარჩუნება მოვახერხე და დღეს ჩემი ორგანიზაცია ერთ-ერთი მოწინავეა პედაგოგთა გაწევრიანებისა და აქტიურობის მხრივ. იმაზე უფრო დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ქვეყნად, როცა ადამიანი სიყვარულისა და სიკეთის თავთავს იმკის.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

- ლიდერობა დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. ადამიანებს ერთმანეთის რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ ენდობოდნენ საქმეში, ბრძოლაში, სიყვარულსა თუ სწავლაში, ჭირსა თუ ლხინში.

ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა არასოდეს მიფიქრია ერთპიროვნულად, ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვათა აზრის გაზიარებაც.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

- ყოველი დღე იწყება საკუთარ თავთან ბრძოლითა და შრომით. ასევე სურვილით, ვიყო მნიშვნელოვანი ყველასთვის. ამ ყველაფერში ძალას მმატებს ოჯახის, მეგობრებისა და ჩემი წევრების მხარდაჭერა.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

- ნოდარ დუმბაძემ თქვა: „მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო სერვანტესი, შეიძლება იყოს შენი თანამედროვეც. მაგრამ, რაც მთავარია, მასში ესაა -- კეთილგანწყობა. ეს ის ადამიანია, რომლისაც გჯერა“.

მგონია, რომ რასაც შენი ცხოვრების უმეტეს მაწილს მიუძღვნი, რა ხელობაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანი იქნება თუ არა, შენთვის სანუკვარი ხდება და შესაძლოა ბოლოში გასული დაფიქრდე.

ვიყო მასწავლებელი, ჩემთვის ყველაფერია.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ?

რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

რადგან სპმთპ არის მათი შრომითი, სოციალურ- ეკონომიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დამცველი. რადგან მოხდეს მასწავლებელთა სათანადო დაფასება და მხარდაჭერა. ასევე, მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ: გახსოვდეთ! ცალკე ადამიანი სუსტია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთობა -- ძალაა.

და ბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა , რომ ყველა ბედნიერი იყოს ამქვეყნად.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა