32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

                                სტატია გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალ "www.etaloni.ge"-ზე,  2020 წლის 21 მაისს

ახალი კორონავირუსი არსად აპირებს წასვლას და ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“,- ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი და აქედან გამომდინარე, ჩნდება უამრავი კითხვა, რომელსაც, იმედია, პასუხები გაეცემა. უფრო კონკრეტულად კი საინტერესოა, რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს სექტემბრიდან იმისთვის, რომ მოსწავლე-მასწავლებელისა თუ სკოლის სხვა თანამშრომლების, თუნდაც მშობლების და მთლიანად საზოგადოების, უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული?!

შესაძლოა, ამ საკითხზე ახლა საუბარი ცოტა ნაადრევი ჩანდეს, მაგრამ მის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება და რაც მალე გაირკვევა დეტალები, მით საფუძვლიანად მოვემზადებით სხვადასხვა გამოწვევისთვის.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მაია კობახიძემ სწორედ „ეტალონთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მოიწევთ - სოციალური დისტანცირებით დაწყებული, მოსწავლეთა თერმოსკრინინგით დასრულებული; აღარაფერს ვამბობთ ჰიგიენის ნორმების დაცვასა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგზე.

ეს საკითხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმაც განავრცო და აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირება, სავარაუდოდ, დარჩება დღის წესრიგში; შესაბამისად, გამოდის, კლასში 25 მოსწავლე ვეღარ იჯდება. ხათუნა ზახაშვილმა ისიც განმარტა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - როგორ შეძლებენ სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეების დისტანცირებას? თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ კლასში, საშუალოდ, 20-ზე მეტი ბავშვია (მცირეკონტინგენტიან სკოლებს არ ვგულისხმობთ), ეს შეუძლებელი იქნება კლასის გაყოფის გარეშე, ასეთ დროს კი სკოლას არა მხოლოდ საკლასო ოთახების გამოთავისუფლება და პედაგოგების დამატება, არამედ ორ ცვლაზე გადაწყობაც მოუწევთ. ეს კი, ავტომატურად, პედაგოგების სკოლაში ყოფნის საათებსაც გაზრდის და კომუნალურ გადასახადსაც.

როგორ მოაგვარებენ სკოლები ამ საკითხებს,  მას შემდეგ გაირკვევა, რაც კონკრეტული რეკომენდაციები დეტალურად გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე, კიდევ ერთი საკითხი, ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვაა, რაც ზოგ სკოლაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლებში, სადაც სასწავლო დაწესებულებებს ნორმალურად წყალიც კი არ მიეწოდებათ.

მორიგი საკითხი მოსწავლეების თერმოსკრინინგია - საინტერესოა, ამ საქმისთვის სკოლებს კომპეტენტური კადრების დამატება დასჭირდებათ თუ სიცხე მანდატურებმა უნდა ზომონ? მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექთანი ყველა სკოლას არ ჰყავს.

ეს ის საკითხებია, რომლებიც ახლა იკვეთება და რომლის წინაშეც სექტემბრიდან სავარაუდოდ, ყველა სასწავლო დაწესებულება დადგება, ასე რომ ყველა კომპეტენტურ ინსტანციას სერიოზული სამუშაო ელის, რადგან საქმე მომავალი თაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. ამიტომაც ვსაუბრობთ ახლა და ვსვამთ კითხვებს, რისი უფლებაც უდავოდ გვაქვს.

იხ.ლინკი :https://www.etaloni.ge/geo/main/index/39264?fbclid=IwAR2Bei-TayEiC8eRIep0srDEQQ7V4ROOQ5kSJhNBObM12KnWopuXPaXxNh8